ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის „რკინის აბრეშუმის გზა“


საუკუნის პროექტად წოდებული, კიდევ ერთი, სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის, გეგმის მიხედვით, 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე, რომელმაც რკინიგზის მეშვეობით აზია ევროპას უნდა დააკავშიროს.

პროექტის ფარგლებში, ახალქალაქში, ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მაიერის მიერ დაპროექტებული, ულტრათანამედროვე რკინიგზის სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, სრულდება ოთხ კილომეტრიანი ურთულესი საინჟინრო ნაგებობა - სარკინიგზო გვირაბი, ზღვის დონიდან 1800 მეტრზე, რომელიც, ზედ საქართველო-თურქეთის საზღარზე გაიჭრა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, სატრანსპორტო დერეფნით უკვე დაინტერესედნენ გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც შუა და ცენტრალური აზიის, მათ შორის, ჩინეთის ბაზარზე მუშაობენ.

“ნებისმიერი ტვირთი, რომელიც აზიიდან მოდის, ჩინეთიდან მოდის, გვერდს უვლიდა ამ მარშრუტს და გადამზიდავი ეძებდა ალტერნატიულ გზას. ამ სარკინიგზო მაგისტრალის დატვირთვა იყო მინიმალური.

რთული რელიეფის და მოძველებული რელსების გამო, შემადგენლობა აქ გადაადგილებას ათ საათს ანდომებდა, ხოლო ზამთარში საერთოდ ვერ მოძრაობდა, ეს შეუძლებელი იყო.

ჩვენ, აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად უკვე ვესაუბრეთ გადამზიდავ კომპანიებს და მივიღეთ დასტური, რომ ჩინეთიდან მომავალი ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი წამოვა ამ მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ეს გზა მათ ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ალტერნატიული მარშრუტები.

ამ რკინიგზის მშენებლობა უნდა დასრულდეს 2011 წელს, ახალქალაქის ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა 2012 წელს, იმიტომ, რომ ძალიან რთული კონსტრუქციაა. მიმაჩნია, რომ ეს სადგური ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სეგმენტია, ახალქალაქის სადგური, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სადგული იქნება. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის, ისე თურქეთისთვის.“

ახალ აშენებული, 105 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი საქართველოს ქალაქ ახალქალაქს თურქეთის ქალაქ ყარსთან აკავშირებს. პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობს მარაბდა-თეთრიწყარო-წალკა-ახალქალაქის უკვე არსებული, 160 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის სრული რეაბილიტაცია.

საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მთლიანად აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი 202 მილიონი დოლარის სესხის მეშვეობით მიმდინარეობს. ოფიციალური ბაქო, რომელიც სრულ რეაბილიტაციას უკეთებს ასევე საკუთარ რგინიგზას, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.

გუშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების სიმპოზიუმზე გამოსვლისას, კერძოდ აღნიშნა

"აზერბაიჯანის ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის განვითარების წარმატებულ სტრატეგიას. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს ენერგეტიკული პროექტებიდან შემოსული მოგების ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროების განვითარებაზე მიმართვას.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ჩვენ რეალურად ველით ევროპიდან აზერბაიჯანში ახალი დიდი ინვესტიციების შემოდინებას.

ჩვენი ეკონომიკის ასეთი წარმატება საუკუნის კონტრაქტის გაფორმებასა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუტაციაში შესვლას მოჰყვა, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ველით რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლით ჩვენი ეკომომიკა კიდე უფრო გაიზრდება."

გრანდიოზული პროექტის თავდაპირველი ღირებულება 450 მილიონი დოლარი იყო, თუმცა მშენებლობის პერიოდში ეს ციფრი 600 მილიონამდე გაიზარდა და არ არის გამორიცხული კიდევ შეიცვალოს.

ნიშანდობლივია, რომ პროექტს მხოლოდ აზერბაიჯანი და თურქეთი აფინანსებენ, რაც მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული სომხური ლობის "დამსახურებაა". მათი ზეწოლით ამერიკის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციამ უარი უთხრა მსხვილ ამერიკულ კომპანიებს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობაში ჩართვის შემთხვევაში, ინვესტიციების დაზღვევაზე.

ოფიციალური ერევანი დღემდე პროექტს ანტისომხურად მიიჩნევს, რომელიც სომხეთს თამაშგარეთ ტოვებს. სომხები ხაზს უსვამენ, რომ უმოკლესი გზა, ამ დერეფანში უკვე არსებული, გიუმრი-ყარსის რკინიგზის ხაზია, თუმცა, ის 1993 წლიდან აღარ მოქმედებს, როცა თურქეთმა მთიანი ყარაბაღის ომის გამო, სომხეთთან საზღვარი ცალმხრივად ჩაკეტა. თბილისში დაბადებული ცნობილი სომეხი პოლიტოლოგო სტეფან გრიგორიანი ამბობს

"მე ვფიქრობ, რომ რეგიონის ინტერესებიდან, რეგიონში სამმხრივი თანამშრომლობის განტკიცებიდან და, რა თქმა უნდა, თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზებიდან გამომდინარე, უფრო პერსპექტიული იქნებოდა, უკვე არსებული, სარკინიგზო ხაზის - გიუმრი-ყარსის ამოქმედება, რომელიც დღეს არ მუშაობს“.

„რკინის აბრეშუმის გზაზე“ პირველ ეტაპზე, წელიწადში ექვსი მილიონი ტონა ტვირთის და მილიონი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

ექსპერტთა შეფასებით, ეს ციფრები რამდენჯერმე გაიზრდება, როცა 2012 წლის ბოლოს, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეში, გამავალი წყალქვეშა გვირაბი „მარმარაი“ პირველ მატარებელს გაატარებს.

ეს იქნება მწვანე შუქი იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ევროპაში მატარებლით გამგზავრებას მოინდომებენ.

XS
SM
MD
LG