ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ თეთრ სახლთან ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოხსნა აღკვეთა


ორშაბათს, ვაშინგტონში პოლიციამ ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტების ჯგუფი, რომელიც თეთრ სახლთან მდებარე ლაფაეტის პარკში აღმართული, ენდრიუ ჯექსონის ძეგლის ჩამოხსნას ცდილობდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაგმო აქციის მონაწილეთა ეს ნაბიჯი და მას "სამარცხვინო ვანდალიზმი" უწოდა.

ენდრიუ ჯექსონი ამერიკის რიგით მე-7 პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას 1829-1837 წლებში მართავდა. ის შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლად ითვლება.

დემონსტრანტები ჯექსონს ადგილობრივი ინდიელი ამერიკელების წინააღმდეგ რასიზმში ადანაშაულებენ. მან 1830 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის საფუძველზეც, სამხრეთ შტატების ათასობით აბორიგენი მოსახლე საკუთარი საცხოვრებლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს და ქვეყნის დასავლეთში გადაასახლეს.

ისტორიაში ეს ფაქტი "ცრემლის ბილიკის" სახელით შევიდა, რადგან გზაში ბევრი ინდიელი დაიღუპა. ამას გარდა, ჯექსონი ტენესის პლანტაციების მონათმფლობელი იყო და როგორც ცნობილია, მონებს ძალიან მკაცრად ეპყრობოდა.

შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლების ტალღამ, ივნისში ბევრი ძეგლი იმსხვერპლა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ძეგლების ნაწილი ვანდალიზებულია, ზოგი კი საერთოდ ჩამოიღეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG