საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღე შეარჩია, რომ ოპოზიციაში წასულ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოეცხადებინა.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც მილიარდერის მნიშვნელოვანი შენაწირით აშენდა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, პირდაპირ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან ის ქართველია“.
პატრიარქმა მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე, პრაქტიკულად მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს გაითვალისწინოს მისი პოზიცია და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს. „მე ძალიან მაწუხებს რომ ასეთმა უბრალო საკითხმა ასეთი კამათი გამოიწვია“ - ბრძანა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა ილია მეორემ.
„დღეს ბევრი საუბარია იმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს თუ არა საქართველოს მოქალაქე?! რა თქმა უნდა, უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ქართველია! რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ყოველი ქართველი ადამიანი, დაბადებულია საქართველოში თუ უცხოეთში, და სულით და ხორცით ქართველია, ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
ძალიან მაწუხებს რომ ასეთი უბრალო საკითხია და ასეთი კამათი გამოიწვია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მიანიჭებს მას მოქალაქეობას.“
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა 90-იანების დასაწყისში თავად მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. 2004 წლის 10 ივნისამდე ივანიშვილი მხოლოდ რუსეთის მოქალაქე იყო, 10 ივნისს კი პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, მას საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.
პრეზიდენტის 484-ე განკარგულებაში ივანიშვილისა და კიდევ ცხრა პიროვნებისთვის (ნინო ანანიაშვილი, ნინო ანჯაფარიძე, ვიქტორ გელოვანი, გიორგი დანელია, ალექსანდრე თორაძე, ნინო თორაძე, ბადრი კაკაბაძე, ზურაბ სორტკილავა, კობა კაშია -ზ.წ.) მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლად „სახელმწიფო ინტერესებია“ დასახელებული.
2010 წელს, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდა, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის 602-ე განკარგულებით, ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა „სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით“, მხოლოდ 2011 წლის 11 ოქტომბერს ჩამოართვეს.
ამ დროს ივანიშვილი, უკვე ოპოზიციაში იყო და გაცხადებული ჰქონდა, რომ მზად არის დათმოს რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობა.
კიდევ უფრო დიდი სამართლებრივი კაზუსია ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევის ისტორია.
2004 წლის 22 ივლისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხვედელიძეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, როცა იგი უკვე იყო რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქე. 2011 წლის 11 ოქტომბერს კი ხვედელიძეს ჩამოერთვა მოქალაქეობა იმავე მიზეზით, „სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით“.
ხელისუფლება არც მალავს რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება. უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ლაშა თორდია პირდაპირ ამბობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას ხელახლა მოითხოვს, სახელმწიფოს უფრო მეტი კითხვა ექნება მასთან, ვიდრე აქამდე
ჰქონდა. თავად ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა მის პოლიტიკურ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის.
ლაშა თორდია: „აუცილებლად უნდა იქნეს ესა თუ ის პირი შესწავლილი, როგორც შსს-ს, ისე კონრდაზვერვის დეპარტამენტის მხრიდან. ეს არის გაწერილი კანონმდებლობით. უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის პიროვნება რაიმე საფრთხეს, ემსახურება თუ არა რომელიმე სხვა ქვეყანას, შეიძლება თუ არა გააჩნდეს უარყოფითი ვალდებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ და დამოკიდებულება, მაშინ როცა ის არის სხვა ქვეყნის მოქალაქე.
ყველა ამ კრიტერიუმის შეფასების შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები არ გაქვს მანამდე, სანამ ადამიანი არ აცხადებს რომ ის პოლიტიკაში მიდის და აქვს ამბიცია ქვეყანა მართოს.
ამის შემდგომ ახდენ პიროვნების შესწავლას თუ რა თქმა უნდა, მან მანამდე რაიმე ტიპის დანაშაული არ ჩაიდინა. ბიძინა ივანიშვილს აქამდე არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და შესაბამისად არანაირი რეაგირება აქამდე სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა.“
ბიძინა ივანიშვილი: „ვთქვათ ვერ მოვახერხეთ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, ვერ ვაიძულეთ სააკაშვილი კანონიერების სივრცეში დაბრუნდეს და დამიბრუნოს მოქალაქეობა მე მგონი დიდად ვერ შეცვლის სიტუაციას.
ჩვენ უკვე 25 ნოემბერს ვაყალიბებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, ამის ყველანაირი უფლება მე როგორც საფრანგეთის მოქალაქეს გამაჩნია. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩამოვაყალიბებთ პოლიტიკურ პარტიასაც, იგივე რეჟიმში, ჩემს გარეშე.
იქ, ალბათ, ერთ-ერთო ჩემი ახლო ნათესავი იქნება, ან ჩემი უფროსი შვილი - უტა ივანიშვილი გამოჩნდება პარტიაში ჩვენს ჯგუფთან ერთად, კონცენტრაციისთვის ეს კარგი იქნება.“
ილია მეორის განცხადაზე კომენტარი არ გააკეთა არც პარლამენტის თავჯდომარემ და არც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა. თავად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი კი დღეს პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა.
ივანიშვილი ახლო მომავალში აპირებს მიმართოს პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ამ მიზნით, გრძელდება მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე შეგროვებულია მილიონი ხელმოწერა. ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტს კანონით სამ თვიანი ზღვრული ვადა აქვს , რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს ან უარყოს.