ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებდით საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს თავდაცვის, სამხედრო, უსაფრთხოების სფეროებში და თანამშრომლოის რომელი მიმართულება იძლევა ორმხრივ დონეზე ყველაზე დიდი გაუმჯობესების პოტენციას?
სელესტ ვოლანდერი: „ამერიკასა და საქართველოს მჭიდრო, ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა აქვთ თავდაცვისა და სამხედრო სფეროებში. საქართველოს მონაწილეობა მიუღია და დღესაც შეაქვს წვლილი - სამხედრო კონტიგენტის თუ სხვადასხვა შესაძლებლობების სახით - ამერიკისთვის მნიშვნელოვან გლობალურ უსაფრთხოებაზე გათვლილ სამხედრო მისიებში და საწვრთნელ პროგრამებში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს ამ მისიებში კონტრიბუციისა და როლის შესრულების მხრივ.
ამასთან, ვაშინგტონი ქართველი ხალხის მადლიერია - წვლილი შეიტანოს საზიარო საერთაშორისო მისიებში. საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ამერიკა წლების განმავლობაში გამოხატავდა და ეს არაერთი ინტენსიური ხასიათის პროგრამით დასტურდება, რომელთა საშუალებით საქართველოს არმიის მოდერნიზება, და უფრო ზოგადად, თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების სისტემების განვითარება ხდებოდა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ, რა თქმა უნდა, შეიარაღებული ძალების გაწვრთნა, მათი მომზადება უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ ასევე არანაკლებ პრიორიტეტულად გვესახებოდა რიგი პოლიტიკური მიმართულებების დახვეწა, მთავრობის ინსტიტუციონალური სტრუქტურის გამართვა თავდაცვის სისტემებთან მიმართებაში, საზოგადოების შეგნების მომზადება, პარლამენტთთან მუშაობა, რათა მას უკეთ გაეცნობიერებინა საქართველოს თავდაცვის სექტორში საკუთარი მნიშვნელობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ისე რომ უნდა გითხრათ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ამ დარგში ძალიან ინტენსიურად ვითარდებოდა და საკმაო წარმატებითაც."
ამერიკის ხმა: საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში დიდია ამერიკის როლი. როგორ დაიწყო ეს პროცესი?
სელესტ ვოლანდერი: „ყველაზე დიდი და ფუნდამენტური წვლილი ამერიკის დახმარებაში მდგომარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო მოდერნიზაციის პროგრამის პროცესში. აქ მოვიაზრებ ოფიცერთა განათლების დახვეწისა და მომზადების პროცესს, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან მუშაობას, და ასევე სამხედრო ლიდერშიპთან ურთიერთობას, რათა ორივე მათგანს შექმნოდა კომპლექსური დაგეგმარების განხორციელების უნარი - სამხედრო წვრთნებისა და პერსონალის მართვის ჩათვლით - ასევე, საბიუჯეტო დაგეგმარების დახვეწა. ჩვენი მიზანი იყო მათი მომზადება გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარების განსახორციელებლად.
ალბათ მეტყვით, რომ ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი თავდაცვის სამინისტროს გამართული მუშაობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფუნდამენტია. ამ სფეროში ამერიკის დახმარების კონკრეტული პროგრამები კი, ქართული არმიის შესაძლებლობების გაუმჯობესებას მიემართებოდა „აისაფის" და სხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის და ქართველი სამხედროების უცხოეთში დისლოცირების გაუმჯობესების მიზნით. ამერიკის დახმარება მოხმარდა ამ მისიების ლოგისტიკურ დახმარებას და ტრანსპორტირების ასპექტებს. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დახმარებისა იყო უშუალოდ საქართველოს თავდაცვის საჭიროებებზე გათვლილი კონსულტაციები და თანამშრომლობა - ვგულისხმობ სამხედრო დოქტრინის შექმნის პროცესს და სამხედრო სფეროს დაგეგმარების დახვეწას. ეს პროცესი წელს დასრულდა ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრისას იმის აღიარებით, რომ ფუნდამენტის შექმნის შემდეგ უპრიანი იქნებოდა გადასვლა და მეტი აქცენტის გაკეთება თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში კონკრეტულ სფეროებს შეეხება," - ამბობს სელესტ ვოლანდერი და დასძენს, რომ ახლა როცა ის პენტაგონში აღარ მსახურობს, მიღწეული შეთანხმების განხორციელების ბოლო დეტალები მისთვის უცნობია, თუმცა, ხაზგასმით აღიარებს რომ აქცენტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე დროულია:
სელესტ ვოლანდერი: „ანალოგიური ფოკუსი ნებისმიერი ქვეყნის შესაძლებლობაა. ყველას უნდა ჰქონდეს თავდაცვისუნარიანობის განვითარების საშუალება და ზოგადად, მოქალაქეებს ქვეყანაში აქვთ მოლოდინი, რომ მათ სახელმწიფო დაიცავთ.
