ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის ლეგიტიმაციის ხარისხი გაიზარდა


"ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია
"ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია

როგორც საშინაო, ისე საგარეო შეფასებებით, თბილისში, 27 მაისის, მრავალრიცხოვანი საპროტესტო მიტინგის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი მთავარი ფიგურის - ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართული ოპოზიციის ლიდერის, ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან გაიზარდა.

სხვადასხვა დამოუკიდებელი შეფასებებით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში - 80 ათასიდან 110 ათასამდე მხარდაჭერის გამოყვანა შეძლო. ეს იმ ფონზე, როცა „ოცნებას“ რეგიონებიდან აქტივისტების მობილიზები არ მოუხდენია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მიტინგის რაოდენობაზე საუბრისას რადიკალურად განსხვავდება ხელისუფლებისა და ოპოზიციური კოალიციის შეფასებები. სახელისუფლებო ტელეარხებისა და ექსპერტების მტკიცებით, მიტინგზე მხოლოდ 30-დან 40-მდე ათასი ადამიანი იყო, მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე 200 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

თავად ბიძინა ივანიშვილს დღეს არ უცდია დაემალა ემოცია 27 მაისის მიტინგის მრავარიცხოვნობის გამო

„დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ევროპელებისთვის. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩვენი ყველაზე დიდი და ძლიერი მეგობრის ამერიკისთვის და ამერიკელებისთვისაც. მათ დაინახეს რეალურად როგორი კულტურული ხალხი ვართ ჩვენ და როგორი სწრაფვა გვაქვს თავისუფლებისკენ! ეს არის ჩვენი ქართველების - დაუოკებელი, ორგანიზებული და შეგნებული სწრაფვა თავისუფლებისთვის.

ამის შეცვლას და შეჩერებას ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს. ამ მხრივ ეს მიტინგი იყო ძალიან საჭირო. არ დაგიმალავთ და ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო ეს რაც მოხდა გუშინ. მე მუდამ ვამტკიცებდი და ვიმეორებდი რომ ასე იქნებოდა, ეს მქონდა გააზრებული, მაგრამ მეც მჭირდებოდა ამის მტკიცებულება.“

კოალიცია „ქართული ოცნება“ პირველი მიტინგის გამართვას დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს გეგმავდა, თუმცა თბილისის მერიამ იმ მიზეზით, რომ რუსთაველის გამზირზე „სამრეწველო აღლუმი“ იყო დაგეგმილი ნებართვა 27 მაისს გასცა.

ჯერჯერობით, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც თბილისის მერიას არ გაუკეთებიათ კომენტარი, რატომ მოხდა ოპოზიციური მანიფესტაციის დროს, თბილისის ცენტრალური უბნებიდან პატრულის ეკიპაჟების მთლიანად გაყვანა. სამართალდამცავების არყოფნის გამო, გრანდიოზული მიტინგის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად აქციის ორგანიზატორებს მოუხდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა, მინისტრ მერაბიშვილის ჩათვლით გორში იმყოფებოდა, სადაც პოლიციის პატრონაჟის ქვეშ მყოფი საფეხბურთო გუნდის - გორის „დილას“საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებას აღნიშნავდნენ.

განათლების ყოფილი მინისტრი, მმართველი პარტიის მხარდამჭერი გია ნოდია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მიტინგის შემდეგ ეიფორიაში იმყოფება

„პოზიტიური პრეცედენტია მართლაც ის, რომ საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა, მაგრამ მოსვლის მიზანი არ იყო ხელისუფლების დაუყოვნებლივ ან რამოდენიმე დღეში გადადგომა ან დამხობა და ეს იყო საარჩევნო კამპანიის დასაწყისი. ეს მართლაც, ცივილიზირებული, დემოკრატიული პროცესი იყო. მიტინგი მოკლე იყო შედარებით, ესეც პოზიტიურია.

შეიძლება ითქვას, რომ თავისი ფუნქცია ამ მიტინგმა შეასრულა, ანუ ივანიშვილისა და ქართული ოცნების მომხრეების განწყობა გააუმჯობესა და საკუთარი ძალების რწმენა გააძლიერა. ამასთან, რა თქმა უნდა ეიფორია ძალიან კარგია, მაგრამ ის განწყობა რომ ჩვენ არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ ოდნავ გადაჭარბებულად მიმაჩნია.“

განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვა ექსპერტებს. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი მკვლევარი, პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე თვლის, რომ სახეზეა მძლავრი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის ფორმირება.

არჩილ გეგეშიძე: ასეთი ხალხმრავლობა როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთაც ბევრისთვის უნდა ყოფილიყო მიმანიშნებელი, რომ პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბდა და პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში იძენს ჭეშმარიტად კონკურენტულ ხასიათს.“

"ოცნების“ რიგით მეორე საარჩევნო მიტინგი 7 ივნისს ქუთაისშია დაგეგმილი, სადაც 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა გაიხსნა და სამხედრო აღლუმიც გაიმართა.

5 ივნისს კი თბილისს, კავკასიური ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თი არა ჰილარი კლინტონი ბიძინა ივანიშვილს, თუმცა დღეს ქართული ოპოზიციის ლიდერმა ასეთი სურვილი საჯაროდ გამოთქვა.

XS
SM
MD
LG