საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე უკვე ორი ჯგუფი მუშაობს, რომლებიც ერთმანეთს უნდობლობას უცხადებენ.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შექმნილ, სპეციალურ 21 კაციან კომისიაში, მმართველი პარტიის წევრებთან ერთად, იმ „პოლიტიკური ჯგუფებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებსაც „პრო-სახელისუფლებოს“ ან „ხელისუფლების სატელიტს“ უწოდებენ. კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 100 ათასი ლარით ფინანსდება, აქედან 90 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის.
„პირველ ეტაპზე ეს დაიწყება თბილისსა და ზუგდიდში, ერთად ეს გამოდის 11 ოლქი. ათი ოლქი თბილისში და პლუს ზუდგიდის საარჩევნო ოლქი ჯამში მოიცავს მილიონ ასი ათას ამომრჩეველს რაც ერთიანი საარჩევნო სიის თითქმის 40 პროცენტია“კოკა გუნცაძე, ამომრჩეველთა ლიგა
სპეციალურ კომისიას „ახალი მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს.
კომისიაში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვეს- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ და სამართლიანმა არჩევნებმა.
სამთავრობო კომისიამ მუშაობა აპრილის ბოლოს დაიწყო და უკვე გაუჩნდა მწვავე ოპონენტი ორგანიზაცია, რომელიც უნდობლობას უცხადებს. ეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგაა“.
კომისიის თავჯდომარე მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ კომისიის დისკრედიტაცია სურს.
მამუკა კაციტაძე: „მათ უნდათ რომ ცრუ შთაბეჭდილება შეექმნას საზოგადოებას სიების წინასწარ მონაცემებზე. არანაირი ოფიციალური მონაცემი სიების დაზუსტების კომისიას, პროექტ „კარდაკარის“ ფარგლებში არ გამოუქვეყნებია.
ის, რაც „ამომრჩეველთა ლიგა“ საუბრობს იყო პირველი დღის მონაცემი, რომლითაც სერიოზულმა ადამიანმა წესით არ უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ „ამორჩეველთა ლიგის“ სერიოზულობაზე ესეც მეტყველებს.“
ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაზე მომუშავე სამთავრობო კომისიას საქართველოს მასშტაბით 11 ათასი რეგისტრატორი ჰყავს; სიების დაზუსტება ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების საფუძველზე მიმდინარეობს, გარდა გარდაცვლილი მოქალაქეებისა, კომისიას ბინებზე მიწერილი - ხმის უფლების მქონე მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებაც ევალება.
იმ ოჯახებს კი, რომელთა წევრი ან წევრები საზღვარგარეთ იმყოფებიან, ამის დასადასტურებლად აღწერის დროს, სპეციალური ჩანაწერის გაკეთება უწევთ. მეორე დღეა ამომრჩეველთა სიებს „ამომრჩეველთა ლიგაც“ ამოწმებს, რომელსაც ოპოზიციის ყოფილი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე, მისი ძმა - გია გაჩეჩილაძე, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრები - გია ყარყარაშვილი და გოგა ხაინდრავა წარმოადგენენ.
„ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე კოკა გუნცაძე ამბობს თავიდან დედაქალაქისა და სამეგრელოს ამომრჩეველთა სიები შემოწმდება. „ალტერნატიული კარდაკარის“ პროეტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვაიძე უკვე არსებული სიების საეჭვო მონაცემებზე საუბრობს.
კოკა გუნცაძე: „პირველ ეტაპზე ეს დაიწყება თბილისსა და ზუგდიდში, ერთად ეს გამოდის 11 ოლქი. ათი ოლქი თბილისში და პლუს ზუდგიდის საარჩევნო ოლქი ჯამში მოიცავს მილიონ ასი ათას ამომრჩეველს რაც ერთიანი საარჩევნო სიის თითქმის 40 პროცენტია.“
ლევან ჩიკვაიძე: „სამთავრობო კომისიის მიერ აღწერილი 100 000 ამომრჩევლიდან, პირველადი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 4 000 იმყოფებოდა უცხოეთში. ანუ აღწერილის სულ 4 პროცენტი. მსოფლიო ბანკისა და გაეროს ყოველწლიური მონაცემებით და კვლევებით კი უცხოეთში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 32 პროცენტს შეადგენს.“
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სპეციალური კომისია პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით, 2011 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროცესს წინ უძღოდა მმართველი პარტიის მხრიდან „ოპოზიციური რვიანის“ ყველა ძირითადი შეთავაზების, მათ შორის, ბიომეტრიული პასპორტების თემის ჩაგდება, რაც „რვიანის“ დაშლით დასრულდა.
საბოლოოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე სატელიტ ჯგუფთან სპეციალური შეთანხმება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც პროექტი „კარდაკარ“ გახდა.
სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გადამოწმებული სიების საბოლოო ვარიანტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს უნდა წარუდგინოს. „ალტერნატიული კარდაკარის“ შორეული გეგმები კი ჯერ ზუსტდება.