ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ


თბილისის თავზე წამოჭიმულ, 50 მილიონ დოლარად აშენებულ ბიზნეს-ცენტრში, რომელიც წამყვანმა იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ დააპროექტა. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ყოველდღიურ შეხვედრებს განაგრძობს, ამის პარალელურად კი, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებას სულ უფრო ხშირად ღალატობს ნერვები.

გუშინ, საღამოს, უპრეცედენტო ფაქტი მოხდა თბილისის ცენტრში. პოლიცია თავს დაესხა ბანკ „ქართუს“ კუთვნილ მანქანას, დააპატიმრა ექვსი მოლარე ქალბატონი და ორი ინკასატორი. პოლიციელებმა ამოიღეს „ქართუს“ კუთვნილი მილიონი დოლარი და მილიონი ევრო.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გაჩნდა მცირე ინფორმაცია, რომ დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი რაოდენობით ნაღდი ფული. საქმე კი აღიძრა, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციაშია არაფერი იყო ნათქვამი, იმ ფაქტზე რომ ბანკ „ქართუს“ კუთვნილი მანქანა პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა მათ ბანკის ფული, თავისუფლების მოედანზე მდებარე, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისიდან გამოჰქონდათ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა:

„განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ ქართუზე, რომელიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საქართველოს ბანკის სათავო ოფისიდან გამოსულ ბანკ ქართუს ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

იარაღის და ძალის გამოყენებით დააკავეს ქართუს ექვსი თანამშრომელი. უკანონოდ მოახდინეს ბანკის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით თანხისა და ავტომაქანის მიტაცება. აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნის უპრეცედენტო ფაქტს“

„ქართუს“ მოლარეები და ინკასატორები პოლიციამ გუშინვე გაანთავისუფლა. თუმცა ბანკის ფული არ დაუბრუნებია. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. ბანკის ექვსივე თანამშრომელმა თავისი ნებით თქვა უარი დაკითხვას ადვოკატები დასწრებოდნენ.

გუშინვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში მყოფმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრებს იარაღი ჩააბარებინა. დაცვის პოლიციაში განმარტეს, რომ „კანონის მიხედვით, მათ ცეცხლსასროლი იარაღით უცხოეთის მოქალაქის დაცვა არ შეუძლიათ“.

წინა დღით კი, პოლიციამ დააკავა, ბიძინა ივანიშვილის შვილის , რეპერ ბერას ახლო მეგობარი, დიჯეი ლევან მდინარაძე. ადვოკატის განცხადებით, პოლიციამ მას ნარკოტიკი ჩაუდო. მდინარაძე ბერას ცნობილ კლიპში „ქართულ ოცნებაში“ მონაწილეობდა.

სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები არც მალავენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ღია ომი გამოუცხადეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გოკა გაბაშვილი განმარტავს თუ რატომ აღარ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი უკვე ყოფილი მთავარი სპონსორი.

გოკა გაბაშვილი: „ბევრს სჯეროდა და მათ შორის ჩვენც გვჯეროდა, რომ ივანიშვილი უანგარო ქველმოქმედებას ახორციელებს, მაგრამ ეხლა ირკვევა, რომ ეს ქველმოქმედება არ იყო, იმიტომ რომ ქველმოქმედება მოგეხსენებათ უანგაროა, ეს კი არის გააზრებული პოლიტიკური კამპანიის ნაწილი.

ჩვენ ყოველთვის მივესალმებოდით ქველმოქმედებას, მაგრამ არ მივესალმებით მცდელობას ვიღაცამ საქართველოში ფეოდალურ-ოლიგარქიული სისტემა მოაწყოს.

შეისყიდოს პოლიტიკური პროცესი, მოისყიდოს მედია, პოლიტიკური პარტიები და ქველმოქმედება ამოფარებული პოლიტიკური კამპანიაზე ფულის ხარჯვის გზით საქართველოში გაიმაგროს პოზიციები.“

განსხვავებული აზრი აქვს რესპუბლიკელთა ლიდერ ლევან ბერძენიშვილს. იგი ფიქრობს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული ტერორი, პირველ რიგში იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ისტერიკაშია"​

ლევან ბერძენიშვილი: „მათ უკვე უნდათ რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ არ იყოს. ივანიშვილი გუშინ იყო კარგი კაცი, ქველმოქმედი, ის ეხმარებოდა ნაციონალურ მოძრაობას. ფულს უხდიდა პარტიას, იმისთვის რომ ქრთამი არ აეღოთ მათ მინისტრებს. სოროსმა თავიდან ერთხელ გადაიხადა და მერე სულ ბიძინა ივანიშვილი იხდიდა ამ თანხებს.

კარგი კაცი იყო, მაგრამ როგორც გაირკვა რომ პოლიტიკაში მიდის, იმ წუთას გახდა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის კაცი, ცუდი კაცი. მერე რა რომ ცხრა წელი რუსეთში არ ყოფილა, მაინც პუტინის ამოცანებს ასრულებს.

ხელისუფლება გადავიდა ე.წ. მოციმციმე ტერორზე, რომელსაც ხანდახან აქვს წვრილი ტერორის ნიშნები. ანუ იჭერენ ხალხს, რომლებიც არ არინ პარტიული ბოსები, დიდი ლიდერები.

ამ პატარა დატერორებით ისინი ცრდილობენ ნელ-ნელა მიადგნენ მთავარ პრობლემას. მე ასე ვხედავ, რომ სააკაშვილი არის იმ ისტერიკაში, რომელშიც ის ვარდება ხოლმე, ეს სამწუხაროდ არ არის, პირველი, მეორე ან მეოთხე შემთხვევა. ის ითხოვს, რომ რაღაცა გააკეთეთ და რაღაცას აკეთებენ.“

მმართველი „ნაციონალი მოძრაობა“ სერიოზულად განიხილავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან გაძევების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ მიმართულებით მთავარ წინაღობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ივანიშვილს საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსულის წოდებას ატარებს.

დიპლომატიური პასპორტით და შესაბამისი იმუნიტეტით ივანიშვილი 2000 წლიდან სარგებლობს, როცა საქართველოში სან-მარინოს საპატიო კონსული გახდა.

თბილისში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელშიც პირდაპირ არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს საქმის კურსში ჩააყენეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

ირაკლი ალასანიას, ლევან ბერძენიშვილისა და კახა შარტავას გარდა შეხვედრას, თბილისში ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში, ამერიკის ელჩი ჯონ ბასიც ესწრებოდა.

XS
SM
MD
LG