ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ქალაქ ჯენინს ჯარებით და დრონებით შეუტია


ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქ. ჯენინში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 3 ივლისი, 2023 წ.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია ქ. ჯენინში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. 3 ივლისი, 2023 წ.

ასობით ჯარისკაცის მეშვეობით, ისრაელმა ძლიერი იერიში მიიტანა ქალაქ ჯენინზე, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. შედეგად, დაიღუპა, სულ ცოტა, 8 ადამიანი.

ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისრაელის ყველაზე სერიოზული შეტევაა, რომელიც 3 ივლისს, შუადღემდე გაგრძელდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე, ისრაელი ჯენინში რეიდებს ხშირად აწყობდა, მაგრამ ამ მასშტაბის იერიში ოკუპირებულ ქალაქს დიდი ხანია არ უნახავს. ისრაელმა შეტევისას ასევე გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები - სამხედრო დანიშნულების დრონები, რომლებიც ქალაქის დაბომბვას პალესტინელებთან შეტაკებების დასრულების შემდეგაც აგრძელებდა.

ადგილობრივი სამხედრო ფორმირება "ჯენინის ბრიგადები", რომელიც ქალაქის პალესტინელ დევნილთა ბანაკების მკვიდრებით არის დაკომპლექტებული, აცხადებს, რომ მათ ისრაელს წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთი დრონი ჩამოაგდეს კიდეც. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ სულ ცოტა, 6 დრონი დაინახეს, რომლებიც დევნილთა ბანაკების მახლობლად დაფრინავდა.

ჯენინის დევნილთა ბანაკებში ნახევარი კვადრატული კილომეტრის ფართობზე 14 000-მდე დევნილი ცხოვრობს. ის ახლა ძალადობის ესკალაციის ეპიცენტრშია, რაც შეერთებული შტატების და არაბული სამყაროს ქვეყნების შეშფოთებას იწვევს.

ისრაელი აცხადებს, რომ მათ დაარტყეს შენობას, საიდანაც "ჯენინის ბრიგადები" შეხვედრებს მართავდა. იერუსალიმი მომხდარს კონტრტერორისტულ სამხედრო ოპერაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. "ოპერაცია ერთ დღეში არ დასრულდება" - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტის წევრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG