ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ ფეიჯ ალექსანდერთან


როგორ აფასებს საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენგტო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


ჩვენი სტუმარია ფეიჯ ალექსანდერი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპის და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი. ის საქართველოდან სულ ახლახან დაბრუნდა და „ამერიკის ხმის" რედაქციას ესტუმრა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

„ამერიკის ხმა": ვიცი, რომ საქართველოდან სულ ერთი კვირის წინ ახალი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით. მაგრამ მოდით, შედარებით ზოგადი კითხვით დავიწყოთ: როგორ ახდენს ამერიკის მთავრობა წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს და შეფასებას საქართველოში?

ფეიჯ ალექსანდერი: „სააგენტო საქართველოში თითქმის 20 წელია მუშაობს. ბიუჯეტიდან ჩვენმა ორგანიზაციამ მხოლოდ 2012-2014 წლებისთვის, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, 17 მილიონი დოლარი გამოყო. ეს თანხა რა თქმა უნდა, უშუალოდ წინასაარჩევნო პროცესს არ უკავშირდება, თანხის დიდი ნაწილი დემოკრატიის მშენებლობისთვის აუცილებელ პროცესებზე დაიხარჯა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ამ პროცესებს შორისაა ცეესკოსთან თანამშრომლობა და მიღებული საარჩევნო რეფორმა. ბოლო ვიზიტით კმაყოფილი ვარ, რადგან სამუშაოები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ზოგიერთი რეფორმა უკვე გატარდა."



„ამერიკის ხმა": რა მეთოდებით ხდება კონტროლი და კონკრეტულად რომელ რეფორმას გულისხმობთ?

ფეიჯ ალექსანდერი: „მთავარი ყოველთვის ქართველი ხალხის არჩევანია, მინდა ეს თავიდანვე ხაზგასმით ავღნიშნო. ჩვენ მხოლოდ რეგიონში და მსოფლიოში არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაფერის რეკომენდაციებს ვიძლევით. საქართველომ მიიღო ეფექტური საარჩევნო კანონი, გაატარა მედიაზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალეობისთვის აუცილებელი რეფორმა. სიამოვნებით მინდა ავღნიშნო, რომ „მასთ ქერის“ დანერგვა მოხდა. ჩვენი სურვილია „მასთ ქერი“ გაგრძელდეს, არჩევნების ციკლს გასცდეს და მომავალ გამოწვევებსაც გაუძლოს. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ყველას, ვინც არჩევნებს თვალყურს ადევნებს, მათ შორის რა თქმა უნდა, იყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. პროცესი ჩვენი რწმენით თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს."

„ამერიკის ხმა": ხომ არ დაასახელებთ საპარლამენტო არჩევნების რამდენიმე მთავარ გამოწვევას?

ფეიჯ ალექსანდერი: „ამ არჩევნებს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების და პრინციპების შეფასების საკითხში პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი დაკვირვებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის იქნება, რომ ხალხს აქციების მოწყობის საშუალება მიეცეს. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდშიც იყო რამდენიმე მიტინგი. ვუყურეთ დებატებს, რაც ნამდვილად მისასალმებელია და იმედი გვაქვს დებატები გაგრძელდება. ქართველი ხალხის უფლებაა თვალყური ადევნოს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. კიდევ ერთ გამოწვევად დავასახელებდი კანონის უზენაესობას. ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ არჩევნებზე წამოჭრილი პრობლემების სამართლიანი და კანონის შესაბამისი გადაწყვეტა. მოხარული ვარ რომ სატელიტური თეფშების შესახებ მოდავეებს შორის შეთანხმება შედგა, რადგან ვიცით, რომ მედიაზე ხელმისაწვდომობა არჩევნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს და მოისმინოს სრული ინფორმაცია დეპუტატობის კანდიდატების და მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ."

„ამერიკის ხმა": რას იტყოდით მოვლენების უახლესი განვითარების შესახებ? როგორც იცით, სტუდენტები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისთვის მასობრივ დემონსტრაციებს აწყობენ.

