ამერიკის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები, რომლებიც პროცესს წარმართავენ, ე.წ. "იმპიჩმენტის მენეჯერები" პროკურორების როლში არიან და ისინი ცდილობენ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის ბრალეულობა დაამტკიცონ.
ოთხშაბათს ისინი საკუთარ არგუმენტებს ოფიციალურად წარმოადგენენ და ეცდებიან დაარწმუნონ სენატორები, რომლებიც მსაჯულების როლს ასრულებენ, რომ დონალდ ტრამპი 6 იანვარს დემონსტრანტების მიერ კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში დამნაშავეა.
ორი დღის განმავლობაში ორივე მხარეს - ბრალდებასაც და დაცვასაც - დაახლოებით 16-16 საათი ექნება იმისთვის, რომ საქმე წარმოადგინონ. ამის შემდეგ, სენატორებს სულ 4 საათი ექნებათ კითხვების დასასმელად.
სამშაბათს პირველი კენჭისყრა სენატში უკვე გაიმართა. სენატორებმა 56 ხმით 44 ხმის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ე.წ. სასამართლო პროცესის გამართვას. ამ კენჭისყრის შემდეგ, თითქმის 4 საათის განმავლობაში სენატორები ერთმანეთს თავად იმპიჩმენტის პროცედურის კონსტიტუციურობის შესახებ დაუპირისპირდნენ. დემოკრატი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს. რესპუბლიკელთა უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ თავად იმპიჩმენტის პროცესი მაშინ, როდესაც ტრამპი პრეზიდენტის პოსტს უკვე აღარ იკავებს და მისი გადაყენება შეუძლებელია, არაკონსტიტუციურია.
დემოკრატი კონგრესმენი და იმპიჩმენტის ერთ-ერთი წამყვანი მენეჯერი ჯემი რასკინი, ამბობს, რომ თუკი სასამართლო არ გაიმართება, ეს "სახიფათო" პრეცედენტს შექმნის იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტები მათი ვადის ბოლო პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებელნი არ გახდებიან.
"ეს იქნება ერთგვარი მოწვევა პრეზიდენტისთვის, რაც უნდა, ის გააკეთოს მაშინ, როდესაც პოსტს მალე დატოვებს", - ამბობს რასკინი.
დემოკრატებმა სენატს სამშაბათს 6 იანვრის მოვლენების დრამატული კადრები წარუდგინეს. დემონსტრანტები, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ, კაპიტოლიუმს თავს არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისას დაესხნენ და სცადეს ხელი შეეშალათ კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებისთვის. დონალდ ტრამპი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა. 6 იანვარსაც მან დემონსტრანტებს უთხრა: "თუკი არ იბრძოლებთ, ქვეყანა აღარასდროს გექნებათ".
კონგრესმენმა რასკინმა გაიხსენა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი, მისი ქალიშვილი და სიძე იძულებულნი იყვნენ კონგრესმენ სტენი ჰოიერის ოფისში ჩაკეტილიყვნენ, მაგიდის ქვეშ დამალულიყვნენ და ახლობლებისთვის გამოსამშვიდობებლად დაერეკათ. "ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი მესიჯები იყო, რეკავდნენ და ჩურჩულით ემშვიდობებოდნენ ახლობლებს, ეგონათ, რომ მალე მოკვდებოდნენ", - თქვა რასკინმა.
დონალდ ტრამპის ადვოკატი ბრიუს კასტორ ჯუნიორი ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ სასამართლოს გამართვის გარეშე ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა შეუძლებელია. "იანვრის გამონაკლისზე საუბარი ნონსენსია", - ამბობს ის და განმარტავს, რომ თუკი დონალდ ტრამპმა დანაშაული ჩაიდინა, შეუძლიათ ის დააპატიმრონ, როგორც კერძო პირი, რომელსაც იმუნიტეტი აღარ იცავს.
კასტორმა კონსტიტუციის ის ნაწილები დაასახელა, სადაც ნათქვამია, რომ იმპიჩმენტის შედეგები ვერ იქნება თანამდებობიდან გადაყენებაზე მეტი, რაც დონალდ ტრამპის შემთხვევაში უკვე შეუძლებელია. "კონსტიტუციის მიზანი უკვე მიღწეულია. ის ამომრჩევლებმა გადააყენეს", - ამბობს ადვოკატი.
ტრამპის მეორე იურისტი, დევიდ შოენი დემოკრატებს იმპიჩმენტის პროცესის პოლიტიზებაში და პარტიულ ინტერესებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამ საქმეს ისინი "ამერიკული პოლიტიკის არენიდან დონალდ ტრამპის განდევნისთვის" იყენებენ.
სასამართლოს ჩატარებას სენატში 5-მა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მისცა ხმა. თუმცა, იმპიჩმენტის დასამტკიცებლად, სულ 17 რესპუბლიკელის თანხმობა იქნება საჭირო. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება განხილული იყოს, და რომლისთვისაც სენატის უბრალო უმრავლესობაა საჭირო, დონალდ ტრამპის მიერ მომავალში ფედერალური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობაა.
Facebook Forum