მარტი ქალთა უფლებების თვეა. წელიწადში ერთხელ, მთელი მსოფლიოს ქალები ზეიმობენ თავიანთ უფლებებს და თავისუფლებებს. თუმცა, აქვთ თუ არა მათ საზეიმო, განსაკუთრებით ახლა, პანდემიის დროს, ჯერ კიდევ საკითხავია.
„ქალებში დაუსაქმებლობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, არამხოლოდ განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. [მამაკაცებთან შედარებით] არაპროპორციულად ბევრი ქალი ტოვებს სამსახურს შვილების მოსავლელად, რადგან სკოლები და ბაღები დაკეტილია და ოჯახის სხვა წევრებიც ვერ ეხმარებიან, ვინაიდან [კორონავირუსის გამო] ოჯახის წევრების შეკრება ვეღარ ხერხდება“,- ამბობს ჰილარი კლინტონი.
დარაბებს მიღმა გაზაფხული და 21-ე საუკუნეა, თუმცა ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ იბრძვიან იმისთვის, რომ მათი მამაკაცი კოლეგების მსგავსი ხელფასები ჰქონდეთ, იბრძვიან იმისთვის, რომ მათი სიტყვა სერიოზულად აღიქვან, იბრძიან სიტყვის, გამოხატვის, განათლების, არჩევანის, რაც მთავარია სიცოცხლის და კიდევ სხვა, უამრავი უფლებისთვის.
ქალთა უფლებების მხრივ, მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა. „პროგრესი იყო იმ მხრივ, რომ გოგონები [მთელი მსოფლიოს მასშტაბით] მიდიოდნენ სკოლებში, უნივერსიტეტებში; პროგრესი გვქონდა ქალთა ჯანმრთელობის დაცვის მხრივაც, შემცირდა მშობიარობის დროს გარდაცვალების მონაცემები; ვნახეთ ცვლილებები კანონებისა და კონსტიტუციების ცვლილების მხრივაც, როდესაც ისინი უფრო ინკლუზიურები გახდნენ ქალთა უფლებების მიმართ, ასე რომ ჩვენ წინ მივდიოდით... კოვიდმა უკან დაგვხია“,- ამბობს ჰილარი კლინტონი.
კლინტონი, თავად ითვლება, ბევრი ქალისთვის როლურ მოდელად და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ერთ-ერთ აქტივისტად. ის ამერიკის ერთადერთი პირველი ლედია, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატიც გახდა და ამერიკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ერთ-ერთმა ძირითადმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა. კლინტონი ასევე, ამერიკაში 3 ქალი სახელმწიფო მდივნიდან ერთ-ერთია. თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ის ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა და დღემდე მუშაობს იმისთვის, რომ ქალების ხმა ისმოდეს მაშინ, როდესაც დღის წესრიგში ეროვნული უსაფრთხოების, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, თუ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხი დგება.
პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობა, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 300%-ით გაიზარდა; არგენტინაში 25%-ით; 30%-ით კვიპროსზე, 33%-ით სინგაპურში და 50%-ით ბრაზილიაში.
კლინტონი ამბობს, რომ ახლა, პანდემიის გამო, ქალების მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიამ, ეკონომიკურად, ქალები უფრო დააზარალა, ვიდრე კაცები. რამდენიმე მიზეზს შორის, ორგანიზაცია ასახელებს იმას, რომ ქალები უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. ასევე, ქალებს ნაკლები დანაზოგი აქვთ, ვიდრე კაცებს, ნაკლები წვდომა სოციალურ სერვისებთან და მარტოხელა მშობლების უმეტესობასაც ქალები შეადგნენ.
ამავე ორგანიზაციის გათვლებით, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, 2030 წელს სიღარიბეში გაცილებით მეტი ქალი იცხოვრებს, ვიდრე კაცი. მონაცემები ასე გამოიყურება: კორონავირუსის პანდემიამდე სიღარიბეში 195 მილიონი კაცი და 206 მილიონი ქალი ცხოვრობდა. მიახლოებითი გათვლების მიხედვით, იგივე მონაცემები 2030 წლისთვის ისე შეიცვლება, რომ სიღარიბეში 221 მილიონი კაცი და 232 მილიონი ქალი იცხოვრებს.
