ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი - სამართლიანი არბიტრი


ivanishvili, Georgia
ivanishvili, Georgia

ინტერვიუ პროფესორ ალექსანდერ ქულისთან

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლების მიერ შექმნილი საარჩევნო გარემო, რუსული საფრთხე და დასავლეთის ნდობა. ეს ის საკითხებია, რაც ამ ბოლო პერიოდში ქართველი თუ არაქართველი ანალიტიკოსების და მედიის მსჯელობის მთავარი თემაა. აღნიშნულ საკითხებზე, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსანდერ ქულის ვესაუბრეთ.

ამერიკის ხმა: რამდენად გაუმჯობესებულია საარჩევნო გარემო საქართველოში და შეგვიძლია თუ არ ის მივიჩნიოთ დემოკრატიული არჩევნების საწინდრად?

„საკითხავია თუ რას შევადარებთ გაუმჯობესებას. ისმის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ცდილობს მოახდინოს საჯარო ადგილებში სარეკლამო გარემოს მონოპოლიზება, მიმდინარეობს ბრძოლა საკაბელო ტელევიზიების მიმართ, ასევე, არის ცნობები საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების დაშინების შესახებ, რათა ისინი დაესწრონ პროსამთავრობო მიტინგებს, ასევე, თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ მიტინგებზე დასწრებისგან. ამ ფაქტებზე ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია და ძალიან ძნელია იმის თქმა, ეს გარემო უკეთესია თუ უარესი. თუმცა, საერთო ჯამში, არის უამრავი პრობლემური ნიშანი,“ - განაცხადა პროფესორმა ქულიმ.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული საზოგადოების პოლარიზების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავარი კონკურენტი პარტიები ძალიან ემოციურად არიან განწყობილი. ასევე, პროფესორის თქმით, ქართული საზოგადოება საკმაოდ დამუხტული იყო იმ ცვლილებებით და მოდერნიზაციით, რაც მოხდა გასული ათწლეულის განმავლობაში. დიდი გავლენა იქონია, აგრეთვე, ომმა. ყველაფერი ეს კი პროფესორ ქულის აზრით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციებზე. გარდა ამისა, მხარეები გარკვეულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ არჩევნებს.

„თქვენ ხედავთ, რომ ეს არის მთავრობის ერთგვარი ტაქტიკა. ხშირია რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქართულ ოცნებას სურს საქართველოში რუსული ინტერესის განხორციელება, რომ არ არის ცნობილი ივანიშვილის წარსული და მთავრობა აქცენტს აკეთებს რუსეთში მის წარსულ მოღვაწეობაზე. ასევე, საზოგადოების ემოციაზე თამაშობს საქართველოს, როგორც პროდასავლური დემოკრატიის წარმოჩენა. ამდენად, საქართველოს შიდა პოლიტიკა ამ წინასაარჩევნო ციკლში განსაზღვრულია საერთაშორისო პოლიტიკით,“ - განაცხადა ბატონმა ქულიმ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად მართებულია ივანიშვილის რუსული ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებული კითხვები კონკურენტი ბანაკის მხრიდან, ბატონმა ქულიმ განაცხადა:

„ვფიქრობ, ლეგიტიმურია კითხვა, თუ როგორ იშოვა ივანიშვილმა ფული რუსეთში 1990-იან წლებში, ისევე როგორც სხვა მილიარდერებმა. თუმცა, ივანიშვილის სასარგებლოდ არის ის, რომ მან შეძლო ამ კითხვების ნაწილზე პასუხების გაცემა. ასევე, ბოლო პერიოდში ივანიშვილმა მოახერხა რუსულ ჰოლდინგებთან კავშირის გაწყვეტა, რაც გასულ კვირას ბოლო აქტით განხორციელდა.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ნებისმიერი პირი, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას - იქნება ეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, თუ რეგიონალური საკითხები - საქართველოში ენიჭება უფრო პრორუსული იარლიყი, ვიდრე ამჟამინდელ მთავრობას. თუმცა, ვფიქრობ, აუცილებელია სერიოზული დებატები იმის შესახებ, თუ რა პარამეტრებით უნდა განისაზღვროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, რა საკითხები უნდა იყოს განხილული, იქნება ეს ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები. ჩემი აზრით, არსებული სტატუს-ქვო ემსახურება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს,“
- განაცხადა ალექსანდერ ქულიმ.

თუ რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების დაწყების შესახებ, ბატონმა ქულიმ აღნიშნა:

„ვერ გეტყვით, რამდენად შეძლებს ამ პირობის განხორციელებას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას შეუძლია უზრუნველყოს პოლიტიკურ გახსნილობა მოლაპარაკების განსაახლებლად. კონფლიქტების გადაჭრისთვის წინსვლა, პროგრესი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვფიქრობ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია, თუმცა გარემოს და მომლაპარაკებელთა ცვლილება უდავოდ შეცვლის კლიმატს, განსაკუთრებით აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელიც გახდება რეალური აქტორი და არა უბრალოდ რუსეთის მარიონეტი.“

ბატონი ქულის განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფუძვლოა შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი ისარგებლებს ირანსა და დასავლეთს შორის კონფლიქტით და მოახდენს საქართველოს ოკუპაციას. ქულის აზრით, ეს რუსეთის მხრიდან უფრო დაშინების და ვითარების გამუქების მცდელობს ემსახურება.

რაც შეეხება ვაშინგტონს და დასავლეთის ფაქტორს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ალექსანდერ ქულიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც მან გამოყო დიდი ფინანსური დახმარება, რათა არ დაშლილიყო საქართველოს სახელმწიფო. ამდენად, პროფესორი ქული თვლის, რომ შეერთებულ შტატებს აქვს საშუალება იყოს სამართლიანი არბიტრი საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
XS
SM
MD
LG