ფეიჯ ალექსანდერი: „შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნოზი, თუ როგორ იმოქმედებს ეს მოვლენები ოქტომბრის არჩევნებზე. ამერიკაში ასეთი გამოთქმა არსებობს: „ოქტომბრის სიურპრიზი ყოველთვის მოსალოდნელია“, რაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინა თვის არაპროგნოზირებად ხასიათზე მეტყველებს. ის რაც საქართველოში მოხდა, რა თქმა უნდა სკანდალია, სკანდალია მთავრობისთვის და მთლიანად საქართველოს მასშტაბითაც. ახლა ყველაზე მთავარია საპასუხო რეაქცია, ის, თუ როგორი პასუხი იქნება ამ სკანდალზე. ის, რომ მთავრობა ამ მოვლენებს სერიოზულად იღებს, ამაზე მაღალი პოსტებიდან გადადგომის ფაქტებიც ადასტურებს. შეერთებული შტატების მთავრობა უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ანგარიშში მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პრობლემები იყო. დიდი იმედი გვაქვს, რომ მათი გადაწყვეტა ბოლოს და ბოლოს მოხდება."

„ამერიკის ხმა": ოპოზიცია გამოკითხვებს არ ენდობა და სავარაუდოდ, არჩევნების შედეგებსაც ლეგიტიმურად არ ჩათვლის. რა პოზიციას დაიჭერს დასავლეთი, თუკი პროცესები ისევ ქუჩებში გადაინაცვლებს?

ფეიჯ ალექსანდერი: „შეერთებული შტატების გამოცდილებით გეტყვით, რომ ჩვენთანაც გამოკითხვები ხან მუშაობს და ხან არა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, რომელიც მე საქართველოს შესახებ ვნახე, გარკვევით არ ჩანს, თუ რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ. ჩვენ შეხვედრები გვქონდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებით დავბრუნდით. რეალობა ასეთია: 2 ოქტომბერს მოვლენები იმის მიხედვით განვითარდება, თუ როგორ გაართმევს თავს საქმეს ცეესკო 1 ოქტომბერს. თუკი ხალხი ქუჩებში გამოვა და ხელისუფლება საჭიროების გარეშე მიიღებს ზომებს, ეს პრობლემა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვთ. თუმცა იმის მიხედვით, რაც ჩვენ საქართველოში ვიხილეთ, იმედია ცეესკო სამუშაოს სათანადოდ შეასრულებს და მასობრივი პროტესტის საჭიროება არ გაჩნდება."

„ამერიკის ხმა": რადგან რუსეთი საქართველოს კრიტიკული მნიშვნელობის მეზობელია, საინტერესოა თქვენი აზრი 1 ოქტომბერს USAID-ის მიერ რუსეთის დატოვების შესახებ. რა ბედი ელის იქ თქვენი ორგანიზაციის პროგრამებს, რომლებიც რუსეთში დემოკრატიულ განვითარებას ემსახურება?

ფეიჯ ალექსანდერი: „რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამწუხაროა და სამწუხაროა პირველ რიგში რუსი ხალხისთვის. 20 წელიწადზე მეტია ჩვენი პროგრამები რუსეთში წარმატებით და სრულიად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ამით ამერიკის პოზიცია არ შეიცვლება, ჩვენი დახმარება რუსეთში დემოკრატიული პროცესების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ხელშეწყობისთვის გაგრძელდება, ოღონდ სხვა გზებით და არა ჩვენი სააგენტოს მეშვეობით."

„ამერიკის ხმა": რაკი რუსეთზე ჩამოვარდა საუბარი, რამდენად რეალურად გეჩვენებათ რუსული საფრთხე საქართველოში?

ფეიჯ ალექსანდერი: „შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ საზღვრებს პატივს სცემს. ეს საყოველთაოდ ცნობილია. გამიჭირდებოდა უსაფრთხოების პრობლემებზე საუბარი ამ კუთხით, არა მგონია ახლა საკითხი საგარეო ურთიერთობების მოგვარებას ეხებოდეს. მოდით ფოკუსირება შიდა პრობლემებზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, ქართველი ხალხის არჩევანზე, მათი უფლებების დაცვაზე, უმუშევრობის, ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე გავაკეთოთ. ახლა ყველაზე მთავარია დავრწმუნდეთ იმაში, რომ რეზონანსული, მოწინავე სამოქალაქო საზოგადოება გვყავს. სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ვის მისცეს ხმა ქართველმა ხალხმა."
XS
SM
MD
LG