2020 წელს მსოფლიოს მთავარ მოვლენებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი რასობრივი უთანასწორობის თემამ და საპროტესტო აქციებმა დაიკავა. თემა დღემდე აქტუალურია, განსაკუთრებით, ამერიკაში. ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდაჭერას უცხადებდა ამერიკაში დაწყებულ მოძრაობას და დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებდა.
ოვალური კაბინეტის ამ სახით არსებობის 88 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა აქცენტი რასობრივ უთანასწორობაზე გაამახვილა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ოვალურ კაბინეტში პირველად მოხვდა რასობრივი უთანასწორობისთვის გამორჩეული მებრძოლი ქალი როზა პარკსი.
წესისამებრ, სამუშაო ოთახს თეთრ სახლში თავად პრეზიდენტი აფორმებს. არჩევს ფერებს, თემას, ბიუსტებს, ნახატებს, სკამების რაოდენობას, სავარძლებს და ხალიჩის ფერსაც კი. ქალთა უფლებები და რასობრივი უთანასწორობის თემა ჯო ბაიდენმა მხოლოდ საკუთარი კაბინეტის მოწყობის დროს არ გაითვალისწინა. მან საკუთარი გუნდის წევრებიც შეიძლება ითქვას ამ პრინციპით შეარჩია და წარადგინა. პროფესიონალიზმთან ერთად, მან აქცენტი სწორედ ქალებზე და ფერადკანიანებზე გაამახვილა. ბოლო დროს მედიას ხშირად უწევს გამოიყენოს სიტყვა "ისტორიული." ამის ერთ-ერთი მაგალითი უკვე დამტკიცებული თავდაცვის მდივანია, გენერალი ლოიდ ოსტინი. ის პირველი ფერადკანიანია, რომელიც პენტაგონს უხელმძღვანელებს.
ქალთა უფლებები და რასობრივი უთანასწორობა ამერიკაში წლებია აქტუალურია და მისი მოგვარებისთვის სხვადასხვა ადმინისტრაციები მუშაობენ.
ფერადკანიანი ქალი როზა პარკსი ჯო ბაიდენის სამუშაო სივრცის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბიუსტი ოვალურ ოფისში, პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის ხელმარჯვნივ, ვარდების ბაღში გამავალი ფანჯრის წინ არის განთავსებული. ოვალურ ოფისს ოთხი შესასვლელი აქვს და ყველა მათგანის გამოყენების დროს პირველი პრეზიდენტის სტუმარს სწორედ ეს ბიუსტი მოხვდება თვალში. პარქსის ბიუსტის გვერდზე პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის გასწვრივ კი აბრაამ ლინკონისბიუსტია განთავსებული.
მოპირდაპირე მხარეს, ჯო ბაიდენის სამუშაო მაგიდის მარცხნივ, კი საპატიო ადგილი პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის ბიუსტს და ბენჯამინ ფრანკლინის ნახატს უკავია. ოდნავ მარჯვნივ პრეზიდენტის მცირე ბიბლიოთეკა მდებარეობს სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უკავია ქვას მთვარიდან, რომელიც ნასას სპეციალურ შეფუთვაშია მოთავსებული. გარშემო კი ამერიკელი ნოველისტის, ნათანიელ ჰოთორნის წიგნებია განთავსებული. ბაიდენის ოფისში განმარტავენ, რომ ბენჯამინ ფრანკლინის ტილოს ოვალურ ოფისში განთავსებით პრეზიდენტი, ამბობს რომ დაინტერესებულია და პატივს სცემს მეცნიერებს.
პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის უკან, ვარდების ბაღში გამავალი ფანჯრის წინ კი ჯო ბაიდენის საოჯახო ფოტოებია განთავსებული, შვილები, მეუღლეები და შვილიშვილები. აქვეა განთავსებული ამერიკის და პრეზიდენტის ბეჭდის გამოსახულების მქონდე დროშები. მათ წინ კი განთავსებულია მექსიკელ-ამერიკელი შრომის ლიდერი ცესარ ჩავეს უმცროსის ბიუსტი.
პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის წინ, ბუხრის თავზე 5 დიდი ტილო და 2 ბიუსტია განთავსებული. მათ შორის: ჯორჯ ვაშინგტონი, ალექსანდრე ჰამილტონი, ტომას ჯეფერსონი და აბრაამ ლინკოლნი. ბუხრის მარჯვნივ და მარცხნივ კი მარტინ ლუთერ კინგისა და რობერ კენედის ბიუსტებიაგანთავსებული. ოვალურ ოფისში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს ელეანორ რუზველტის ბიუსტიც.
ჯო ბაიდენი ინაუგურაციის დღეს და მანამდეც გამუდმებით ამბობდა, რომ ის ყველას პრეზიდენტი იქნება აზრთასხვადასხვაობისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ამის ერთ-ერთი გამოხატულება შესაძლოა ისიც იყოს, რომ ჯო ბაიდენის სამუშაო სივრცეში ერთდროულად საპატიო ადგილს იკავებს პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისა და ყოფილი ხაზინის მდივნის ალექსანდრე ჰამილტონის ტილოები. ისტორიულად ცნობილია, რომ ჯეფერსონსა და ჰამილტონს თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ.
