ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რამდენად ეფექტურად დაიხარჯა $395 მილიონი?


თბილისის-ახალქალაქის ახალ გზაზე პირველმა პრეზიდენტმა გაიარა, 2010 ნოემბერი
თბილისის-ახალქალაქის ახალ გზაზე პირველმა პრეზიდენტმა გაიარა, 2010 ნოემბერი

საქართველოში აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის სამთავრობო კორპორაციის ხუთწლიანი პროგრამა სრულდება

საქართველოში სრულდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (US Government’s Millennium Challenge Corporation) ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონმა თბილისს 395 მილიონი დოლარი გამოუყო.

ამერიკის მთავრობის გრანტს საქართველოს მთავრობა სპეციალური ფონდის - „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (Millennium Challenge Georgia Fund) მეშვეობით ხარჯავდა.

ამ ხნის განმავლობაში დაფინანსდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია, ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის აღდგენა, რეგიონალური ინფრასტრუქტურის და აგრობიზნესის განვითარება, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტები.

2005 წლის სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმება-კომპაქტის ფარგლებში საქართველომ 295 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დამატებით კიდევ 100 მილიონი.

ორ მილიონზე მეტი მოხმარდა ორი მნიშველოვანი კვლევის - შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევისა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერას, რომელიც მილენიუმის ფონდმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად განახორციელა. საქართველოში ამერიკის ელჩი ჯონ ბასი ამბობს

„ფონდმა თავისი წვლილი შეიტანა არა მარტო ინფრასტრუქტურის და აგრობიზნესის განვითარებაში, არამედ სტატისტიკის სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესებაშიც.

ეს დახმარება და კვლევები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს საშუალებას მისცემს უკეთ მოიპოვოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობას სწორი პოლიტიკის გატარებაში დაეხმარება.“

ოფიციალურად მილენიუმის პირველი კომპაქტი 2011 წლის 7 აპრილს დასრულდება, თუმცა საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ქვეყანა მეორე კომპაქტსაც მიიღებს. წლის დასაწყისში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დირექტორთა საბჭომ ვაშინგტონში, ახალ ბენეფიციარებად განასთან ერთად, საქართველოც დაასახელა.

ამ ქვეყნებს მიეცათ უფლება მოამზადონ წინადადებები მეორე კომპაქტის დაფინანსების მისაღებად. ეს შერჩევა ავტომატურად დაფინანსების მიღებას არ ნიშნავს, ამიტომაც უცნობია რა ოდენობის თანხა გამოეყოფა საქართველოს. ამის მიუხედავად, „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ აღმსრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი მეორე კომპაქტის გაფორმებას უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს

„ეს გადაწყვეტილება ძირითადად მიღებული იქნა პირველი კომპაქტის, რომელიც უკვე განვახორციელეთ, წარმატებით. საერთოდ, საქართველოს, როგორც ქვეყნის წარმატებით. იგულისხმება კორუფციასთან ბრძოლა და კორუფციის დაბალი დონზე, სხვადასხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიღწევები. შესაბამისად, ამ ორი ძირითადი კომპონენტის გამო საქართველოს კიდევ გამოეყოფა მეორე კომპაქტი.“

პირველი კომპაქტის წარმატებაზე საუბარი გადაჭარბებულად ეჩვენებათ იმ ექსპერტებს, რომლებიც განხორციელებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებდნენ.

მილენიუმის ფონდი პირველად სკანდალში 2009 წლის ბოლოს გაეხვა, როცა ფონდის ყოფილი აღმსარულებელი დირექტორი ლაშა შანიძე დააკავეს. განსაკუთრებით დიდი დარღევები იყო სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციაზე, სადაც აშკარად გამოჩნდა ელიტური კორუფციის ნიშნები.

სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა
სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა

თავდაპირველად, 244 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე 102 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო, თუმცა საბოლოოდ, მასზე 212 მილიონ 615 ათასი დოლარი დაიხარჯა, ხოლო რეაბილიტირებული გზის სიგრძე 22 კილომეტრით შემცირდა.

პროექტი სკანდალით დაატოვებინეს ისრაელის კომპანია „აშტრომს“, რომელმაც ტენდერი რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანის ლობირებით მოიგო და სამუშაო უხარისხოდ შეასრულა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრორამების დირექტორი ნინო ევგენიძე ამერიკის ხმასთან ამბობს

„ის, რომ ვალდებულებების შესრულება არ ხდებოდა ხელშეკრულებების გათვალისწინებული პირობების თანახმად, ხდებოდა ჩამორჩენა ფინანსური და სამოქმედო გეგმებიდან უკვე იმაზე მიანიშნებდა და გვაძლევდა იმ ვარაუდის საშუალებას, რომ ერთ-ერთი კომპანია, „აშტრომ ინტერნეიშენელი“ ვერ შეძლებდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ჩვენ ამაზე უკვე 2008 წლის ბოლოდან მივუთითებდით ფონდის მენეჯმენტს. პირველად „აშტრომის“ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო გაუქმდა კონტრაქტი და ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთ სხვა კომპანიას გადაეცა 35 მილიონიანი ხელშეკრულება;

შემდეგ, უკვე მეორედ, კვლავ „აშტრომის“ გამო შეიქმნა ფორს-მაჟორი და კვლავ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაეცა სხვას 30 მილიონიანი ხელშეკრულება. იმაზე საუბარი რომ აშკარა დარღვევა მგონი ზედმეტია.

გზის პროექტი დასრულდა, სხვა კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, თუმცა ამან გაზარდა ფასი. რეაბილიტაცია იმაზე ორჯერ ძვირი დაჯდა, ვიდრე ეს იყო კომპაქტით გათვალისწინებული.

„აშტრომ ინტერნეიშენელი“ იყო ისრაელის კომპანია, არის მოსაზრებები რომ მათ ქართველი მაღალჩინოსნები ლობირებდნენ. ჩემთვის ცნობილი არის და არც ყოფილა დამალული ერთი მათგანის ვინაობა. ის თავის თავს შეხვერებზე „აშტრომის“ მენეჯერად წარადგენდა, ეს გახლავთ კობა ბექაური.“

ათასწლეულის გამოწვევის პროექტს ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2004 წლის იანვრიდან ახორციელებს.

საქართველოს მთავრობა დღეს უკვე მეორე კომპაქტის მოლოდინშია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსდება ხულო-ადიგენის გზის რეაბილიტაცია და ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალი გახდება.

XS
SM
MD
LG