საქართველოს პრეზიდენტი გმობს საქართველოში ქალზე ძალადობას. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, წინ უსწრებდა ქალის - თათია სამხარაძის თხოვნა მის მიმართ, გამოხმაურებოდა მასზე ზეწოლას.
"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობის და ამის გამართლება. გაუმართლებელს ამართლებენ, თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებსაც, რომელთაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად, ისე მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება.
ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია", - თქვა პრეზიდენტმა.
მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლებაც:
"იმ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა თავს აწონებს 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე გამეორებით ძალადობს. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ".
ბოლო რამდენიმე დღეა ჟურნალისტი თათია სამხარაძე ამბობს, რომ მას ტელეკომპანია POS TV-ის თანამშრომლები ავიწროებენ. ეს არის არხი, რომლის ხელმძღვანელია შალვა რამიშვილი - კაცი, რომელსაც სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა და ორი ინსტანციის სასამართლო მოუგო 2018 წელს.
უფრო ადრე, გასულ კვირაში "ტაბულას" ყოფილმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილი 7-8 წლის წინ, მისდამი განხორცილეებულ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამას მოჰყვა სხვა ქალების მხრიდან მსგავსი ბრალდებების გაჟღერება. სამხარაძე მათ მხარდაჭერას უცხადებდა.
Facebook Forum