ხშირად ამბობენ, რომ სიცილი საუკეთესო წამალია. რა თქმა უნდა, ეს ხალხური ფოლკლორიდანაა, მაგრამ მთელი რიგი კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ სიცილს ადამიანის ორგანიზმზე დადებითი გავლენა აქვს. ის ამცირებს სტრესის ჰორმონებს, აუმჯობესებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ინფექციებთან მებრძოლი ანტისხეულების გამრავლებას, ასევე ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას, რაც სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ტკივილთან გამკლავებაშიც გვეხმარება.
მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ იუმორის გრძნობა და სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ალბათ კვლევებით დადასტურება არც სჭირდება და წესით, იოლი მისახვედრი უნდა იყოს, რომ კარგი იუმორის გრძნობა ადამიანს მეგობრებთან, ოჯახთან ურთიერთობაში და სამსახურებრივ კარიერაში, თუ საერთოდ, ნებისმიერ საქმიანობაში დაეხმარება.
თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის, უფრო სწორად - ყველასთვის ასე არ ყოფილა. აქამდე გამოქვეყნებული კვლევებით არაერთხელ დაადასტურეს, რომ იუმორის გრძნობა ადამიანს წარმატებულ კარიერაში ეხმარება, მაგრამ წინა ნაშრომებში მეცნიერებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამორჩათ: მათ აქამდე არ შეუმოწმებიათ, ერთნაირად ეხმარება თუ არა სამსახურში იუმორი კაცს და ქალს.
სულ ახლახან გამოსული კვლევა, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში, აპრილის დასაწყისში დაგეგმილ კონფერენციაზე მოხდება, ამტკიცებს, რომ იუმორი კაცებს მართლაც ხელს უწყობს კარიერულ წინსვლაში, მაგრამ არა ქალებს. ქალებს თურმე კარგი იუმორის გრძნობა არათუ არ ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის კიდეც.
როგორც ირკვევა, საქმეში აქ გენდერული სტერეოტიპები ერთვება, რომლის მიხედვითაც, კაცი უფრო ბუნებრივი, დაბადებით ლიდერია. მის ხუმრობას თურმე “უფრო ფუნქციურად და ყურადღების ნაკლებ გამფანტველად” აღვიქვამთ, ვიდრე ქალისას - აღნიშნავენ მეცნიერები. მათი აზრით, ეს ყოველივე დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პროფესიონალიზმის შეფასებაზე, კერძოდ მისი, როგორც ლიდერის უნარების და შესაძლებლობების განსაზღვრაზე.
ქალებს, რომლებიც სამსახურში ხუმრობენ ხოლმე, თურმე ნაკლებ საქმიანი იერი აქვთ. მათ გაცილებით არასერიოზულ პროფესიონალად მივიჩნევთ. იმდენად, რომ ამით მათი დაწინაურების შანსებიც კი შეიძლება რომ შემცირდეს.
არიზონის უნივერსიტეტის და კოლორადოს უნივერსიტეტის (ბოლდერის ფილიალი) მკვლევარები ფიქრობენ, რომ კაცების შემთხვევაში ყველაფერი საათივითაა აწყობილი. ხუმრობა მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო ამდიდრებს, მენეჯერულ თვისებებს ძალიან ეხმარება და საბოლოო ჯამში, კაცებს დაწინაურებაში, ორგანიზაციის ლიდერად გახდომაში უწყობს ხელს.
მეცნიერებმა დაკვირვებისთვის ორი ზუსტად ერთნაირი ფილმი გამოიყენეს, რომლის გმირია მენეჯერი სემი. ოღონდ, ერთ ფილმში სემი ქალია, მეორეში კი კაცი. ისინი სამუშაო გარემოში იმყოფებიან და საქმესთან დაკავშირებით, პრეზენტაციას აწყობენ. მაყურებლებს მათი აბსოლუტურად იდენტური რეზიუმე/სი-ვიც დაურიგეს.
ფილმი ძალიან მარტივია, ძირითადად ერთ პრეზენტაციაზეა აგებული და მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან. მაგალითისთვის, ფილმში პრეზენტაცია იწყება შემდეგი პატარა, უწყინარი შესავლით. “წუხელ, ჩემმა ქმარმა/ცოლმა ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით კარგი რჩევა მომცა. მითხრა: ძალიან არ ეცადო გამოჩნდე მომხიბლავი, ჭკვიანი, ან განათლებული... უბრალოდ იყავი ისეთი, როგორიც საერთოდ ხარ”.
ექსპერიმენტში 300-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ნახევარმა ნახა ფილმი, რომელშიც სემი კაცია, მეორე ნაწილმა კი ქალი სემი იხილა. მაგრამ, მათ ფილმის ორ-ორი ვერსია ნახეს.
