1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენების წინ ჯავახეთში უპრეცედენტო სიტუაცია შეიქმნა. როგორც მმართველმა პარტიამ - ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე ოპოზიციამ - ქართულმა ოცნებამ ახალქალაქში დეპუტატობის კანდიდატებად სომხური ნაციონალისტური ორგანიზაცია „ჯავახკის“ ყოფილი და მოქმედი ლიდერები დაასახელეს.
ნაციონალურ მოძრაობას „ჯავახკის“ დამფუძნებელი, სამველ პეტროსიანი, ქართულ ოცნებას კი „ჯავახკის“ ამჟამინდელი თავჯდომარე ნორიკ კარაპეტიანი წარმოადგენენ. სახალხო მოძრაობა „ჯავახკი“ რეგიონში 1988 წელს, ქართული ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს, ადგილობრივ ნაციონალისტებთან ერთად სწორედ სამველ პეტროსიანმა დაარსა.
თავდაპირველად ორგანიზაციის მთავარი მიზანი ჯავახეთის სომხური მოსახლეობის "ქართველი ნაციონალისტებისგან დაცვა" იყო, რომელიც შემდგომში ჯავახეთისთვის ფართო ავტონომიისა და სომხური ენისთვის რეგიონალური ენის მინიჭების მოთხოვნებში ტრანსფორმირდა.
ბოლო 24 წლის განმავლობაში, სომეხ ნაციონალისტების მოძრაობამ როგორც აღმავლობის, ისე სერიოზული კრიზისის პერიოდი გაიარა. კონფლიქტებისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს:
„ჯავახკი არის ყველაზე მასობრივი და გავლენიანი ორგანიზაცია ახალქალაქში. და ის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალა საქართველოში, ახალქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატად ირჩევს, ჯავახკის დამფუძნებელსა და მოქმედ ხელმძღვანელს, ეს არის უჩვეულო, ეს არის პოლიტიკურ პროცესში ახალი მომენტი.“
სახალხო მოძრაობა „ჯავახკი“ განსაკუთრებით გავლენიანი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სწორედ სამველ პეტროსიანის დროს იყო. პეტროსიანმა მაშინ უკანონო შეიარაღებული ფორმირება შექმნა, რომელიც იარაღით ახალქალაქში დისლოცირებული ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის არმიის სამხედრო ბაზიდან მარაგდებოდა.
„ჯავახკი“ მაშინ ღიად აცხადებდა, რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე საქართველოს არმიის შენაერთების შესვლას არ დაუშვებდა. პეტროსიანი ჯავახეთიდან იარაღითა და ცოცხალი ძალით ამარაგებდა მთიანი ყარაბაღის სომხურ სამხედრო ფორმირებებსაც და თავადაც მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში.
სხვადასხვა მონაცემებით, მთიანი ყარაბაღის ომში პეტროსიანის მიერ ჯავახეთიდან გაგზავნილი 50-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა. პეტროსიანი, რუსების დახმარებით იარაღით ვაჭრობდა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ჯერ ცხინვალის, შემდეგ კი აფხაზეთის კონფლიქტში გაეხვა.
1991 წელს პრეზიდენტი გამსახურდია იძულებული იყო დათანხმებულიყო პეტროსიანის კანდიდატურას ახალქალაქის პრეფექტის თანამდებობაზე, სამხედრო პუტჩის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ პეტროსიანს მაღალი თანამდებობა საგზაო მილიციაში გამოუყო.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და მისი მოადგილის ამირან მესხელის მხარდაჭერით, პეტროსიანი ჯერ სამცხე-ჯავახეთში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, 2006 წლის 1 სექტემბრიდან კი ახალქალაქის პოლიციის უფროსი გახდა.
მეორე კვირაა, უკვე პოლკოვნიკი სამველ პეტროსიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატია. „ქართულმა ოცნებამ“ კი „ჯავახკის“ მოქმედი ხელმძღვანელი ნორიკ კარაპეტიანი დაასახელა.
2006 წელს, თვითმმართველობის არჩევნების დროს, ნორიკ კარაპეტიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო და ახალქალაქის საკრებულოში სწორედ მმართველი პარტიის სიით შევიდა. პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს:
„ახალქალაქში პოლიტიკური სიტუაცია ყოველთვის იყო დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ აკონტროლებდა ადგილზე სიტუაციას და როგორ გამოიყენებოდა ეს ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ.
ყველა ხელისუფლებაში იდგა ის ამოცანა, რომ ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან, იგივე ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან, მაქსიმალურად ყოფილიყო აკრეფილი საარჩევნო ხმები. ეს ყოველთვის მიიღწეოდა ადგილობრივ კლანებთან გარიგებით ან მოლაპარაკებით, რომლებიც ადგილზე სიტუაციას აკონტროლებდნენ.
ასე იყო ვარდების რევოლუციამდე და ვარდების რევოლუციის შემდეგაც. ის, რომ ეს მეთოდი ეხლაც იქნებოდა გამოყენებული მმართველი ძალის სასარგებლოდ, სავსებით ცხადი იყო. აი ამ სქემაში უნდოდა, როგორც ჩანს ქართულ ოცნებას დისონანსი შეეტანა და ამიტომაც იგივე გზით წავიდა და იგივე მექანიზმი გამოიყენა.“
ჯავახეთში ოპოზიციური „ქართული ოცნების“ პოლიტიკას გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია წარმართავს. ზურაბ ჟვანიას ჯერ კიდევ „მოქალაქეთა კავშირიდან“ მოყოლებული ახლო ურთიერთობები ჰქონდა ჯავახეთის ადგილობრივ ავტორიტეტებთან, მათ შორის, რაისიანების გავლენიან ოჯახთან.
მელიქ რაისიანი 1999 წელს საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა, 2004 წელს კი „ნაციონალურ მოძრაობას“. ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნება“ ახალქალაქში დეპუტატობის კანდიდატად სწორედ რაისიანის დასახელებას გეგმავდა.
თუმცა მოულოდნელად რაისიანზე „2007 წელს ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით“ ახალქალაქის პოლიციაში საქმე აღიძრა, აგვისტოში იგი დაუსწრებლად გაასამართლეს და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დღეს იგი ძებნილია. ამის შემდეგ, რაისიანისვე რჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი ნორიკ კარაპეტიანზე შეაჩერა.