რაც შეეხება ორმხრივი ურთიერთობების, ამ ეტაპზე, ამ კონკრეტული სფეროს - თავდაცვისუნარიანობის პრიორიტეტულობას: მე გეტყვით, რომ ეს არ არის უცბად მომხდარი გარდატეხის შედეგი, ან მოულოდნელობა. პირიქით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე ზრუნვა ლოგიკური, თანმიმდევრული გაგრძელებაა იმ ურთიერთობების, შეძენილი გამოცდილების, წარმატების, რომლითაც ორმხრივი ურთიერთობები დღემდე ხასიათდებოდა."
ამერიკის ხმა: საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე, და ასევე მისი სამომავლო წარმატებული განვითარების მიზნით, რას გამოყოფდით გადამწყვეტ ფაქტორად ქვეყნის ცხოვრებაში: მოსალოდნელი არჩევნები, ეკონომიკური გაჯანსაღება, თავდაცვა თუ ყველა ეს სფერო ერთად აღებული?
სელესტ ვოლანდერი: „ჩემი მთავრობაში მუშაობის პერიოდში ვისწავლე, რომ არ უნდა შეჩერდე ერთ სფეროზე მაშინაც კი, როცა ნამდვილად არსებობს პრიორიტეტები - ისეთი როგორიც არის ეკონომიკის ზრდა, ან თავდაცვა, ან მარტო ეკონომიკა, რომლის წარმატებით ფუნქციონირებამაც თავდაცვის სექტორის დაფინანსებას უნდა შეუწყოს ხელი და ყოველდღიური შესაძლებლობები უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის.
მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენი კითხვა მაინც გამართლებულია. მე, გამოვდივარ რა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან, მისი განვითარებიდან, იმ გამოწვევებიდან, რომლებიც დღეს ქვეყანაში არსებობს, და ბოლოს, გამომდინარე საქართველოს სწრაფვიდან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით, მიმაჩნია, რომ
საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, დაკავშირებული პროცესები, კულტურის განვითარება და ქართული საზოგადოების როლის ამაღლება იმისთვის, რომ მათ არჩეული ლიდერები ანგარიშვალდებული გახადონ და საკუთარი მოთხოვნილებებისა და არჩევანის გზით განავითარონ ქვეყანა მართლაც ძალიან მნივნელოვანია.
როდესაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარი აქ ღირებულებითი პრინციპია. უდიდესი დატვირთვა აქვს პოლიტიკურ ინსტიტუციებს და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას. ამდენად, საქართველოს ნამდვილი შესაძლებლობა აქვს, დაამტკიცოს, რომ ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნება, რომ მას შესწევრს უნარი და ერთგულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპისა, და რომ უზრუნველყოფს ჯანსაღ დისკურსს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიციის საშუალებით. სწორედ ამ შესაძლებლობის დამტკიცება წარმოადგენს მოახლოებული არჩევნების ჩატარების საფუძველს. ყველგან - ამერიკაში, ევროპაში - მოუთმენლად ელიან და დიდი გულისყურით ადევნებენ მოვლენებს თვალს. მეც მგონია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია და საქართველომ უნდა დაამტკიცოსმ რომ მას ამ გამოწვევის, ან თუ გნებავთ, ამ გამოცდის ჩაბარება შეუძლია."
ამერიკის ხმა: და მაინც რას გამოყოფდით იმ გარემოში რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებობს? რა პროცესები იპყრობს თქვენს ყურადღებას? ნაკლოვანებები? ტენდენციები? რისი გაუმჯობესების დრო დარჩა?
სელესტ ვოლანდერი: „გამჭვირვალეობა წამყვანი პირობაა. მთავრობის ვალია არჩევნებში ყველა უცხოელ დამკვირვებელს მონაწილეობის საშუალება მისცეს, დაიცვას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ყველა პირობა. არ უნდა იყოს კითხვები ამომრჩევლის სრულყოფილ სიებზე, სარეგისტრაციო პროცედურებზე, საარჩევნო უბნებზე წესრიგი უნდა განმტკიცდეს, ოპოზიციურ პარტიებს სრული და შეუფერხებელი საშუალება უნდა მიეცეთ თავიანთი პროგრამა წარმოადგინონ და მოსახლეობასთან გამართონ შეხვედრები. ერთი სიტყვით, მთავრობას აქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო მოვალეობა, რომ განამტკიცოს კანონი და ყველანაირი პირობა შექმნას არჩევნების მშვიდობიან ვითარებში ჩასატარებლად. ვაცნობიერებთ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობასაც, რათა მათ, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაქსიმალურად უზრუნველყოს თავისუფალი საარჩევნო გარემო."
