ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო 3+3 ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს


თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველო 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ელჩმა თურქულ გამომცემლობა "დეილი შაბაჰს" უთხრა.

ელჩის თქმით, "საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“.

გამოცემა ამბობს, რომ გიორგი ჯანჯღავას თქმით, საქართველო თურქეთს და აზერბაიჯანს „სტრატეგიულ პარტნიორებად“, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“ მიიჩნევს რეგიონში, სადაც ირანიც მდებარეობს. „მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“.

საქართველოს ელჩის განცხადებას წინ უსწრებდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადება. 19 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას თურქეთის პირველმა დიპლომატმა მოლოდინი გამოთქვა, რომ 3+3 პლატფორმის შეხვედრას საქართველოც დაესწრებოდა.

როგორც გამოცემა წერს, ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ექვსი ქვეყნის პლატფორმა, რომელიც თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთისგან შედგება, რეგიონში მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის დასამყარებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG