ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზის სექტორში "ისლამური ჯიჰადის" 3 მეთაური და 10 სამოქალაქო პირი მოკლა


9 მაისს ისრაელმა მოულოდნელი საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე. დაბომბვის შედეგად, მოკლულია პალესტინური დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" 3 მეთაური და 10 სამოქალაქო პირი - აცხადებენ პალესტინელები. მომხდარმა ეგვიპტის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც რეგიონში მედიატორის როლს თამაშობს და ანკლავში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია.

მორიგი გამწვავების მოლოდინში, ისრაელმა გზები გადაკეტა, რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში ასევე ჩანს "რკინის გუმბათის" სახელით ცნობილი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაადგილება, რომელიც ისრაელს რაკეტების და ჭურვებისგან იცავს. დაჯგუფება "ჰამასის" შეკავების მიზნით, ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა თელ-ავივის რადიო-სადგურს 103 FM უთხრა, რომ შესაძლოა მიზანში "ჰამასის" ლიდერებიც ამოიღონ.

ბოლო ხანებში ისრაელის მიერ კონტროლირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სროლამ, ძალადობამ და თავდასხმის შემთხვევებმა იმატა. ამის მიზეზი "ისლამური ჯიჰადის" ლიდერის გარდაცვალება იყო, რომელმაც ისრაელის ტყვეობაში შიმშილი გამოაცხადა.

9 მაისის დაბომბვაში მოკლული დაჯგუფების მეთაურები არიან: ჯიჰად ღანამი, ხალილ ალბათინი და თარექ იზელდინი. ირანის მიერ დაფინანსებული დაჯგუფება დასავლეთს ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი. რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, მათ შორის 5 ქალი და 4 ბავშვია. აფეთქებები მჭიდროდ დასახლებულ უბანში მოხდა, სადაც სულ 365 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 2.3 მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG