„როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს და არა მარტო არჩევნების დღე, არამედ არჩევნების წინა პერიოდიც“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დღეს ბათუმში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სასტუმრო „რედისონში“, დილით ამერიკა-საქართველოს სტატეგიული პარტნიორობის კომისიის რიგით მესამე პლენარული სესია გაიმართა. სესია კომისიის არსებობის ისტორიაში საქართველოში პირველად შედგა და კლინტონთან ერთად, მის მუშაობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჰილარი კლინტონმა ამავე დროს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
„ახლა საქართველოზეა უკვე დამოკიდებული, რომ დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაცია გააკეთოს. ეს არის საქართველოს მომავლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და ეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიღწევასთან უფრო დაგაახლოვებთ.
შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, რომ გააღრმავოს თავისი დემოკრატია და გააძლიეროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობა თქვენი საზოგადოების თვალში.“
სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა არ შედგა. ჰილარი კლინტონისა და ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიდი საზოგადოებრივი მოლოდინის მიუხედავად არ გაიმართა.
ივანიშვილმა არ ისურვა ამერიკელ სტუმარს „მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატთა“ ლიდერებთან ერთად შეხვედროდა. ამერიკელებს სხვა ფორმატი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის არ შეუთავაზებიათ. საბოლოოდ, კლინტონი „ოცნების“ სამ წარმომადგენელს დავით უსუფაშვილს, თეა წულუკიანსა და მანანა კობახიძეს შეხვდა.
დავით უსუფაშვილი ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ შეეცადა აეხსნა რატომ ვერ მოხერხდა კლინტონისა და ივანიშვილის შეხვედრა:
დავით უსუფაშვილი: „ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიაციატივით და მიმართა თხოვნით პირისპირ შეხვედრის თაობაზე. ამით ივანიშვილმა ხაზი გაუსვა მისი და ქართული ოცნების ხედვას, რომ აშშ-ს ჩვენ განვიხილავთ როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, დღესაც და მომავალშიც.
მაგრამ ამ ვიზიტის ფორმატი ასეთი ვიზიტის საშუალებას არ იძლეოდა და ამის თაობაზე აშშ-ს ელჩმა გვამცნო. ამას სრული გაგებით შევხდით. ამასობაში, პოლიტიკურ პარტიებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა არ ჩაითვალა მიზანშეწონილად და საელჩომაც მისცა არჩევანის საშუალება ივანიშვილს.“
ოთხ საათზე ჰილარი კლინტონი ბათუმის იუსტიციის სახლში მივიდა, სადაც მას მასპინძლობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე უწევდა. აქვე შეურთდათ მათ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. იუსტიციის სახლშივე გაიმართა კლინტონისა და სააკაშვილის პირისპირ შეხვედრა, ხოლო შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია.
მიხეილ სააკაშვილი: „ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება რომ წელს ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩვენები მოაწყოს. ქართული საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიისადმი არის ურყევი. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ვარდების რევოლუციის დროს და დღესაც შეიგრძნობა.“
ჰილარი კლინტონი: „ჩვენ მოუთმენლად ველოდებით რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართება შემოდგომაზე და შემდეგ დემოკრატიულად მოხდეს ძალაუფლების გადაცემა 2013 წელს. ჩვენ გვჯერა რომ ყველა პარტიამ და კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს.“
ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვია. ჰილარი კლინტონი ბათუმში გუშინ საღამოს ერევნიდან ჩამოფრინდა.
კლინტონის ვიზიტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურში მოხდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი მოდერნიზებული საპატრულო კატარღის პრეზენტაცია, მათ მოდერნიზაციაზე ამერიკის მთავრობამ ორი მილიონი დოლარი დახარჯა. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ბათუმის პიაცაზე სახელმწიფო მდივნისადმი მიძღვნილი კონცერტი დაიწყო. ჰირალი კლინტონი ბათუმს ხვალ დატოვებს და ბაქოში გაემგზავრება.