მაყურებლებმა ჯერ იხილეს ფილმი, რომელშიც გამომსვლელი პრეზენტაციას ისე ატარებს, რომ საერთოდ არ ხუმრობს (არც ქალი, არც კაცი). მოგვიანებით, მაყურებლები გამოკითხეს და დააფიქსირეს მათი შეფასებები. ამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მათ აჩვენეს ფილმი იგივე სქესის იგივე გმირით, რომელშიც ის პრეზენტაციის დროს რამდენჯერმე, ზომიერად ხუმრობს. მკვლევარებმა მონაწილეები მეორე ფილმის ნახვის შემდეგაც გამოკითხეს და მიღებული შედეგები ერთმანეთს შეადარეს.
კაცი სემი უმრავლესობას ძალიან მოეწონა. მაყურებლებმა თქვეს, რომ ის კარგი მენეჯერია, ამბიციური, საქმეზე ფოკუსირებული და წინ წარმატებული კარიერა აქვს. მეორეჯერ ფილმის ნახვამ, ხუმრობების თანხლებით, მისი მენეჯერული თვისებებიც კიდევ უფრო გააძლიერა და მონაწილეები კიდევ უფრო მოხიბლა.
ქალი სემისთვის კი საპირისპირო შედეგი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ხუმრობების დამატებამ მისი, როგორც საქმიანი ადამიანის და ლიდერის შეფასება გაცილებით გააუარესა. მაყურებლების შეფასებით, ქალი სემი ზედმეტად არასერიოზულია, “დისფუნქციური”, საშუალო დონის თანამშრომელია და სამსახურში არაპროფესიონალურად იქცევა.
კიდევ უარესი: თავისი ხუმრობებით ქალი სემი თურმე თანამშრომლებს მუშაობაში ხელს უშლის. ის საქმეს საკმარისად ერთგულად არ მიჰყვება, აკლია ლიდერის თვისებები და წარმატებისთვის საკუთარ თავზე მეტი მუშაობა მოუწევს.
ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც კი თქვა, რომ ამ ხუმრობებით ქალი “თავისი საქმის უცოდინრობის გადაფარვას ცდილობს”. “ცუდი იუმორი აქვს” - დაწერა მეორემ. და ეს მაშინ, როცა იგივე ხუმრობები კაცს “კარგი იუმორის გრძნობაში” და “კარგ ორატორულ ნიჭში” ჩაეთვალა.
“როცა ადამიანზე შთაბეჭდილება გვექმნება, ამისთვის ინფორმაციის ბევრ წყაროს ვიყენებთ და შემდეგ ეს წყაროები ერთმანეთზე ზემოქმედებს” - აღნიშნავს ჯონ ევანსი, არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი. მისი თქმით, მსგავს სტერეოტიპებს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და ხშირად ეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, მთელ ჩვენს შემდგომ ქცევას განაპირობებს.
“ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ქალებმა სამსახურში ხუმრობისგან თავი უნდა შეიკავონ” - წერენ ნაშრომის ავტორები. მათი მიზანია, ამ ინფორმაციის წაკითხვის და გააზრების შემდეგ, ადამიანები შეეცადონ დაამარცხონ საკუთარ თავში გენდერული სტერეოტიპები, რომელიც ორივე სქესს ახასიათებს და სცადონ უფრო ობიექტურები იყონ თანამშრომლების, თუ მომავალი თანამშრომლების შეფასებისას, მითუმეტეს, როცა საქმე მათ დაწინაურებას ეხება.
ამ ნაშრომამდე ჯერ არავის შეუსწავლია სამსახურებრივ კარიერაში გენდერის, იუმორის გრძნობის და ლიდერის თვისებების გადაკვეთა. საფუძვლიანი კვლევა ამ მიმართულებით ჯერ არ ჩატარებულა, ამბობს ჯოან ჯილბერტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კვლევის მონაწილე არ არის, მაგრამ ის სწავლობს იუმორს, კომუნიკაციას და წარმატებას.
მისი თქმით, ასევე საინტერესო იქნებოდა ანალოგიური კვლევა სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართულებითაც ჩატარებულიყო. “იუმორი ძლიერი იარაღია და კვლევის შედეგები უნდა ითქვას, რომ მე საერთოდ არ მაოცებს” - აღნიშნავს პროფესორი ჯილბერტი.
ნაშრომი მალე გამოქვეყნდება, ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის ჟურნალის Journal of Applied Psychology შემდეგ ნომერში. მანამდე კი ნაწილობრივ მისი გაცნობა და ავტორების შეფასებების ნახვა შესაძლებელია არიზონის უნივერსიტეტის ვებგვერდზე და ჰარვარდის უნივერსიტეტის ჟურნალში Harvard Business Review.
Facebook Forum