ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილი კანონიერების სივრცეს არ დაარღვევს


კამპანიის ”ეს შენ გეხება ” წევრთა აზრით ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს.

მიმდინარე წლის 5 აპრილს ქრისტიან-დემოკრატიული პარტია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმად ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, მაგრამ საქართველოში დაიბადა და ბოლო 10 წელი საქართველოში ცხოვრობს, არჩევნებში მონაწილეობის და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ექნება. გიორგი თარგამაძის თქმით, ეს საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს საარჩევნო პროცესში ლეგიტიმურად ჩართვის საშუალებას მისცემს და საქართველოში მოვლენების ესკალაცია აღარ მოხდება:

” ჩვენი წინადადება უკავშირდება ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვას საიმისოდ, რომ მას ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა მომავალ არჩევნებში. ჩვენი წინადადება ითვალისწინებს კონსტიტუციის 49-მუხლის მეორე პუნქტში შემდეგი ცვლილებების შეტანას: პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21-წლის ასაკიდან, რომელიც ბოლო 10 წელი ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკაშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური უფლებებით ისარგებლებს ნებისმიერი ადამიანი, თუ აკმაყოფილებს ამ ცენზით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.”

გიორგი თარგამაძის ინიციატივას მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს:

”იურიდიული კომიტეტი და კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებების დაიწყების თაობაზე, მსჯელობას გაუწევს კოორდინირებას ამ საკითხზე. მე ვფიქრობ, რომ ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებრივ პროცედურებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ან იყოს თავისი სიის პირველი ნომერი და ა.შ.”.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი თვლის, რომ ქრისტიან-დემოკრატების საკანონმდებლო ინიციატივის მიღება საბოლოოდ დაუსვავს წერტილს პოლიტიკურ ინსინუაციებს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით : ” - და საბოლოოდ განსაზღვრავს საარჩევნო პოლიტიკურ სივრცეს. მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ექნება სრული საშუალება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ექნება ყველა პოლიტიკური უფლება, რომელიც გვაქვს ჩვენ. მისი უფლებები არ იქნება შეზღუდული არანაირად”.

”ქართული ოცნების” ლიდერმა თარგამაძის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელისუფლება ადვოკატ თარგამაძის მეშვეობით აცხადებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კანონიერების სივრცეშია და ზრუნავს ივანიშვილზე. კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა შემთხვევაში, თუ ქრისტიან-დემოკრატების საკონსტიტუციო ცვლილება დამტკიცდება, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ ყველა შემთხვევაში კანონს დაემორჩილება: ” - იმის ნაცვლად, რომ კანონი დაეცვა თავის დროზე სრულიად უკანონოდ ჩამომართვა მოქალაქეობა. მეორედ მივეცით მას საშუალება შეენარჩუნებინა სახე, აღედგინა მოქალაქეობა, მაინც ვერ მოახერხა ეს და ნახა იოლი გზა, რასაც იგი ახერხებს რამდენიმე წლის განმავლობაში. ბევრი კანონი შეცვალეს იმის შემდგომ, რაც მე პოლიტიკაში მოვედი. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე პატივს ვცემ ჩემ ქვეყანას და ასე ვაპირებ მომავალშიც”.

კონსტიტუციალისტი ვახტანგ ხმალაძე ქრისტიან-დემოკრატების საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის ”ხუშტურის” შესრულებად აფასებს, უწოდებს ინიცირებულ ცვლილებებს თითიდან გამოწოვილს , არასამართლებრივს და აბსოლუტურად მცდარს:

” ამ გადაწყვეტილებას არ ჯობდა მოქალაქეობა მიეცათ ბიძინა ივანიშვილისთვის და დამთავრდებოდა ყველაფერი?! მაგრამ არა, პრეზიდენტმა ხომ თქვა, რომ ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ნათქვამი შესრულდეს. აქ საქმე გვაქვს აშკარად ხუშტურის შესრულებასთან”.

კამპანიის ”ეს შენ გეხება ” წევრთა აზრით, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის ინიციატივა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს:

”ჩვენთვის მიუღებელია პარლამენტის წევრად არჩევა და სხვა პოლიტიკური უფლებების მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება, რადგან იგი საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას გამოიწვევს”.

XS
SM
MD
LG