ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, ბევრ სტერეოტიპს არღვევეს, რომელიც აქამდე ამ პოზიციაზე მყოფებისთვის არსებობდა. ის პირველი პირველი ლედია, რომელმაც ანაზღაურებადი სამსახური თეთრი სახლის კედლებს მიღმა შეინარჩუნა. ჯილ ბაიდენი არ აპირებს, რომ მასწავლებლის პროფესიას თავი დაანებოს და თავის სტუდენტებთან მუშაობას აგრძელებს.
„ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ის ისეთი პროფესიის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანებს ეხმარება და არ არის აღქმული, როგორც სადავო პროფესია, დაეხმარება მას იმაში, რომ მეტად მიიღოს ამერიკელმა ხალხმა მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება“, ამბობს ქეითლინ ჯელისონი, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ამერიკის პირველი ლედის როლი სამსახური არ არის. თავიანთი საქმიანობისთვის ისინი ანაზღაურებას არ იღებენ. მართალია, არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მოთხოვნები იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პირველი ლედი, მაგრამ ამერიკელებს ყოველთვის აქვთ მოლოდინი, რომ პირველი ლედი თბილი, დედობრივი ინსტიქტებით აღჭურვილი ადამიანი იქნება.
„ამერიკელები პრეზიდენტს, როგორც მამას, ოჯახის წევრს უყურებენ. ამიტომაც პირველი ლედი დედობრივი ფიგურა, ისეთი დედა უნდა იყოს, როგორიც ჩვენი ერის ქალები არიან“, ამბობს საპრეზიდენტო ისტორიკოსი ბარბარა პერი. „თუკი ისინი შედარებით ახალგაზრდები არიან, როგორც, მაგალითად ჟაკლინ კენედი, რომელიც 31 წლის ასაკში გახდა პირველი ლედი, მაშინ მათ როგორც უფროს დებს, ან გლამურულ დეიდებს, ისე უყურებენ“.
სტანდარტის შექმნა
ელეონორ რუზველტი პირველ ლედობასთან ერთად, ადამიანის უფლებების აქტივისტი იყო. მისი ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვები და ქმედებების ბევრს არ მოსწონდა.
„ის თავის მეუღლეზე უფრო ლიბერალი იყო და მუდმივად იბრძოდა სამოქალაქო უფლებებისთვის, ქალების უფლებებისთვის, შრომითი უფლებებისთვის“,- ამბობს პერი.
მართალია, ელეონ რუზველტს ბევრი აკრიტიკებდა თავისი აქტიური სოციალური საქმიანობის გამო, მაგრამ მან ნამდვილად დაამკვიდრა მომავალი პირველი ლედის გარკვეული სტანდარტი.
პირველი ლედის როლი
როდესაც ჟაკლინ კენედი, 1961 წელს თეთრ სახლში გადავიდა საცხოვრებლად, გაოგნებული იყო რამდენად ცოტა ისტორიული ნივთი დახვდა თეთრ სახლში გამოფენილი. მისი აზრით, იქ ქვეყნის სახელოვნებო ისტორია ფართოდ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ამიტომაც თეთრი სახლის აღდგენის პროექტი წამოიწყო.
მას შემდეგ, თეთრი სახლის ყოველ პირველ ქალბატონს სხვადასხვა პროექტი აქვს, რომელზეც მუშაობს ხოლმე.
მაგალითად, კლაუდია ("ლედი ბერდ") ჯონსონი გარემოს დამცველი იყო და ველური ყვავილებისა და სხვა მცენარეების დაცვაზე ზრუნავდა. ნენსი რეიგანმა ბავშვებისთვის „უბრალოდ უთხარი არა ნარკოტიკებს“ კამპანია წამოიწყო. ბარბარა ბუში ბავშებსა და უფროსებში წიგნიერების დონის გაზრდაზე მუშაობდა. მიშელ ობამა კი ჯანსაღ კვებას აქცევდა ყურადღებას და თეთრ სახლში, ბავშვებთან ერთად, ბოსტანიც გააშენა.
„ამერიკელი პირველი ქალბატონების მხრიდან ისეთი თემებზე მუშაობა, რომელიც ქალებთანაა დაკავშირებული, მაგალითად: ბავშვები, ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ისტორიის დაცვა, ამერიკელებისთვის მისაღებია“, ამბობს პერი. თუმცა მისივე თქმით, თუ პირველი ლედი ასეთი მისაღები თემებიდან გადაუხვევს და სხვა მხრივ ერევა ქვეყნის მართვისა თუ მასთან დაკავშირებულ თემებში, მაშინ ეს საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს.
1993 წელს, ბილ კლინტონმა ჰილარი კლინტონი ეროვნული ჯანდაცვის დაზღვევის რეფორმაზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელად დანიშნა. მაშინ ეს წარმოუდგენელი როლი იყო პირველი ლედისთვის. თუმცა, ამან საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გეგმამ კი კონგრესამდეც ვერ მიაღწია.
კულისები
მაშინ, როდესაც პირველი ლედი, ძალიან ხშირად ნაზ, დედობრივ ფიგურადაა წარმოდგენილი, ისტორია აჩვენებს, რომ ამ ქალებს შეუძლიათ, რომ კულისებში ძალიან მნიშვნელოვანი როლი და გავლენები ჰქონდეთ.
„მელანია ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი გაათავისუფლებინა, რადგან მას არ მოეწონა როგორ ექცეოდა მრჩეველი მის თანამშრომლებს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს“, ამბობს ისტორიკოსი კეით ადრესონ ბროუერი, წიგნის, „პირველი ქალები“, ავტორი.
ჰილარი კლინტონი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბილ კლინტონმა, უზენაესი მოსამართლის კანდიდატურად რუთ ბეიდერ გინსბურგი წარადაგინა, ამბობს ბროუერი. „მან [ჰილარი კლინტონმა] უთხრა თავის ქმარს, რომ ფიქრობდა, ის [რუთ ბეიდერ გინსბურგი] არაჩვეულებრივი კანდიდატი იქნებოდა უზენაესი მოსამართლეობისთვის“,- ყვება ისტორიკოსი.
ესაა იმის მაგალითი, როგორ შეიძლება, რომ რბილ ძალას, მეუღლეებს შორის საუბარს უდიდესი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაზე.
„ეს ქალები ძალიან ძლიერები არიან. ვფიქრობ, მათ მუდმივად არ აფასებენ და ვფირობ, რომ ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ქალები, ზოგადად, ჩვენ საზოგადოებაში ხშირად არ არიან დაფასებულები“, ამბობს ბრაუერი.
Facebook Forum