გასულ ღამეს, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ათობით პალესტინელი დაიღუპა ღაზის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილებში. ისრაელი მორიგ ჯერზე დაესხა თავს ალ-შიფას საავამდყოფოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ასევე რაფას, ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქს, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი აფარებს თავს.
ჩრდილოეთში, სადაც ალ შიფას ირგვლივ კვირაზე მეტია ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, ჰასირას ოჯახის წევრებმა "როიტერს" განუცხადეს, რომ ათობით ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად.
"როიტერის" ჟურნალისტებმა ვერ შეაღწიეს ალ-შიფას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის ძალებმა 18 მარტს დაიკავეს.
ისრაელის თქმით, მოკლული და დაკავებულია "ჰამასის" ასობით მებრძოლი, რომლებიც საავადმყოფოს ბაზად იყენებდნენ. "ჰამასი" და საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი უარყოფენ მებრძოლების იქ ყოფნას და ამბობენ, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს.
სამხრეთში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაში, სადაც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს, ჯანდაცვის სააგენტოებმა განაცხადეს, რომ 18 ადამიანი, მათ შორის რვა ბავშვია მოკლული.
ისრაელი აცხადებს, რომ რაფაზე სახმელეთო შეტევას გეგმავს, სადაც მათი თქმით, "ჰამასის" მებრძოლების უმეტესობა აფარებს თავს. ისრაელის უახლოესი მოკავშირე შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება ამ ოპერაციას და ამბობს, რომ ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც რაფას თავს აფარებს.