ჯო ბაიდენის ოვალურ კაბინეტში 6 სკამი, ორი დივანი და ერთი პრეზიდენტის მაგიდაა განთავსებული. ოთახის შუაში კი ლურჯი ხალიჩაა. ხალიჩის ფორმა მუდმივად ოვალურია, ფერი ჯო ბაიდენმა თავად შეარჩია, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, ლურჯი ჯო ბაიდენის საყვარელი ფერია "ლურჯი არის ღრმა ფერი, რომელიც მომწონს" ამბობს ჯო ბაიდენი. ლურჯი ხალიჩა ოვალურ კაბინეტში წლებია არ ყოფილა, ბოლოს ამ ფერის ხალიჩა ოვალურ კაბინეტში ბილ კლინტონს ჰქონდა. წარმავალი პრეზიდენტების ხალიჩები, როგორც წესი, შემდეგ პრეზიდენტის მუზეუმებსა თუ ბიბლოთეკაში გადააქვთ. რაც შეეხება ფარდებს, ჯო ბაიდენმა ის უცვლელი დატოვა და ისე როგორც პრეზიდენტ ტრამპის დროს დღესაც ოვალურ კაბინეტში ოქროსფერი ფარდები კიდია.
ფარდები და სამუშაო მაგიდა იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელიც ჯო ბაიდენმა ოფისში უცვლელი დატოვა. ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ოთახიდან გაიტანა სამხედრო დროშები, რომლებიც დონალდ ტრამპის ინიციატივით ოვალურ ოფისში პრეზიდენტის სამუშაო მაგიდის უკან ამერიკის დროშასთან ერთად იყო მოთავსებული.
ჯო ბაიდენის სამუშაო მაგიდაზე მხოლოდ ტელეფონი დევს, მაგიდის ორივე მხარეს კი თითო-თითო სკამია.
ჯო ბაიდენმა ოვალური ოფისიდან გაიტანა ენდრიუ ჯექსონის პორტრეტი, რომელიც ოვალურ ოფისში დონალდ ტრამპმა განათავსა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ჯექსონის პორტრეტის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი რასობრივ უთანასწორობას კიდევ უფრო აღვივებდა ამ ნაბიჯით. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით ოვალური კაბინეტიდან ასევე გაიტანეს უინსტონ ჩერჩილის ბიუსტიც.
როგორც წესი, პრეზიდენტის სურვილისამებრ ოვალურ კაბინეტს, პირველი ლედის ოფისი უწევს კოორდინაციას დიზაინერებთან და თეთრი სახლის კურატორთან ერთად.
1772 წელს, მაშინ როცა თეთრი სახლის პროექტი დგებოდა, შენობის დასავლეთ ფრთა საერთოდ არ არსებობდა და არც კაბინეტი რომელიც დღეს პრეზიდენტის სამუშაო სივრცეა. პირველი ოვალური კაბინეტი თეთრი სახლის მეორე სართულზე მდებარეობდა, აივნის წინ და მას როგორც ყვითელ ოვალურ კაბინეტს ისე მოიხსენიებდნენ. ოთახი პრეზიდენტის სამუშაო სივრცედ და ბიბლიოთეკად ითვლებოდა. მოგვიანებით ხანძრის შემდეგ თეთრი სახლის დიზაინი მნიშვნელოვნად შეიცვალა. შენობაში გაჩნდა დასავლეთ ფრთა და ახალი ოვალური კაბინეტი, ადგილი სადაც 1933 წლის შემდეგ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტები მუშაობენ. ამავე ფრთაშია განთავსებული, შეხვედრების ოთახი, სადაც პრეზიდენტის სკამი სახელით არის აღნიშნული, პრესკონფერენციების ოთახი, ვიცე პრეზიდენტის სამუშაო ოთახი და რუზველტის ოთახი.
ოვალურ კაბინეტს, შეხვედრების ოთახს და პრესკონფერენციების ოთახს გარშემო აკრავს ვარდების ბაღი, რომელსაც ახალი პირველი ლედი საკუთარი გემოვნების მიხედვით აწყობს. მას ამაში სპეციალისტების მთელი გუნდი და ეროვნული პარკების სერვისის ათობით თანამშრომელი ეხმარება. აქ ხშირად იმართება მიღებები და პრესკონფერენციები, მოქმედი პრეზიდენტები საპატიო სტუმრებს ხშირად აქ მასპინძლობენ.
ოვალურ ოფისს 4 კარი აქვს, ერთი ვარდების ბაღში, ერთიც მოსასვენებელ ოთახში, ერთი მდივანთან, ერთი კი პრეზიდენტს დასავლეთ ფრთის დერეფანთან და ვიცე-პრეზიდენტთან აკავშირებს.
Facebook Forum