„ქალებში დაუსაქმებლობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, არამხოლოდ განვითარებულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. [მამაკაცებთან შედარებით] არაპროპორციულად ბევრი ქალი ტოვებს სამსახურს შვილების მოსავლელად, რადგან სკოლები და ბაღები დაკეტილია და ოჯახის სხვა წევრებიც ვერ ეხმარებიან, ვინაიდან [კორონავირუსის გამო] ოჯახის წევრების შეკრება ვეღარ ხერხდება“,- ამბობს ჰილარი კლინტონი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი და საპრეზიდენტო კანდიდატი ხაზს უსვამს, ოჯახში ძალადობის გახშირებული შემთხვევებია. მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის შემდეგ, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მოიმატა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „გადაუდებელი მედიცინის ამერიკული ჟურნალის“ ერთობლივი კვლევის მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობა, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 300%-ით გაიზარდა; არგენტინაში 25%-ით; 30%-ით კვიპროსზე, 33%-ით სინგაპურში და 50%-ით ბრაზილიაში.
ქალთა უფლებების დამცველი და ორგანიზაცია „ქალთა გაძლიერებისა და განათლების“ პროექტ-მენეჯერი, ჯეკი სალივანი ამბობს, რომ „კოვიდი არ ხდის ადამიანს მოძალადედ... მაგრამ კოვიდი ამძაფრებს მას. ის აძლევს [მოძალადეებს] მეტ შანსს კონტროლისათვის. მოძალადე ამბობს;“გარეთ ვერ გახვალ, არსად წახვალ“ და მთავრობაც ამბობს, რომ „სახლში უნდა დარჩე“,- ყვება სალივანი.
„[პანდემიის დროს], ვნახეთ, რომ ოჯახში ძალადობა გოგონებისა და ქალების წინააღმდეგ და ნაადრევი ქორწინებების რიცხვი გაიზარდა. ასე რომ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ ამ პანდემიას, რომ გავუმკლავდეთ იმ არაპროროციულ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენებს, რაც [პანდემიას] ქალებსა და გოგონებზე ჰქონდა. [ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის] თუ გვინდა, რომ დავბრუნდეთ გენდერული თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე, რაც ისევ და ყოველთვის უნდა იყოს მიზანი ქალთა საერთაშორისო დღეს“,- ამბობს ჰილარი კლინტონი.
ქალთა უფლებების დღეს, ჰილარი კლინტონმა, როგორც პოლიტიკოსმა და ქალთა უფლებების დამცველმა, რა თქმა უნდა, ქალების პოლიტიკაში მეტი ჩართულობის შესახებაც ისაუბრა. ჰილარი კლინტონი, პირველი ლედობის დროს, ძალიან აქტიურად იყო ჩართული რუთ ბეიდერ გინსბურგის უზენაესი მოსამართლის კანდიდატად წარდგენის საქმეში. ის იზიარებდა მოსამართლის ძირითად შეხედულებებს და დღესაც, გინსბურგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვების მომხრეა: „ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვტილებები მიიღება“.
გინსბურგის მსგავსად, ჰილარი კლინტონიც თვლის, რომ პოლიტიკაში, პარტიების საქმიანობაში, მეტი ქალის ჩართვაა საჭირო. „თუ განზახ არ ვიმოქმედებთ ასე, ეს თავისით არ მოხდება“,- ამბობს კლინტონი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს მეტი ქალი წარადგინონ მაღალ თანამდებობებსა და პოზიციებზე.
თავად რამდენიმე მაღალ პოსტზე ნამყოფსა და ამერიკაში ყველაზე მაღალი თანამდებობისთვის ბრძოლაგამოვლივს, კარგად ესმის, რამდენად რთული, დაუნდობელი და სასტიკი შეიძლება პოლიტიკური სამყარო იყოს ქალებისთვის, თუმცა, კლინტონს, ასევე სჯერა, რომ ქალების ჩართულობით ქვეყნები შეძლებენ, რომ ჰქონდეთ უკეთესი ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, შეძლებენ მიაღწიონ უკეთეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მართონ ქვეყნები უკეთ.
„წინ ჯერ კიდევ უამრავი რამაა გასაკეთებელი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა მოახდენს ქალების უფლებების, მათი საჭირობების, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას თავიანთ პოლიტიკაში“,- ამბობს კლინტონი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში: მხოლოდ 22 ქვეყნის ლიდერია ქალი. 119 ქვეყანას კი არასდროს ჰყოლია ქალი ხელმძღვანელი. „ამ მონაცემებით უმაღლეს პოზიციებზე გენდერული თანასწორობა კიდევ 130 წლის განმავლობაში ვერ მიიღწევა“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.
იქნება ეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები, განათლება, უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო, ქალები საკუთარი და ქალების მომავალი თაობების უფლებებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ქალები ახლაც იბრძვიან ზუსტად ისე, როგორც 100 წლის წინ სუფრაჟისტები ჩვენი, თანამედროვე ქალების ხმის მიცემის უფლებებისთვის იბრძოდნენ. არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს ბრძოლა, მანამდე კი ყოველი წლის მარტს, ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი უკვე მოპოვებული უფლებებისა და თავისუფლებების ზეიმს და მომავალი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
Facebook Forum