აქციის მონაწილეებისგან ძეგლების დასაცავად ლონდონის მერიამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და ძეგლები რკინის კონსტრუქციაში მოაქცია. ამ დროისთვის ლონდონში რკინის კონსტრუქციით იცავენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისა და ომის მემორიალის ძეგლებს.
მეორე მსოფლიო ომის ორი ლიდერის ძეგლი რომელიც ლონდონში პარლამენტის წინ მდებარეობს აქციის მონაწილეთა ნაწილმა საღებავებით შეღებეს და დააზიანეს. ინციდენტი კვირას მოხდა.
რკინის კონსტრუქციებით ლონდონის მერია ცდილობს დაიცვას ისეთი შენობები და ძეგლები, რომელიც შესაძლოა აქციის მონაწილეების სამიზნე გახდეს, ძირითადად აქციის მონაწილეები ისეთ ისტორიული ფიგურების მიმართ არიან მტრულად განწყობილები, რომლებსაც წარსულში ადამიანების ჩაგვრაში და რასობრივ დისკრიმინაციაში მიუძღვით წვლილი.
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე პროცესებს პრემიერ მინისტრი და ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა. ჯონსონმა აქციის მონაწილეების ქმედებას სამარცხვინო და აბსურდული უწოდა.
განსაკუთრებით ჯონსონის აღშფოთება უინსტონ ჩერჩილის მიმართ აქციის მონაწილეების დამოკიდებულებამ გამოიწვია. ჯონსონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე მოსაზრება გაავრცელა. ის წერს, რომ "უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება პარლამენტის წინ მუდმივად გვახსენებს მის როლს, მის დიდ ღვაწლს ამ ქვეყნის გადარჩენაში და არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ მთელი ევროპის ხსნაში".
რამდენიმე დღის წინ აქციის მონაწილეებმა ლონდონში რობერტ მილერის ძეგლიც დააზიანეს. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მილერი მონებით მოვაჭრე იყო. მას შემდეგ, რაც ძეგლი წითელი საღებავებით შეღებეს, ლონდონის მერიამ მილერის ძეგლი ჩამოხსნა.
ანტირასისტული აქციის მონაწილეებმა ედვარდ კოლსტონის ქანდაკებაც დააზიანეს, რომელიც მე17 საუკუნეში მონებით ვაჭრობდა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში, მინიაპოლისში, პოლიციელის ქმედებას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა. ამერიკაში დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები მთელ მსოფლიოს მოედო.
აქციები დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში კანადაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმართება.
Facebook Forum