პარლამენტთაშორისი კავშირის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებში საკანონმდებლო ორგანოებში ქალთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს პროგრესი მცირეა და მამაკაცების დომინანტობას ამ სფეროში ჯერჯერობით მნიშვნელოვნად ვერ ცვლის.
კავშირის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს პარლამენტართა დაახლოებით ერთი მეოთხედი ქალია. თუმცა ამავე გაანგარიშებით, ახლანდელი პროგრესის ტემპით თუ გაგრძელდა, გენდერული თანასწორობის მიღწევას კიდევ 50 წელი დასჭირდება.
პარლამენტთაშორისი კავშირი აცხადებს, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესში დიდი წვლილი გენდერული კვოტების არსებობას მიუძღვის. 2020 წელს რუანდაში, კუბასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პარლამენტართა ნახევარი ან მეტიც კი ქალი იყო. თუმცა საშუალოდ, იმ ქვეყნებში, სადაც გენდერული კვოტები მოქმედებს, დაახლოებით 12 %-ით მეტ ქალს ირჩევენ საკანონმდებლო ორგანოების ქვედა პალატებში, ზედა პალატებში კი - 7.4 %-ით მეტს.
პარლამენტთაშორისი კავშირის გენერალური მდივანი მარტინ ჩანგონი ამბობს, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომები მათ პარლამენტის წევრად არჩევაში ხშირად ხელს უშლის. ზოგ შემთხვევაში მათ ამის საშუალებას ქვეყნების კანონმდებლობაც არ აძლევს.
"ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გავამახვილეთ ყურადღება, და ახლა ნამდვილად არის ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ქალები თავს იკავებენ პოლიტიკის სფეროში შესვლისგან, შევიწროვების, სექსიზმისა და ძალადობის მიზეზით, ჩვენ კი სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ", - ამბობს ჩანგონი.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, პროგრესი ამ მიმართულებით მსოფლიოს ყველა რეგიონში შეიმჩნევა. ამერიკა (სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკა) ამ მხრივ ლიდერთა შორისაა და საკანონმდებლო ორგანოების 32.4 % ქალია. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ამერიკის კონგრესში ისტორიაში ყველაზე მეტი ქალი სწორედ ახლაა - წევრთა 27 % პროცენტი.
Facebook Forum