ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია - გაერო


ინსტალაცია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ტირანაში, ალბანეთი. 2021 წლის 8 მარტი.
ინსტალაცია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ტირანაში, ალბანეთი. 2021 წლის 8 მარტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უპრეცედენტო მასშტაბის ანგარიში წარმოადგინა. 9 მარტს გამოქვეყნებული კვლევა, ქალების წინააღმდეგ ძალადობის პრევალენტურობას, გლობალურად 8 წლის მანძილზე აჯამებს. არნახული მასშტაბის კვლევა მოიცავს 2000-დან 2018 წელს და 158 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ანგარიში შემაშფოთებელ სურათს აჩვენებს. როგორც ირკვევა, გლობალურად ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, სულ ცოტა, სამიდან ერთი ქალია, ვინც ძალადობა ცხოვრებაში პარტნიორისგან ან მეუღლისგან ერთხელ მაინც გამოსცადა. მათი რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 736 მილიონია.

მსგავსი კვლევა, ოღონდ შედარებით მცირე მოცულობის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2013 წელსაც გამოაქვეყნა. ძალადობის მასშტაბები მაშინდელთან შედარებით და ზოგადად, ბოლო 10 წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ანგარიშის მიხედვით, ახალგაზრდა ქალებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ. ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა ადრეულ ასაკში იწყება, 15 წლიდან. 15-დან 24 წლამდე ჯგუფში მყოფი ქალები ამბობენ, რომ მათ ძალადობა თინეიჯერობის პერიოდში გამოსცადეს, ვიდრე 19 წელს მიაღწევდნენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ძალადობის თუნდაც ერთი ფაქტი ყოველ მეოთხე ქალს აქვს გამოცდილი. თუმცა, ისიც აშკარად იკვეთება, რომ ძალადობა კიდევ უფრო მცირეწლოვან ასაკშიც ხდება, რის აღრიცხვასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

„ქალების წინააღმდეგ ძალადობა მხოლოდ დანაშაული არ არის, მას გრძელვადიანი შედეგები აქვს ქალის ფიზიკურ, მენტალურ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ტრავმები, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებები - მათ შორის შიდსი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ჯანმრთელობის იმ პრობლემების, რომლებთანაც უწევთ ცხოვრება ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ზიანი თითოეულ ინდივიდზე მძიმედ აისახება, მაგრამ უარყოფითი გავლენა გაცილებით შორსმიმავალია და არღვევს როგორც ოჯახის ქსოვილს, ისე - საზოგადოების, ეკონომიკის და მთელი ქვეყნის. ჩვენ ყველა წაგებული ვრჩებით“ - ნათქვამია ანგარიშის ავტორთა პრეზენტაციაში, რომელიც 9 მარტს, კვლევის წარდგენას უძღოდა წინ.

ნაშრომში საქართველოს მონაცემებიც არის შეჯამებული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი აქვს. 15-დან 49 წლამდე ასაკის ქალებში, მათი რიცხვი, ვინც ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცადა, 10 პროცენტს არ აღემატება. შედარებისთვის, ასეთივე მონაცემი აქვს სომხეთს. ხორვატიაში და პოლონეთში მათი რაოდენობა 13%-ია, აზერბაიჯანში -14%.

ძალადობა განსაკუთრებით მაღალია დაბალშემოსავლიან სახელმწიფოებში. ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ქალების 37 პროცენტი. ზოგიერთ ქვეყანაში პრევალენტობა განსაკუთრებით მაღალია და იქ ყოველი მეორე ქალი ამბობს, რომ მამაკაცისგან ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია.

ქალების წინააღმდეგ ძალადობა განსაკუთრებით მაღალია წყნარი ოკეანის კუნძულების რეგიონში, რომელიც ოკეანიის სახელით არის ცნობილი, ასევე - სამხრეთ აზიაში და სუბ-საჰარული აფრიკის რეგიონის ქვეყნებში (33% - 51%). ყველაზე დაბალი მონაცემებია ევროპაში (>23%) და ცენტრალურ აზიაში (18%).

ანგარიშს გარკვეული ლიმიტებიც აქვს. გლობალურად, ქალების 6% ამბობს, რომ მათზე სექსუალურად არა ქმარმა, არამედ სხვა მამაკაცმა იძალადა. თუმცა, გავრცელებული სტიგმების გამო, ასეთი დანაშაული, როგორც წესი, ნაკლებად აღირიცხება და სტატისტიკის მიღმა რჩება.

ამას გარდა, ანგარიში არასრულფასოვნად ასახავს დღევანდელ რეალობას. მასში არ არის ნაჩვენები სიტუაცია კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე. ქვეყნების შიგნით ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევები კი პანდემიის დროს ძალადობის მზარდ მაჩვენებლებს ადასტურებს. „ყველა ქვეყნის მთავრობამ უნდა გადადგას ძლიერი, პროაქტიური ნაბიჯები, რომ ქალებზე ძალადობის პრობლემას მიხედონ“ - აცხადებს პუმზილე მლამბო-ნგკუკა. ის გაეროს ქალთა პროგრამის აღმასრულებელი დირექტორია.

ძალადობა ქალების წინააღმდეგ ყველა ქვეყნის და კულტურისთვის ენდემურია, ის აზიანებს მილიონობით ქალს თუ ოჯახს და განსაკუთრებით გამწვავებულია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, აღნიშნავს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი, ჯანმოს გენერალური დირექტორი. „თუმცა, კოვიდ-19-ისგან განსხვავებით, ძალადობის შეჩერება ვაქცინით შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ამ პრობლემას ძირფესვიანად, მდგრადი მეთოდებით ვებძოლოთ. ვებრძოლოთ მთავრობებით, საზოგადოებებით და ინდივიდუალურ დონეზე, შევცვალოთ საზიანო ქცევა, გავაუმჯობესოთ ხელმისაწვდომობა ქალების და გოგონების მომსახურებაზე და ხელი შევუწყოთ ორმხრივ, პატივისცემით სავსე ურთიერთობებს“ - ამბობს გაეროს გენერალური მდივანი.

ანგარიშის ავტორებიც აღნიშნავენ, რომ პრობლემა ახალი არ არის, ის საკმაოდ ძველია, მაგრამ ასევე არსებობს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის აპრობირებული მეთოდები, რომელიც წარმატებით მუშაობს. ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი კანონმდებლობითაა შესაძლებელი. ასევე აუცილებელია ეკონომიკური ბერკეტების ამუშავება და ქალთა ეკონომიკური უფლებების განმტკიცება, მათი ხელფასების გათანაბრება კაცის ხელფასთან. უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო მუშაობა, მედიის ჩართულობა სტერეოტიპების დაძლევაში და ჯანსაღი ურთიერთობების რეკლამირება.

„თუმცა ყველაზე ძლიერი ბერკეტი ჩვენ თვითონ ვართ. ყველას შეგვიძლია ცვლილება, ქალსაც და კაცსაც“ - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები. "ჩვენ შეგვიძლია ხმა ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ ძალადობა ქალების წინააღმდეგ ყოველთვის მიუღებელია. ჩვენ ყველამ უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ ძალადობა ქალებზე არასდროს არ არის მისაღები. ჩვენ შეგვიძლია პატივისცემით და ღირსებით მოვექცეთ ქალებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში არიან და როგორ მოპყრობასაც ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს“- აცხადებენ ნაშრომის ავტორები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG