ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

148 მილიონის ჯარიმა ოპოზიციის ლიდერს


ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის აქციაზე
ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის აქციაზე

მმართველი ელიტა ყველაფერს აკეთებს, რომ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩვევნებამდე ან საერთოდ არ მიუშვას, ანაც ფინანსურად გააკოტროს მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ბიძინა ივანიშვილი - ასეთია ექსპერტთა საერთო შეფასება, მას შემდეგ რაც, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთი დღის განმავლობაში ორი პროცესი გაიმართა და საერთო ჯამში, ოპოზიციის ლიდერი 148 მილიონი ლარით დააჯარიმეს.

ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითხოვდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ივანიშვილი კომპანიებს „გლობალ ტვს“-ს, „ბურჯსა“ და „ელიტა ბურჯს“ საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა.

„გლობალ ტვ“-ს შემთხვევაში სასამართლომ 12 410 000 ლარზე ოდნავ მეტი უკანონო შემოწირულობა დათვალა და შემდეგ ეს ციფრი ათზე გადაამრავლა. იმავე დარბაზში, ივანიშვილის კიდევ 22 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ერთი საათის შემდეგ მეორე მოსამართლემ უკვე ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ საქმეებზე გამოიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამერიკის ხმასთან ამბობს

ეკა გიგაური: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაქვს ნაციონალურ მოძრაობაზე კონკრეტული ფაქტები და მივმართავთ კონტროლის პალატას ამ შემთხვევაში მათგან ეფექტური რეაგირება არ ხდება.

იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ჯანსაღი წინაასაარჩევნო გარემო, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თავისი ქმედებით დაამტკიცოს რომ მას არ აქვს სუბიექტური მიდგომა და ამ ქვეყანაში არ გვაქვს შერჩევითი სამართალი.“

საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად გააკოტრა საკაბელო ოპერატორი „გლობალ ტვ“, რომლის ერთ-ერთი მეპატრონეც ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია.

„გლობალ ტვ“ ერთადერთი საკაბელო ოპერატორია, რომელმაც საკუთარ პაკეტში ჩასვა ტელეკომპანია „მეცხრე არხი“. ამის გამო „გლობალთან“ ურთიერთობა გაწყვიტეს პროსახელისუფლებო ტელეარხებმა „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“, „საქართველომ“, „მზემ“ და „ახალმა არხმა“.

„გლობალი“ ბიზნესს მაინც აფართოვებდა. წარმატებული გამოდგა მთელი საქართველოს მასშტაბით დაწყებული კამპანია, რომელიც გლობალის სატელიტური თეფშების ათწლიანი განვადებით დადგმას ითვალისწინებდა. ამ პერიოდში „გლობალის“ საქართველოს რეგიონებში გლობალის 107 ათასი თეფში დაიდგა.

„გლობალს“ ყველა თეფშის დემონტაჟი ისევ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოუწევს. სასამართლომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ სარჩელი დააკმაყოფილა, რომლებმაც „გლობალს“ ამ არხების სიგნალის უკანონო გავრცელებისთვის მარტში უჩივლეს.

„გლობალის“ მეპატრონემ ამერიკის მოქალაქე ალექსანდრე რონჟენსმა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა

ალექსანდრე რონჟესი: „მე არ ვარ ქართველი, მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ყველაზე მეტად რასაც ჩემს ქვეყანაში ვაფასებ, არის ის, რომ დაცულია ადამიანის ძირითადი უფლებები, ის კი რასაც ახლა აქ ვხედავ, არღვევს ქართველი ხალხის უფლებებს.

განვიცდი, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ დაიცვას სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, განვიცდი იმ ფაქტსაც რომ საქართველოს მთავრობას ურჩევნია, გაანადგუროს კომპანია, ვიდრე ის განვითარდეს და წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში.“

ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 148 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა 7 დღეში უნდა გადაიხადოს. ივანიშვილის ადვოკატებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს.

აშკარაა, რომ თბილისის 27 მაისისა და 10 ივნისი ქუთაისის მიტინგების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერზე ტოტალური იერიში მიმდინარეობს. დღეს კონტროლის პალატამ საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ასოციაცია „ატუს“ შემოწმება მოითხოვა და ფაქტობრივად ეს ორგანიზაციებიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დააკავშირა, რაც კიდევ ორი მრავალმილიონიანი ჯარიმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

XS
SM
MD
LG