ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საქართველოსადმი ინტერესი იზრდება


რა პოზიციას დაიჭერს ამერიკა 2 ოქტომბერს, თუკი ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო აქციას მოაწყობს?

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრში 18 სექტემბერს გამართულმა კონფერენციამ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამერიკა-საქართველოს ფორუმი, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორია, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისთვის ახალ, ნოვატორულ ფორმებს ეძებს, რომელიც უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებთან ერთად დემოკრატიული ზრდის მეთოდებსაც მოიცავს.

კონფერენციის თემა გახლდათ „ საქართველო წინასაარჩევნო ეტაპზე: მიღწევათა კონსოლიდაცია და გამოწვევების დაძლევა“. სხდომის პირველი ნაწილი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას მიეძღვნა, მეორე კი უშუალოდ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინაშე არსებულ გამოწვევებს დაეთმო. გამხსნელი სიტყვით გამოვიდნენ იანუშ ბუგასკი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ევროპის პროგრამების უფროსი მკვლევარი და საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში - თემურ იაკობაშვილი.

„ვფიქრობ, დემოკრატიის მშენებლობა არ არის ადვილი საქმე, როცა ქვეყნის მთლიანობა, სახელმწიფოებრივი ორიენტაცია და არსებობაც კი გამოწვევების წინაშეა. გვინდა შევაფასოთ სიტუაცია იმის მიხედვით, თუ როგორ მოვიდა საქართველო აქამდე და რას უნდა ველოდოთ არჩევნებზე და მისი ჩატარების შემდეგ“ - აღნიშნა იანუშ ბუგასკიმ.



საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს. მისი თქმით, სულ რამდენიმე დღის განმავლობაში შეერთებულ შტატებში საქართველოს ოქტომბრის არჩევნების თემას 5 სხვადასხვა ღონისძიება ეთმობა. ინტერესი უსაფუძვლო არ არის, აღნიშნა მან:

„ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოს განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია - განაცხადა ელჩმა და კონფერენციის მონაწილეებთან და დამსწრეებთან ზოგადი კონტექსტის შექმნის მიზნით რამდენიმე წლის წინ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს და ძალაუფლების გადაცემის აუცილებლობის საკითხს, რომელზეც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაუსვა ხაზი, ბატონმა იაკობაშვილმა საკუთარი ინტერპრეტაცია წარმოადგინა. მისი განმარტებით, ხელისუფლების გადაცემა მოხდება, ოღონდ არა ისე „პრიმიტიულად“, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია. საქართველოს ელჩის თქმით, ხელისუფლების გადაცემა ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების დიდი ნაწილის დათმობას და მისი პარლამენტისთვის გადაცემას ნიშნავს.

კონფერენციაზე ბატონმა იაკობაშვილმა ერთი მეტად საყურადღებო განცხადება გააკეთა: „საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და არ მოხდება მისი რეინკარნაცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრემიერი უკვე გვყავს და თუკი არჩევნებზე მმართველი პარტია გაიმარჯვებს, ის შემდეგი 4 წლის მანძილზე პოსტზე დარჩება. ასე რომ საქართველოს ბევრად უფრო ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი ეყოლება“.

საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი გარემოს განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: ფეიჯ ალექსანდერმა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენგტოს (USAID) ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელობს; გიორგი მუჩაიძემ, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა და ჯოშუა ვოკერმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან.

ფეიჯ ალექსანდერმა, რომელიც საქართველოდან სულ ახლახან ჩამოვიდა, ისაუბრა იმ მთავარ საკითხებზე, რომელზეც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო გაამახვილებს ყურადღებას. ესენია: საქართველოში კანონის უზენაესობა, კონკურენციის აუცილებლობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მედიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით - პროვინციებში და კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობა.

დარბაზიდან დასმულ შეკითხვაზე, თუ რა პოზიციას დაიჭერს შეერთებული შტატები 2 ოქტომბერს, თუკი ოპოზიცია, რომელიც გამოკითხვებს უკვე არ ენდობა, არჩევნების შედეგებსაც ეჭვქვეშ დააყენებს და მიტინგებს მოაწყობს, ფეიჯ ალექსანდერმა უპასუხა, რომ მიტინგის ჩატარება ადამიანის ელემენტარული უფლებაა და ის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია:

ჩვენთვის საზოგადოებრივი აზრი კრიტიკული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამიტომ მთავარი მიზანია არჩევნების დღეს ქართველ ხალხს მისი გამოხატვის ლეგიტიმური საშუალება მიეცეს. ადამიანებს საპარლამენო არჩევნებზე ხმის მიცემის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მათი ხმები სამართლიანად უნდა იყოს დათვლილი... საბოლოო ჯამში სწორედ ისინი წყვეტენ საქართველოს მომავალს. და თუკი ქართველი ხალხი ქუჩებში გავა, ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ჩვენ ყველა მხარეს სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ და მაქსიმალურად შევეცდებით არჩევნების შედეგების სწორი შეჯამება გავაკონტროლოთ“ - აცხადებს ის.

ჯოშუა ვოკერმა ყურადღება ზოგადად რეგიონზე გაამახვილა და იმ ადგილზე, რომელიც საქართველოს ამერიკის საგარეო პოლიტიკაში უჭირავს. გაუსვა რა ხაზი თურქეთთან მზარდ პარტნიორულ ურთიერთობებს, ბატონმა ვოკერმა ისაუბრა საქართველოს მედიატორულ როლზე ამიერკავკასიაში. მისი თქმით, საქართველოს, როგორც ერთგვარ ენერგიის გამტარ დერეფანს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე.დიპლომატიის არსი ფუნდამენტურად იცვლება. 21-ე საუკუნეში მისი ჩარჩოები და პარტნიორული ურთიერთობები ეკონომიკური რეალიებით უფრო განისაზღვრება, ვიდრე ტრადიციული პოლიტიკური შეხედულებებით“ - აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წარმომადგენელმა.

გიორგი მუჩაიძემ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის სახით არსებულ საგარეო საფრთხეზე და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე გაამახვილა. შემდეგ სიტყვით გამოვდნენ: ჰედერ კონლი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის ევროპის პროგრამების დირექტორი და უფროსი მკვლევარი; სტივენ ნიქსი, ევრაზიის განყოფილების დირექტორი რესპუბლიკელთა საერთაშორისო ინსტიტუტიდან; სვანტე კორნელი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის დირექტორი და ბრენდა შაფერი, ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორი.

განსაკუთრებით საგულისხმო იყო სვანტე კორნელის გამოსვლა, რომელმაც დასავლეთი, კერძოდ კი ევროკავშირი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, ძალიან ძნელია ლოგიკის დანახვა იმაში, რომ ნატომ საქართველოს შემთხვევაში ალიანსში გაწევრიანების სტანდარტი აამაღლა და მას მიღებაზე უარი უთხრა, მაშინ, როცა ალბანეთი ხელგაშლილი მიიღო. იგივე ხდება ევროკავშირის და თურქეთის შემთხვევაშიც. გაუგებარია, რა ლოგიკით გახდა რუმინეთი ევროკავშირის წევრის ქვეყანა და ამ დროს თურქეთის მიღება ძველებურად ფერხდება - აღნიშნა მან.

კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებმა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს. აუდიტორიაში მსმენელთა შორის რეგიონალური ექსპერტები, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა წევრები, ყოფილი და მოქმედი დიპლომატები, აკადემიკოსები და სტუდენტები იყვნენ.
XS
SM
MD
LG