ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად სამართლიანია წინასაარჩევნო გარემო საქართველოში?


თომას მელია: „საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული გამოცდა იქნება."

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„საქართველოში არჩევნები თანაბარი და კონკურენტუნარიანია,“ - ეს შეფასება გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, თომას მელიამ და „ჰერითიჯის" ფონდის წამყვანმა სპეციალისტმა, არიელ კოენმა ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე ვაშინგტონში. მოსმენის თემა გახლდათ - თუ რამდენად თავისუფალი და სამართლიანია საარჩევნო კამპანია საქართველოში და როგორ აფასებებს ამ მოვლენებს შეერთებული შტატები.

შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი ესწრებოდა. მომხსენებელთა შორის იყვნენ შავი ზღვისა და კასპიის რეგიონის კვლევითი ცენტრის დირექტორი, მამუკა წერეთელი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი მკვლევარი, არჩილ გეგეშიძე.

თომას მელიამ, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოდან, ზოგადად ისაუბრა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ დემოკრატიის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი და კონკურენტუნარიანი უწოდა. მისი თქმით, საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიული გამოცდა იქნება, რომლის შემდეგაც ძალაუფლება ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს და პარლამენტს მშვიდობიანი გზით გადაეცემა.

„შეერთებული შტატები უჭერდა და ყოველთვის დაუჭერს მხარს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული გზით განვითარებაში. ამერიკის მთავრობა თანაბრად ითანამშრომლებს ნებისმიერი პარტიის ლიდერთან, რომელზეც საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს,“ - აღნიშნა თომას მელიამ.

ფონდის წამყვანმა სპეციალისტმა, არიელ კოენმა, რომელიც ძირითადად საქართველოს და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების საკითხებზე მუშაობს, გამოსვლისას საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე შეაჩერა ყურადღება. კოენის აზრით, არათუ საქართველოში, არამედ შეერთებულ შტატებშიც კი, ციხეებში ადგილი აქვს წამების ფაქტებს და მაგალითის სახით, ალაბამისა და მიჩიგანის შტატის ციხეებში ბოლო დროს მომხდარი ფაქტები გაიხსენა.

„რეფორმების გზაზე მავალი ქვეყნისთვის მსგავსი ფაქტები უცხო არ არის. საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ გამოიძიებს და დასჯის ამ საზარელი ფაქტების ინიციატორებსა და შემსრულებელებს,“ - განაცხადა არიელ კოენმა. კოენმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო „ქართული ოცნების" ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის შემოსავლის წყაროების მიმოხილვას და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის სააკაშვილის პარტიის მიმართ სიმპატიაზე ისაუბრა.

საინტერესო სიტყვით გამოვიდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი მკვლევარი, არჩილ გეგეშიძე. მან საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია წინააღმდეგობრივი თვისებებით გამოარჩია:

„საქართველოში ჩატარდა რეფორმები, ხელისუფლების ძალაუფლება გაიზარდა, თუმცა დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ძალზე ცოტა რამაა გაკეთებული,“ - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.

ჰელსინკის კომისიის მოსმენაზე დასწრება თავისუფალი იყო. ამიტომ შეხვედრას ვაშინგტონის და ნიუ იორკის ემიგრანტებიც ესწრებოდნენ. ასოციაცია „თვისტომის" და საერთაშორისო კოალიცია „ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის" ნიუ იორკის ოფისის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჩხეიძე ნიუ იორკიდან მოსმენაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მან ემიგრანტების სახელით წუხილი გამოთქვა, რომ ახალი კანონის გამო 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ემიგრანტებმა შენობის წინ ტრანსპარანტები გაშალეს და საქართველოს ციხეებში ძალადობა გააპროტესტეს.
XS
SM
MD
LG