ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შსს-მ 100 000 სატელიტური თეფში დააპატიმრა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და დააყადაღა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები. ეს კომპანია ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებაა.

რამდენიმე თვეა „გლობალ ტვ“ ახორციელებდა კომერციულ მედია პროექტს, რომელიც მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მათ შორის, ტელეკომპანიების „მაესტროსა“ და „მეცხრე არხის“ მიწოდებას ითვალისწინებდა. ამ მიზნით, „გლობალი“ რეგიონებში განვადებით ამონტაჟებდა სატელიტურ თეფშებს.

მიუხედავად პროსახელისუფლებო ტელეარხების; რეგიონებში - მმართველი პარტიის აქტივისტების, საჯარო მოხელეების, პოლიციის წინააღმდეგობისა, რომელიც ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებაში გადადიოდა, „გლობალმა“ დაყადაღებამდე 100 ათასზე მეტი სატელიტური თეფშის დამონტაჟება მოასწრო.

მმართველმა ელიტამ თეფშების დაყადაღების გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის საბაბით მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ კერძოდ თქვა​

„ამ საქმეს არაფერი არ აქვს საერთო მედიის ხელმისაწვდომობასთან და რაღაცა ამდაგვარ თემებთან. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ, კონკრეტული პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კონკრეტული ამომრჩევლისთვის, კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას. შესაბამისად ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც არის დანაშაული, ეს ისჯება კანონით.“

სინამდვილში, გლობალ ტვ სატელიტურ ანტენებს ამონტაჟებდა არა უფასოდ, არამედ გრძელვადიანი განვადების საფუძველზე. უფრო მეტიც, როგორც „გლობალის“ დირექტორი ამბობს, კომპანიამ კონტროლის პალატისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მითითების შემდეგ, მანამდე არსებული ბიზნეს-გეგმაც კი შეცვალა, თუმცა გლობალს ვერც ამან უშველა. ზურაბ ბაზლიძე ამბობს

„15 ივნისს ჩვენ მივიღეთ კონტროლის პალატის წერილი, სადაც ეს უწყება გვწერდა, რომ საქმიანობა წაგვემართა საბაზრო ფასების გათვალისწინებით. იმისათვის რომ პრობლემები არ შეგვქმნოდა, სანამ მიმდინარეობდა ჩვენი ბიზნეს-გეგმის შესწავლა საერთაშორისო აუდიტების მიერ, ჩვენ გადავწვიტეთ რომ მოვრგებოდით მითითებებს.

მოვახდინეთ ჩვენი ბიზნეს გეგმის კორექტირება. უმთავრესი რაც იყო, შემცირდა განვადების ვადა, ათი წლიდან ჩამოვიდა ექვს წლამდე და გაიზარდა თვეში გადასახადის ღირებულება, მოთხვონილი იყო 5 ლარამდე და ჩვენ გავაკეთეთ 5 ლარი და 50 თეთრი გადასახადი.

მიუხედავად ამისა, მაინც მოხდა ჩვენი საქმიანობის შეჩერება. ეს რეალურად არის მედია საქმიანობის ხელშეშლა. რეალურად ჩვენ ხელი შეგვეშალა მომსახურების გაწევაში, რეგიონის გაფართოებაში და ილახება იმ მომხმარებლის ინტერესიც, რომელიც ასე ელოდება ჩვენი თეფშების დამონტაჟებას.“

ასი ათასზე მეტი სატელიტური თეფშის დაყადაღების პარალელურად რეგიონებში მიმდინარეობს იმ მოქალაქეების მასობრივი დაკითხვები, რომლებმაც „გლობალის“ თეფშები განვადებით დაიდგეს.

„გლობალის“ ადვოკატები ეჭვობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრო და პროკურატურა მოქალაქეებზე ზეწოლით ცდილობს მტკიცებულებების მოპოვებას იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ ბიძინა ივანიშვილი „გლობალის“ მეშვეობით ამომრჩეველს ყიდულობდა.

იმ მოქალაქეებს, რომლებმაც „გლობალის“ თეფში დაიდგეს პოლიცია შვიდი საათის მანძილზე კითხავდა გურიაში, იგივე განმეორდა კახეთში, ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს თავჯდომარე, მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მმართველი ელიტა ცალსახად მედიის გავრცელებას ზღუდავს​

„მმართველმა პარტიამ იხელმძღვანელა ერთი განსაზღვრული ნებით, რომ საქართველოში მოქალაქეებმა არ უნდა მიიღონ რაიმე ფორმით განსხვავებული, ალტერნატიული ინფორმაცია.

მათ არ სურთ მოქალაქეებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის და კიდევ რამდენიმე სხვა სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მქოფი ლოკალური ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებული, სხვა ინფორმაცია მიიღონ, რომელიც ქვეყანაში ასევე ხდება.

ანუ არ სურთ, მოქალაქეები უფრო ინფორმირებული გახდნენ, აი ეს იყო გაცხადებული იმ ქმედებით რაც მოხდა. თუ ინფორმაცია დაკეტილია, ბიზნესი დაკეტილია, სასამართლო დაკეტილია, მაშინ ჩვენ გვიდგას ბელორუსიიზაციის პრობლემა, უკვე გვიდგას დღის წესრიგში“

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განმარტებით, „გლობალის“ სატელიტური თეფშების დაყადაღება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევებით მოხდა. კერძოდ, ვინაიდან საქმის წარმოება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაიწყო ისე რომ რეალურად ბრალდებული პირი არ არსებობს, ამასთან ამომრჩევლის მოსყიდვა არის ნაკლებად მძიმე დანაშაული, მოსამართლეს არ შეეძლო „გლობალის“ ქონებაზე ყადაღის დადება

ზუსტად იგივე სულისკვეთების განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც“.

„გლობალ ტვ“-ისთვის გავრცელების არეალის შეზღუდვის პარალელურად, მმართველმა ელიტა დათანხმდა „მასთ კერის“ პრინციპს, თუმცა მნიშვნელოვანი შეზღუდვით.

საკაბელო ოპერატორებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ექნებათ ყველა ტელეკომპანიის ჩართვის ვალდებულება, მანამდე ხელისუფლება საზოგადოების ამ მოთხოვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

XS
SM
MD
LG