500–მდე კულტურულ ძეგლს ითვლის დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ–ნაკრძალი, რაც 2008 წლის ომის შედეგად ქართულმა მხარემ დაკარგა. და ეს მხოლოდ დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობაში. რა მდგომარეობაშია კულტურული ძეგლები იმ ტერიტორიაზე, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება, ამის შესახებ მხოლოდ სატელიტიდან გადაღებული ფოტოებით შეიძლება მსჯელობა. თუმცა სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით ზოგიერთ ძეგლზე ინფორმაციის მიღება მაინც შეიძლება. აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ძეგლის გადაღებვის შესახებ ინფორმაციის გამჟავნებისთანავე ქართულმა მხარემ ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენა.
სერგი კაპანაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს მათ შესთავაზეს იუნესკოს წარმომადგენლებისთვის ძეგლთან დაშვების შესაძლებლობა მიეცათ, რათა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ობიეტური და რეალური გახდეს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მორიგი შეხვედრის დროს ჟენევაში ისინი აფხაზური მხარისგან გარკვეულ პასუხს ელიან ამ თემის შესახებ.
ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მეუფე ისაია საუბრობს იმ ძეგლების შესახებ, რომელიც უშუალოდ 2008 წლის ომის დროს ჭურვების ჩამოგდების შედეგად დაზიანდა.
სოფელ ქურთაში, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებულ მხარეს მოყვა, 2005 წლიდან ფუნქციონირებდა დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ–ნაკრძალი. როგორც მისი ხელმძღვანელი ბადრი გასპაროვი ამბობს, მუზეუმის თანამშრომლების მიერ პერმანენტულად მიმდინარეობდა ჩრდილო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე კულტურული ძეგლების აღნუსხვა. იქვე შექმნილი იყო მდიდარი არქივი ფოტომასალებითურთ, რაც ომის შემდეგ დაიკარგა. ჩვენთან საუბრისას ბადრი გასპაროვი აღნიშნავს, რომ 500–მდე კულტურული ძეგლი ოკუპირებულ მხარეს აღმოჩნდა. ომის დროს კი დაიწვა სვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლასია, ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის გალავანი, ხეითის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და ივანე მაჩაბლის სახლ–მუზეუმი და ბევრი სხვა. რაა გადარჩენილი, ამის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია.