ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ძალებმა ღაზის მთავარი საავადმყოფო დატოვა


ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორია ღაზაში. 1 აპრილი, 2024 წ.
ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორია ღაზაში. 1 აპრილი, 2024 წ.

ორკვირიანი ოპერაციის შემდეგ, ისრაელის ჯარებმა ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო დატოვა. განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ადგილზე მისულ პალესტინელთა ცნობით, მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე, კომპლექსის ნანგრევებში მიმოფანტული ცხედრები დახვდათ.

ისრაელის არმიის განცხადებით, საავადმყოფოს რეიდის დროს, მის მიდამოებში მომხდარ შეტაკებებში, ასობით შეიარაღებული ადამიანი მოკლეს ან დააკავეს და მათ იარაღი, ასევე, დაზვერვის დოკუმენტები ჩამოართვეს. თუმცა, "ჰამასი" და საავადმყოფოს მედპერსონალი უარყოფენ, რომ მათთან პალესტინელი მებრძოლები იყვნენ განლაგებული.

ღაზის საგანგებო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა სიკვდილით დასაჯა ორი ადამიანი, რომელთა ცხედრები კომპლექსში ხელბორკილებით იპოვეს. პალესტინელებმა ბულდოზერები გამოიყენეს, რათა უზარმაზარი კომპლექსის ნანგრევებში დამარხული გვამები ამოეთხარათ.

ღაზის სექტორში "ჰამასთან" ომს, ისრაელი როგორც საჰაერო იერიშებით, ისე ქვეითი ჯარის მეშვეობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს. ისრაელში "ჰამასის" მოულოდნელი შეჭრის შედეგად, მისმა წევრებმა, 1 200 ადამიანი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაშია. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ომს "ჰამასის" სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშებს, ამ ექვსი თვის განმავალობაში, ღაზაში 32 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ღაზას, ჯანდაცვის სექტორის ჩათვლით, "ჰამასი" აკონტროლებს. შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ ქვეყანას, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG