ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინააღმდეგ


საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შენობა. ჰააგა, ნიდერლანდები
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს შენობა. ჰააგა, ნიდერლანდები

9 იანვარს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს.

243 ხმით 140 ხმის წინააღმდეგ, კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს „არალეგიტიმური სასამართლოს მიმართ საპასუხო ქმედების აქტს“. იმისთვის, რომ აქტი კანონად იქცეს, ჯერ სენატმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. კანონპროექტს დამტკიცების პროცესში 198 რესპუბლიკელი 45 დემოკრატი შეუერთდა. არცერთმა რესპუბლიკელმა კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არ მისცა.

დამტკიცების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, შეიძლება სანქციები დაუწესდეს ნებისმიერ უცხოელს, რომელიც გამოიძიებს, დააპატიმრებს, დაკავებს ან სასამართლო დევნას განახორციელებს შეერთებული შტატების ან მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის - ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ამ სასამართლო კავშირის წევრები არ არიან.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი მიიღეს იმის გასაპროტესტებლად, რომ საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო კამპანიის გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტზე დაპატიმრების ორდერები გასცა.

კენჭისყრის წინ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარე ბრაიან მასტმა თავის სიტყვაში თქვა: „ამერიკა ამ კანონს იმიტომ იღებს, რომ „კენგურუ სასამართლოს“ სურს ჩვენი დიდი მოკავშირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი დააპატიმროს“.

კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც ახალ კონგრესში ერთ-ერთი პირველი იყო, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მხრიდან ისრაელის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას უსვამს ხაზს.

საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონპროექტს შეშფოთებით შეხვდა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ კანონს შეეძლება სისასტიკის მსხვერპლს სამართალი და იმედი წაართვას.

ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა. არც ისრაელი და არც ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებენ.

ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სასამართლოს სანქციები 2020 წელს, ავღანეთში ომის დანაშაულების გამოძიების საპასუხოდ დაუწესა, რომელიც ამერიკის მოქალაქეების მიერ წამების ბრალდებებს მოიცავდა.

ის სანქციები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა, თუმცა გასული წლის მაისში სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ მზად იყო კონგრესთან ეთანამშრომლა სასამართლოს წინააღმდეგ ახალი სანქციების პოტენციურ დაწესებაზე იმის პასუხად, რომ პროკურორმა ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერები მოითხოვა.

XS
SM
MD
LG