ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხური დემარში


სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოსი ვიზიტი გადადო
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოსი ვიზიტი გადადო

სომხურ-ქართულ ურთიერთობებში სამკვირიანი კრიზისის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს დაუგეგმავი ვიზიტით ერევანს სტუმრობდა.

როგორც ცნობილია, ნოემბრის დასაწყისში, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტი.

სარქისიანი თბილისში, მოსკოვში განხორციელებული სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ პუტინს შეხვდა. უკვე თბილისში სარქისიანი უნდა შეხვედროდა პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ გილაურს და კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის პრესს-მდივანმა გაავრცელა, საპასუხოდ კი უკვე სომხეთის პრეზიდენტის პრესს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა აღნიშნა, რომ სერჟ სარქისიანს ნოემბრის პირველ ნახევარში საზღვარგარეთული ვიზიტი დაგეგმილი არ აქვს.

ოფიციალური ვიზიტის გადადების მიზეზები ვერც საგარეო მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ ახსნა:

„ვიზიტი გადადებულია, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ამბავი დიპლომატიურ ურთიერთობებში, მე ნამდვილად არ ვიცი ვიზიტის გადადების მიზეზი, რომ გადაიდო ფაქტია.“

სომხურ პრესაში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის გადადების ორი ვერსია გავრცელდა. პირველი ვერსიისა თანახმად, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად სარქისიანი უკმაყოფილო დარჩა, რომ საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როცა რუსეთში სარქისიანის ოფიციალური ვიზიტი იწყებოდა.

სომეხი ექსპერტების აზრით, ამ ფაქტს შეიძლება ცუდი გავლენა მოეხდინა სარქისიანის შეხვედრებზე რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმეტთან, რომელიც სააკაშვილისა და სარქისიანის ახლო ურთიერთობით ისედაც გაღიზიანებულია.

მეორე ვერსია, რომელიც სომხეთში უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ, პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამს ეხება. 19 ოქტომბერს, სახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრისას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, სააკაშვილი შეეხო სომხეთის თავუშის რაიონში მომხდარ მეწყერს, რის გამოც სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ.

პრეზიდენტმა კერძოდ თქვა, რომ „მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი რამდენიმე საათში გადაწყვეტდა ამაზე უფრო რთულ პრობლემას, სომხებმა კი ამას ორ კვირაზე მეტი მოანდომეს. აი, რას ნიშნავს, ეფექტური სახელმწიფო აპარატი“.

ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ამ შეხვედრის სტენოგრამიდან, ეს ფრაზა ამოღებულია. . სომხეთის პარლამენტის წევრმა შირაქ ტოროსიანმა სააკაშვილის ამ ფრაზას უკიდურესად არაკორექტულად უწოდა და სამთავრობო საათზე რეაგირება სომხეთის პრემიერისგან მოითხოვა.

საპასუხოდ ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, რომ „ჩემი მხრიდან არ იქნება კორექტული რაიმე შეფასება გავაკეთო, რომელიც სომხურ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებას არ წაადგება. პოლიტიკოსებს ემოციების უფლება არ გვაქვს“.

ამ თემას დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა, რომელმაც უარყო ქართულ და სომხურ მედიაში გავრცელებული მოსაზრება რომ, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ვიზიტი ერევანში დაძაბულობის განმუტვას ემსახურებოდა.

„მე არ ვფლობ დამატებით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სომხეთის პრეზიდენტი შეიძლება რაიმე ფორმით განაწყენებული იყოს მის ქართველ კოლეგაზე. პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, არა მხოლოდ მეზობრული და კოლეგიალური, არამედ ურთიერთობა, რომელიხ ამის მიღმა მიმდინარეობს და მათ ძალიან კარგი პიროვნული ურთიერთობა აკავშირებთ.

ისევე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს და ჩვენ არავითარი ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელდება სწორედ იმ დროს როცა მხარეები ერთმანეთში შეთანხმდებიან.

გრიგოლ ვაშაძის ვიზიტს რაც შეეხება, ეს არის სამუშაო ვიზიტი, რომელიც ასევე შეთანხმებული იყო და სწორედ ის, რომ ეს ვიზიტი გეგმიურად ხორციელდება მიუთითებს იმაზე, რომ არავითარ უთანხმოებას ადგილი არ აქვს.“

კავკასიაში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად სომხეთი და საქართველო აქამდე ახერხებდნენ კონსენსუსის მოძებნას.

ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების თემა, ჯავახეთი, ოკუპირებული ტერიტორიები: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი, გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზა, სომხურ-რუსული და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, მეწამორის ატომური ელექტროსადგური ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ორ მეზობელ ქვეყანას შორის მწვავე დისკუსიების საგნად, თუმცა აქამდე ასეთი სახის დემარშს, პირველი პირის ვიზიტის გადადებას ადგილი არ ჰქონია.

ჯერჯერობით, უცნობია რა კონკრეტული შედეგით დასრულდა გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ერევანში და როდის შედგება სომხეთის პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი საქართველოში.

XS
SM
MD
LG