ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისმა საერთაშორისო გამოძიება უნდა მოიწვიოს


Janusz Bugajski
Janusz Bugajski

ინტერვიუ ამრიკელ ექსპერტ იანუშ ბუგასკისთან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„ამერიკის ხმის“ სტუმარია იანუშ ბუგასკი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ევროპის პროგრამების უფროსი მეცნიერი. ის მიმდინარე მოვლენების შეფასებასთან ერთად, შეერთებულ შტატებში ამერიკა-საქართველოს ფორუმის ინიციატივაზე და საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობს.

როდის დაარსდა ამერიკა-საქართველოს ფორუმის ინიციატივა და რას ისახავს ის მიზნად?

იანუშ ბუგასკი: „ინიციატივას საფუძველი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევით ცენტრში დაახლოებით 6 თვის წინ ჩაეყარა. ჩავთვალეთ, რომ საქართველოს და კავკასიას საკმარისი ყურადღება არ ეთმობოდა. ამის საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის და რუსეთის მიმართ შეერთებული შტატების ახლანდელი ადმინისტრაციის ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის პირობებში. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი მოქმედებს, რომელსაც აქცენტი გადააქვს. გვინდოდა საქართველოზე, მისი დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის დარგებში არსებული პროგრესის მიმდინარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია გვქონოდა."

როგორ მუშაობს ფორუმი და რა ფორმით ახდენთ საქართველოს შესახებ ინფორმაციის კომუნიკაციას?

იანუშ ბუგასკი: „ვაწყობთ კონფერენციებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლებიც ძირითადად რეგიონალურ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ეხება. როგორც იცით, გასულ კვირას კონფერენცია 2 ოქტომბრისთვის შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს მივუძღვენით. საქართველოს უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო დოკუმენტიც გამოვეცით. არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირაში, როცა საქართველოს ახალი პარლამენტი ეყოლება, კიდევ ერთ ღონისძიებას ვგეგმავთ."

რატომ მიგაჩნიათ საქართველო დასავლეთისთვის ამდენად მნიშვნელოვნად?

იანუშ ბუგასკი: „საქართველო ევრაზიის კარიბჭეა. ეს არის გამოკვეთილად პროდასავლური ქვეყანა, ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც გარკვევით ამბობს, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრობა და ამერიკასთან ახლო პარტნიორული ურთიერთობა სურს. გეოგრაფიულად და სტრატეგიულად საქართველო არის გზა ცენტრალური ევრაზიისკენ, ცენტრალური აზიის ქვეყნების, კასპიის ზღვის აუზისკენ, მე ვიტყოდი ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის ერთი ნაწილისკენაც კი. აღარაფერს ვამბობ ჩრდილოეთ კავკასიის და რუსეთის შესახებ. საქართველო ენერგიის უსაფრთხოების და სტაბილურობის ნიშნითაც დასავლეთისთვის ერთ-ერთ კრიტიკულ სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენს."

რას იტყოდით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ?

იანუშ ბუგასკი: „ძალიან მნიშვნელოვანია და თან რამდენიმე ნიშნით. საქართველოსთვის ეს იქნება ერთგვარი ლაკმუსის ტესტი. ახლა გამოჩნდება, თუ როგორ პროგრესს მიაღწია ქვეყანამ დემოკრატიული ევოლუციის გზაზე. საქართველოს ჩვენ ვუყურებთ, როგორც რეგიონის წამყვან ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის და კორუფციასთან ბრძოლის გზაზე. როდესაც ტესტზე ვსაუბრობ, პირველ რიგში ვგულისხმობ შემდეგ კრიტერიუმებს: რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იქნება არჩევნები; როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება შედეგებს; თუკი იქნება პროტესტი - რამდენად ცივილურად გაართმევს მას თავს ხელისუფლება; როგორ შეფასდება არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ასე შემდეგ. თუკი ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდება, საქართველოს ბრწყინვალე მომავალი აქვს და სავარაუდოდ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს. პროცესებს ძალიან მჭიდროდ ვადევნებთ თვალყურს. უნდა გავითვსლისწინოთ, რომ არჩევნების მშვიდობიან და ყოველგვარი ძალადობის გარეშე ჩატარებაში პასუხისმგებლობა არამარტო მთავრობას, არამედ ოპოზიციასაც ეკისრება."

იმოქმედებს თუ არა ახალგაზრდობის მიერ მოწყობილი მასობრივი გამოსვლები არჩევნების შედეგზე? როგორც იცით, ისინი სამართალდამცავ და სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებული ადამიანის უფლებების უამრავ დარღვევას აპროტესტებენ.

იანუშ ბუგასკი: „ნებისმიერი პროტესტი იმოქმედებს, რა თქმა უნდა. ოღონდ ამან არ უნდა შეცვალოს ის ფაქტი, რომ მომავალ კვირას არჩევნები ყოველმიზეზგარეშე შედგეს. მოვლენებმა არც ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას უნდა შეუშალოს ხელი. დემონსტრაცია, თუკი ის საფუძვლიანია, იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ ცვლილებები უნდა განახორციელოს.

რაც შეეხება კონკრეტულ ძალადობას პენიტენციალურ სისტემაში, მიმაჩნია, რომ ნდობის აღსადგენად საქართველომ საერთაშორისო გამოძიება უნდა მოიწვიოს. ეს მთავრობის პასუხისმგებლობის ლეგიტიმურობის განმტკიცებისთვის არის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისე გამოჩნდება, თითქოს მთავრობა ციხეს ვერ აკონტროლებს, რაც საქართველოს მთავრობის სანდოობას და მის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამით ხელისუფლება საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებდა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს."

საქართველოს ახლანდელი მთავრობის მხარდამჭერებისგან მსმენია, სხვათა შორის იმ კონფერენციაზეც, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა ზოგიერთი დემოკრატიული პრინციპის დათმობას მოითხოვს. ეთანხმებით იმ აზრს, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა?

იანუშ ბუგასკი: „მტკიცედ მჯერა სიტყვის თავისუფლების აუცილებლობის. მიმაჩნია, რომ ის დემოკრატიზაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარეშე ნებისმიერი ქვეყნის განვითარება ფერხდება, ჩახშობილია მოსახლეობის ხმა, მისი პოტენციალი. მე პირადად არ მჯერა, რომ სტაბილურობისთვის სიტყვის თავისუფლების მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რადგან ასეთ შემთხვევაში სტაბილურობა ხელოვნური ხდება. ჭეშმარიტი სტაბილურობის მისაღწევად და მტკიცე სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობისთვის საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩართულობაა საჭირო. ამისთვის კი სიტყვის და გამოხატვის აუცილებლობა აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. 1 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევნებზე აუცილებლად უნდა წავიდეს და ხმა მისცეს როგორც საკუთარი გონებით, ასევე თავისი გულითაც."
XS
SM
MD
LG