ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფრიდომ ჰაუზი" გამოძიებას ითხოვს


„ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ვაშინგტონში არსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს

საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც პატიმართა წამების ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას უკავშირდება, „ამერიკის ხმის" ქართულმა რედაქციამ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა უფლებადამცველი ორგანიზაციის - „ფრიდომ ჰაუზის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორს, სუზან კორკს.

ამერიკის ხმა: პირველ რიგში თუ შეიძლება საკითზე, რომელსაც დღეს უბრალოდ გვერდს ვერავინ აუვლის: რა რეაქცია გქონდათ პატიმართა წამების ვიდეო მასალის გამოქვეყნების შემდეგ და რა მიდგომა უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მთავარია, მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

სუზან კორკი: „მე მიჭირს ამ თემაზე საუბარი. ვიდეო კადრები არ მინახავს, მაგრამ ვნახე „ჰუმან რაითს ვოჩის" განცხადებები და მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის საქციელი შემაშფოთებელია. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ დააკავა მონაწილე პირები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია მომხდარის გამოძიება და შესწავლა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღძვრის ჩათვლით, რათა პასუხი აგონ ამ ფაქტებში მონაწილე ადამიანებმა."

„ამერიკის ხმა": გადავიდეთ წინასაარჩევნო სიტუაციის შეფასებაზე. მოსამზადებელ პერიოდში გადაიდგა ნაბიჯები, რათა საარჩევნო გარემო, კანონმდებლობა, მედიაზე წვდომა ნაწილობრივ მაინც, გაუმჯობესებულიყო. ამავე დროს, გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე წარმოადგინეს შუალედური ანგარიშები წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით. ამ სიტუაციაში, როგორ ხედავს „ფრიდომ ჰაუზი“ შექმნილ მდგომარეობას?

სუზან კორკი: „თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენს ორგანიზაციას საქართველოში ამ წუთებში არ ჰყავს წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ დააკვირდებოდა ამ მოვლენებს, თუმცა არიან მონიტორები, რომლებიც ჩვენი სახელით სწავლობენ მიმდინარე მოვლენებს. თავად მე არჩევნებს დავაკვირდები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის სახელით. მთლიანობაში, წინასაარჩევნო ეტაპზე მე დავაფიქსირე გაუმჯობესება წარსულ არჩევნებთან შედარებით.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გატარდა ცვლილებები და ეს უწყება ახლა უფრო გამჭვირვალეა. თავად პროცესს უკეთესი სტრუქტურა აქვს და რიგ პროცედურებს ექვემდებარება. თუმცა, გარემო საკმაოდ ნეგატიურია ორივე მხარეს და საკმაოდ ბინძური. მთავრობა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრალდებებს აყენებს და ასეა ოპოზიციის შემთხვევაშიც. კიდევ ერთი მომენტი პოლარიზაციასთან დაკავშირებით - შეინიშნება დიდი სხვაობა რეგიონებსა და დედაქალაქში არსებულ სიტუაციაში.

მედია გარემოსთან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებებში არაპროპორციულად ხდება მოვლენების ასახვა, გაშუქება გადახრილია ხელისუფლების სასარგებლოდ, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ."


„ამერიკის ხმა": მოდით უფრო მეტი დრო დავუთმოთ მედია გარემოს: „მასთ-ოფერი" და „მასთ-ქერი" წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა, გვაქვს რა მთავრობის მზაობა მედიაზე წვდომის გაზრდის კუთხით იმოქმედოს, არ გვაქვს მისი მხრიდან მომავალი რეალური ნაბიჯები, რაც „მასთ-ქერისა" და „მასთ-ოფერის" პრინციპებს არჩევნების დღის შემდეგაც უზრუნველყოფდა.

სუზან კორკი: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მხრიდან „მასთ- ქერისა" დ „მასთ-ოფერის" პრინციპების ამოქმედება. ამ ზომამ მნიშვნელოვნად გაზარდა საზოგადოების მხრიდან ინფორმაციაზე წვდომა, რადგან მანამდე პლურალისტური აზრის მიწოდება ერთ-ერთი დიდი პრობლემა იყო. თუმცა, ამაზე თანხმობის გაცხადება, ძირითადად, იმ ზეწოლის შედეგად იქნა მიღწეული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოიჩინეს. მთავრობის მხრიდან კი, ეს არ გავდა გულწრფელ სურვილს. მიუხედავად ამისა, „მასთ-ქერის" პრინციპის გატარების დაწყებით, მთავრობამ მოსახლეობასა და ამომრჩევლის უფრო დიდ ნაწილს პოლიტიკური პარტიების უფრო დიდი ნაწილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კარგი იქნება თუ ამ პირობების მოქმედება საარჩევნო დღის შემდეგაც გაგრძელდება."

„ამერიკის ხმა": 2012 წლის დასაწყისში თქვენი ორგანიზაცია წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლით ქართული ოპოზიციური სპექტრი დამატებით სტიმულს შეიძენდა სამოქმედოდ. რას იტყვით ამ კანდიდატზე, მისი პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენიდან თითქმის ერთი წლის თავზე და როგორია იმ კოალიციის თქვენეული მახასიათებლები, რომელიც მან ჩამოაყალიბა?

სუზან კორკი: „ეს ნამდვილად ასე იყო და ასეა. ივანიშვილის გამოჩენამ დიდი მუხტი შესძინა ოპოზიციურ ძალებს და მის მთავარ მეტოქეს, თუმცა, გაჩნდა ასევე დიდი ფული. მაგრამ ამან, ნაწილობრივ, მოიტანა პოლარიზება და გახლეჩა, დაპირისპირება გამწვავდა ორივე მხრიდან. მიუხედავად ამისა, მე მაინც მიმაჩნია, რომ მის მიერ გაწეული ძალისხმევა და ოპოზიციური ძალების მობილიზება დასაქმების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პრიორიტეტული საკითხების წამოწევის კუთხით უფრო პოზიტიურია, ვიდრე მისი მხრიდან მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები.
"

„ამერიკის ხმა": თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ წინასაარჩევნო მდგომარეობას და გავიაზრებთ რისი გაკეთება შეიძლება, რათა არჩევნები სამართლიან ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარდეს, არის რამე ისეთი რაც დარჩენილ დღეებში მთავრობას შეუძლია გააუმჯობესოს?

სუზან კორკი: „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელის. პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან უცხოეთში. საერთაშორისო საზოგადოება სწორედ ამ არჩევნებს აფასებს გამოცდად. მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ საქართველო ხდება საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გაცილებით ძლიერი იქნება პრემიერ მინისტრის უფლებები. შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოებას აინტერესებს როგორ განვითარდება მომავალში საქართველო. ამ არჩევნებმა სამომვლო პროცესების წარმართვას უნდა შეუწყოს ხელი."

XS
SM
MD
LG