ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ეს შენ გეხება“ - მეორე ტალღა


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო სექტორის მიერ წამოწყებული კამპანიის „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში, პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შევიდა.

35 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს საარჩევნო კოდექსში გამკაცრდეს მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების წესები; გაიხსნას მედია სივრცე; შეიზღუდოს ფარული პოლიტიკური რეკლამა; გაძლიერდეს მედიამონიტორინგი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა საკაბელო ოპერატორების რეგულაცია. ბოლო ორი წლის მანძილზე, ტელეკომპანია „მაესტრო“ ათზე მეტმა მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა გამორთო ქსელიდან, ახალმა მსხვილმა საკაბელო ოპერატორებმა კი საერთოდ უარი თქვეს „მაესტროს“ ჩართვაზე.

მაუწყებლობის დაწყების შემდეგ ზუსტად ანალოგიური პრობლემები შეექმნა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“, 6 მაისს კი გორის საკაბელო ოპერატორმა „კოსმოსმა“, კერძო ტელეკომპანია „თრიალეთი“ გათიშა.

ჟურნალ „ლიბერალის“ გამომცემელი შორენა შავერდაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ საკაბელო ოპერატორებს უნდა დაეკისროთ ვალდებულება - ყველა მაუწყებლის სიგნალი გაატარონ, რათა მოსახლეობას მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდეს.

„მეცხრე არხი“ თავის პაკეტში ჩასვა მხოლოდ ერთმა საკაბელო მაუწყებელმა ეს არის „გლობალი“. დიდი საკაბელოები, როგორიც არის „სილქ ტვ“, ყოფილი „აიეტი", იგივე „სუპერ ტვ“, „კავკაზუს ტვ“ ამას არ აკეთებენ. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი სიტუაცია, გასაგებია, რომ ეს კერძო კომპანიებია, მაგრამ გაუგებარია რის საფუძველზე არ სვამენ „მეცხრე არხს“. ამას ფაქტიურად, კამპანიის სახე აქვს, ეს არის სრულიად გამიზნული კამპანია „გლობალისა“ და „მეცხრე არხის“ წინააღმდეგ.

გასაგებია რაც ხდება, მაგრამ აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტი აქვს ამ ამბავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ინფორმაციას ვაწარმოებთ, თითქოს არის პლურალიზმი, მაგრამ წვდომა და გავრცელება ამ ინფორმაციისა არის ძალიან შეზღუდული. მით უმეტეს თუ საუბარია ტელევიზიებზე და იმ რადიოკომპანიებზე, რომლებსაც სჭირდებათ ლიცენზია და იყენებენ სიხშირეს.

საკაბელო ბაზარს 180 ათასი მომხმარებელი ჰყავს, აქედან "გლობალი" ფარავს 15 ათასს ადამიანს, ეს რას ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს რაოდენობა ნახავს „მეცხრე არხს“ ან იგივე „მაესტროს“.

არასამთავრობოების პროექტით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა 1 ივნისიდან უნდა დაწესდეს და გაიზარდოს იმ თანამდებობის პირთა რიცხვი, რომლებსაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილეები ითხოვენ, რომ შეზღუდვები გავრცელდეს რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულებზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. არასამთავრობოები ასევე მოითხოვენ რომ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომების პირდაპირი ეთერში გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით მოხდეს, ხოლო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რაოდენობის დადგენა არჩევნების შედეგების შეჯამებამდე განხორციელდეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორთა აზრით, ეს რეგულაცია ხმებით მანიპულირების საფრთხეს შეამცირებს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მთავარი პრობლემა, როგორც ყველა წინა არჩევნებზე, კვლავაც ქართული დემოკრატიის სისუსტეა. როცა მოქალაქეების ერთი ნაწილი საერთოდ არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, მეორე ნაწილის მონაწილეობა კი ზერელე და ფორმალურია.

„დღეს მიმდინარეობს კვაზიპოლიტიკური აქცია, იმიტომ რომ არასამთავრობოები ხელმძღვანელობენ „ეს შენ გეხება“. ეს კამპანია არის პირდაპირი გამოწვევა, თუ ამ აქციის წევრი არ არის საქართველოს მოქალაქეების 100 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს 100 პროცენტიანი მოქალაქეობა.

აქ ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ მოქალაქეები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობენ. დღეს ასეა. დღეს თუ ამ მოძრაობაში არ მონაწილეობ ან მისი დამთრგუნველი ხარ.

ანუ ხელისუფლება ხარ და ხელისუფლების მოქალაქე ხარ, ანუ კიდევ უფრო გასაგებ ენაზე, რეპრესიული აპარატის წარმომადგენელი ხარ, ან, უბრალოდ უყურებ, აკვირდები შენს მეზობლებს, ახალგაზრდებს როგორ იჩაგრებიან ისინი, იქ ვიღაც პოლიტიკური პარტიები, იქ რაღაც რესპუბლიკური ინსტიტუტები ვიღაცეები იჩაგრებიან. დღევანდელი ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ძალიან ჰგავს მოლოდინს, რომ მის გასაკეთებელს ვიღაც სხვა გააკეთებს.“

კამპანია „ეს შენ გეხება“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის თებერვალში დაიწყეს. კამპანია გახდა პასუხი მმართველი პარტიის მიერ, გასული წლის ბოლოს „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლებმაც კამპანიის მონაწილეების აზრით, საარჩევნო გარემო საქართველოში კიდევ უფრო გააუარესა.

2012 წლის მარტში, მმართველმა პარტიამ „ეს შენ გეხებას“ მონაწილეთა შენიშვნების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. როგორი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ რეაქცია საკანონმდებლო ცვლილებების მეორე პაკეტზე, უახლოეს მომავალში გახდება ნათელი.

XS
SM
MD
LG