ამერიკის ხმა: რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ საერთაშორისო დონორებისგან მილიარდობით დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. თქვენი აზრით, მოჰყვა თუ არა ამ დახმარებას ქართველი მოსახლეობის თვალშისაცემი გაუმჯობესება?
სელესტ ვდერიოლან: „პასუხი ამ კითხვაზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს. თუმცა გეტყვით იმას, რომ ბოლო წლებში ჩემი საქართველოში მოგზაურობის დროს, მე დავინახე თუ როგორ გაუმჯობესდა დაზარალებული ინფრასტრუქტურა და როგორ მიეცა კონფლიქტის ზონიდან იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას სიტუაციის გაუმჯობესების საშუალება. ჩემთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისთვის ამ დახმარებით მიღწეული შედეგის დანახვა ძალიან საამაყოა. დღეს მიხარია, რომ იქ ბავშვებს უსაფრთხოდ შეუძლიათ სკოლებში სიარული, რომ ქალაქებში სტაბილური სიტუაციაა და მეტნაკლები უსაფრთხოება სუფევს. მე კონკრეტული ციფრები არ მაქვს ხელთ, რომ გითხრათ თუ ზუსტად რა დახმარება გამოიყო თავდაცვაზე ან ეკონომიკურ განვითარებაზე, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ამერიკამაც გაიღო წვლილი საქართველოს დახმარებისა და აღდგენის პროცესში."
ამერიკის ხმა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნატოს ჩიკაგოს სამიტზე ალიანსმა, აღიარა რა საქართველოს წვლილი ალიანსის საბრძოლო ოპერაციებში, ასევე მოახდინა იმის შეფასება, რომ ეს ქვეყანა წევრობისკენ თანმიმდევრულად მიდის?
სელესტ ვოლანდერი: მე ვფიქრობ, რომ ეს ასე იყო. საგანგებო ცალკე შეხვედრა, როელიც ჩატარდა ასპირანტებთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ქვეყნები მართლაც მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან ნატოსთვის და რომ ამას ალიანსის წევრი ქვეყნები კარგად აცნობიერებენ.
მე დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოს ყოველწიური ეროვნული შეფასების პროგრამა ძალიან პოზიტიურად იყო აღქმული და რომ ეს ქვეყანა ყოველწლიურად აჩვენებს დამატებით პროგრესს ალიანსის გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ეს პროგრესი ჩიკაგოში ხაზგასმული იქნა და ამას ყურადღებას აქცევენ მთელი წლის განმავლობაში ნატოს შტაბბინაშიც."
ამერიკის ხმა: როგორია თქვენი პროგნოზი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით უახლოესი მომავალში?
სელესტ ვოლანდერი: „უახლოეს პერიოდს რაც შეეხება, მე ვერ ვხედავ ორმხრივ ურთიერთობებში საგრძნობი გაუმჯობესების შესაძლებლობას. ვიცი, რომ ორივე სახელმწიფოში მთავრობის წევრები და ასევე ადამიანები სამთავრობო წრეებს გარეთ, იმედს ამყარებენ, რომ შენარჩუნდება ის ტენცდენცია, რისი მიღწევაც ბოლო წლებში მოხერხდა და რომ არ მოხდება ძალადობის განმეორება და ვითარების ესკალაცია. ორივე მხარეზე პოლიტიკური რიტორიკა ხშირად ჭარბობს და ეს ხელს არ უწყობს დაძაბულობის განმუხტვას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ხშრად ომის დასრულებას დამატებითი დაძაბულობა და ძალადობა მოსდევს, რასაც ვერ ვიტყვი რუსეთისა და საქართველოს შემთხვევაზე. მაგრამ საბოლოო ჯამში ვერც ეს სიტუაცია დაარეგულირებს კონფლიქტს და ბოლოს მაინც საჭირო იქნება ორივე მხარის გაბედული ნაბიჯები იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს სუვერენული მიწების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას ახლავს თან.
ჩემთვის ცნობილია იმ კვლევების შესახებ, რომლებიც ამ უთანხმოების გადალახვის სხვადასხვა გზებს სახავს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკოსების გასაკეთებელი საქმე და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი და რუსი ლიდერები, ამერიკის დახმარებით, ამ უთანხმოებებს დაძლევენ."