ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალია პირობას დებს, რომ კოლიზეუმის ვანდალ ტურისტს იპოვის და დასჯის


იტალიის ხელისუფლება ეძებს ტურისტს, რომელმაც კოლიზეუმის კედელზე გრაფიტი ამოტვიფრა. კულტურის მინისტრი ჯენარო სანჯულიანო მოუწოდებს, რომ ჯერ კიდევ დაუდგენელი პირი სამაგალითოდ დაისაჯოს.

სოციალურ მედიაში შაბათს გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ტურისტი, რომელიც ანტიკური რომის ქვის ამფითეატრის შიდა კედელზე, გასაღებით საკუთარ და მეგობარი ქალის სახელებს წერს. მან დატოვა წარწერა „ივან + ჰეილი 23“.

ვიდეოში ტურისტი იღიმება, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ვიდეოს ავტორი მას უცენზურო სიტყვებით საყვედურობს.

ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში სანჯულიანომ დაგმო „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილის“ დამახინჯება როგორც „ძალიან სერიოზული, უღირსი და არაცივილურობის ნიშანი.“

ANSA ახალი ამბების სააგენტოს თანახმად, კარაბინერი პოლიცია გამოძიებას აწარმოებს და ამის ჩამდენს სულ მცირე 15 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა და ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სააგენტო იუწყება, რომ მონუმენტი არაერთხელ იყო ვანდალიზმის სამიზნე. ბოლო წლებში ათობით სტუმარი ამხილეს წარწერების დატოვებაში ან ქვის ფრაგმენტების მოპარვის მცდელობაში.

XS
SM
MD
LG