ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთვება


ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთვება
ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთვება

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ უკვე შეცვალა ქართული პოლიტიკა, აცხადებს სამართლის ექსპერტი კობა კაპანაძე

ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი ღიად გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს. მან 7 ოქტომბერს საზოგადოებას პოლიტიკური გეგმები გააცნო, რომელთა თანახმად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს მისი პარტია (რომელიც ჯერჯერობით შექმნილი არ არის) აბსოლუტური უმრავლესობით მოიგებს, ხოლო თავად მილიარდერი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას პარლამენტის სპიკერის ან პრემიერის რანგში მიიღებს.

ივანიშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დემონსტრაციების აგრესიულ დარბევებში, ”გაუგონარ” ძალადობაში ბიზნესზე, და ხელისუფლების მონოპოლიზაციაში. ბიზნესმენის განცხადებით, ”ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ შეურაცხმყოფელია”. მისივე თქმით, ”საქართველოში ყველა ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს, რომ ”მაესტრო” და ”კავკასია” ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ”.

ალბათ ყველაზე მთავარი განცხადება, რაც ივანიშვილმა გააკეთა არის ის, რომ იგი მოდის ქართულ პოლიტიკაში, თვლის ექსპერტი ზურაბ ბენდიანიშვილი:

” ბიძინა ივანიშვილს მეცენატის, წარმატებული ბიზნესმენის იმიჯი აქვს და საკმაოდ დიდ ნიშას დაიკავებს ელექტორატში საქართველოში. ეს ბევრ ოპოზიციურ პარტიას ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თუ მთლიანად არ დაუკარგავს შანსს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. პირველი განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რატომ მოდის პოლიტიკაში: აქ არაფერი ახალი თქმულა იმ კონტექსტიდან, რომ ის ოპოზიციურ ნიშაში შემოდის და მკაცრად გააკრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლება. თუმცა ვფიქრობ, ამ განცხადებაში ცოტა ზედმეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტელევიზიების თემას, რომელზეც უკვე შემდეგ ცალკე განცხადება გააკეთა და ალბათ, პოლიტიკურ განცხადებას შეიძლება ამ თემაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო.

ასევე აღსანიშნავია, რომ მის განცხადებაში არ არის ასახული ის ცვლილებები, რაც ბოლო 8 წელიწადში მოხდა საქართველოში. ვფიქრობ, გარკვეულწილად ამასაც უნდა შეხებოდა. მიმაჩნია, რომ ცვლილებები საქართველოსთან დაკავშირებით არის. პირველი რიგში, ეს არის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსი, რომელიც დასავლეთთან და ნატოსთან ინტეგრაციისკენ არის მიმართული, ეს არის უკვე მყარად ჩამოყალიბებული კურსი დღეს საქართველოში. თუმცა, ისევ და ისევ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი”.

როგორ პარტიას ქმნის ივანიშვილი, ვისთან ითანამშრომლეს პარტია? - ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება. ბიზნესმენმა ამის შესახებ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ”პარტიას ჯანსაღი ძალებით დააკომპლექტებს”. ზურაბ ბენდიანიშვილი ამბობს:

” გლობალური პოლიტიკის ეპოქაში ისეთი პატარა ქვეყნები, როგორც საქართველოა, რა თქმა უნდა დამოუკიდებელ მოთამაშეებად ვერ გამოდიან, მათ ყოველთვის სჭირდებათ მძლავრი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ აშშ-ი იყო ასეთი მოკავშირე, ევროკავშირის მხარდაჭერასაც მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ახლა ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რომელ ველზე აპირებს თამაშს ბიძინა ივანიშვილი. ანუ, რა გარე პოლიტიკური შეთანხმებებით გადაწყვიტა მან ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ სად წავა ქართული პოლიტიკური ვექტორი და რა ძალებთან კავშირში განახორციელებს თავის საქმიანობას ივანიშვილი”.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ უკვე შეცვალა ქართული პოლიტიკა, თვლის სამართლის ექსპერტი კობა კაპანაძე:

” - პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი სიტყვა, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა ქართულ პოლიტიკაში უკვე შეცვალა ქართული პოლიტიკა. პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ ნიშა, რომელიც წლების განმავლობაში იყო თავისუფალი. ხშირ შემთხვევაში, ქართული ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ასრულებდა როგორც ფიზიკური, ასევე იდეოლოგიური ბუფერის როლს ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დრომოჭმული და ეს კონტექსტი ამოწურულია. ვფიქრობ, რომ ივანიშვილის გამოჩენა უდავოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ პროცესს, მინიმუმ იგი იძულებულს გახდის საქართველოს ხელისუფლებას მეტად გახდეს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში დემოკრატიულ რეფორმებზე ორიენტირებული”.

ივანიშვილის განცხადებით, იგი ორმაგ მოქალაქეობაზე უარს ამბობს და უახლოეს დღეებში რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქის პასპორტებს ჩააბარებს.

XS
SM
MD
LG