ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯავახეთის ავტონომიის მომხრე რადიკალები არჩევნებში დამარცხდნენ


როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები ჯავახეთში?
როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები ჯავახეთში?

ყველაზე რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უკვე წლებია ჯავახეთის ფართო ავტონომიას ითხოვენ, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საკრებულოებში ვერ მოხვდნენ.

ეს არის ერთ-ერთი საინტერესო შედეგი, რითაც სამცხე-ჯავახეთში გამართული, ადგილობრივი არჩევნები გამოირჩა. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება მეზობელი სომხეთიდან. ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საბჭოს - იერკირის სახელით, ერევნიდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯავახეთში არჩევნები გაყალბდა. ამ საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავიდ რსტაკიანმა გვითხრა:

დავიდ რსტაკიანი: ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ არჩევნებში, როგორც ნინოწმინდაში, ისე ახალქალაქში. ჩვენ არ წაგვიგია. ამომრჩეველმა ხმა მოგვცა. სხვა საქმეა, რა ციფრები გაიგზავნა ცსკო-ში. ვფლობთ, მონაცემებს, რომ არჩვენებზე მოსული მოსახლეობის 20 პროცენტიდან, 13-მა პროცენტმა მოგვცა ხმა, ეს დამარცხებაა?!

დე იურე წავაგეთ, დე ფაქტო მოვიგეთ! ვინც ეცდება საწინააღმდეგოს დამტკიცებას, ჩამოვიდეს, გავხსნათ საარჩენო ურნები და ხელახლა დავთვალოთ მონაცემები. ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს, მხარდამჭერები არ გვყავს და რა გინდა რომ ქნა?!

ცნობილი რადიკალური ჯგუფების - ჯავახკის და ვირქის აქტივისტები, ძიძიგური-დავითაშვილი-ნოღაიდელის "ეროვნული საბჭოს" სახელით იყრიდნენ კენჭს, ცსკ-ოს მონაცემებით, ახალქალაქში მათ 1169 ხმა აიღეს, ნინოწმინდაში კი მხოლოდ 488. მაჟორიტარული

არჩევნები წააგეს ვირქის და ჯავახკის ლიდერებმა ნორიკ კარაპეტიანმა, დავიდ რსტაკიანმა და მელს ტოროსიანმა. ნინოწმინდის ტელეკომპანია "ფარვანას" დირექტორი კონსტანტინე ვართანიანი ამბობს, რომ ჯავახკის ერთ-ერთმა ლიდერმა ფარვანას ეთერით თავად აღიარა დამარცხება.

კონსტანტინე ვართანიანი: ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი კენჭს იყრიდა ახალქალაქის საკრებულოში და დამარცხდა. ეს იყო მელს ტოროსიანი. მე მაქვს ჩანაწერი, ის ორი დღის წინ ჩვენი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ არანაირი გაყალბება ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა, მან წაგება დააბრალა იმას, რომ მისი კონკურენტი ასევე ტოროსიანი იყო და ბევრმა ამის გამო, შეცდომით, კონკურენტს მისცა ხმა.

ჯავახეთის ხმები დიდი უპირატესობით ნაციონალურმა მოძრაობამ წაიღო. ორივე რაიონში მეორე ადგილზე მრეწველები გავიდნენ, გოგი თოფაძის პარტიას, ისევე, როგორც 2006 წლის თვითმმათველობის არჩევნებზე, გაერთიანებული ჯავახკის ახალგაზრდული მოძრაობის- ჯემის აქტივისტების ნაწილი წარმოადგენდა.

ამჯერად, მათი ლიდერის ვაჰაგნ ჩახალიანის გარეშე. ჩახალიანს, შარშან ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა ახალქალაქში მასობრივი არეულობის, საბრძოლო იარაღის უკანონო შენახვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს:

მამუკა არეშიძე: მრეწველების სიით პრონციპში გაიმარჯვეს, ჯავახკის განაყოფმა, ეს არის ორგანიზაცია ჯემი. აქედან გამომდინარე, ეს არის, ხალხი, რომელიც, პრინციპში, ძალიან შორს არ არიან ჯავახკის იდეოლოგიისგან.

საერთოდ, უნდა გითხრათ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არიან ადამიანებიც, რომლებიც იქაურ აქტიურ საზოგადოებრივ პლატფორმაზე იდგნენ სხვა და სხვა ასეთი ტიპის ორგანიზაციებში, როგორებიც ვირქი და ჯავახკია.

რაც შეეხება იმას კარგია თუ ცუდია, მათი ძირითადი ნაწილის საკრებულოს მიღმა დარჩენა, ასეთი კატეგორიულობით არ მოვახდენდი ამის შეფასებას, მე მაინც მგონია, რომ ობიექტური არჩევნები საჭირო იყო, რათა გვენახა, რა საერთო სურათს მივიღებდით რეგიონში.

ნაციონალურმა მოძრაობამ გარდაბნისა და თიანეთის შემდეგ, ხმების ყველაზე დიდი "მოსავალი" სწორედ ახალქალაქში აიღო. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონებში ირაკლი ალასანიას "ალიანსმა" ერთი ხმაც კი ვერ მოაგროვა.

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ არაქართული მოსახლეობის ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში კვლავაც ქართული დემოკრატიის სუსტ წერტილად რჩება.

გია ნოდია: საერთოდ, საარჩევნო თვალსაზრისით, ეროვნული უმცირესობების ძირითადი პრობლემა, არის, ის, რომ ისინი არ არიან ჩართულნი ზოგად ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში. ამის, ერთ-ერთი მაჩვენებელია ის, რომ ისინი, თითქმის არ მონაწილეობენ, საერთო-ეროვნულ პოლიტიკურ პარტიებში.

ამიტომ, ისინი, საარჩევნო პოლიტიკურ ბრძოლებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, ერთგვარად გარედან უყურებენ. ისინი არ გრძნობენ, თავს ჩართულად ამ ბრძოლებში. ამიტომ, არჩევნების დროს, ისინი, როგორ წესი, აძლევენ ხმას სახელისუფლებო პარტიას, იმიტომ, რომ, ეს არის ზოგადად, ქვეყნის მიმართ ლოიალობის გამოხატულებაა.

ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე მიაჩნიათ. ეს სინდრომი, ასე ვთქვათ, არ შეცვლილა, ბოლო წლებში, ის არსებითად, იგივეა, რაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს.

საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ეთნიკური სომხების, ჯავახელების მოძრაობა - ჯავახკი იმდენად ძლიერი იყო, რომ ყარაბაღის ომშიც იბრძოდა და პრეზიდენტი გამსახურდია იძულებული გახადა ახალქალაქის პრეფექტად ჯავახკის ერთ-ერთი ლიდერი დაენიშნა.

პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, ჯავახკის დასუსტებას, ვირქის დაბადება-გაძლიერება მოჰყვა, რომელიც ჯავახეთის ავტონომიის იდეით ღიად გამოვიდა.

პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში, კი უკვე ჯავახკის ახალგაზრდული ფრთა ჯემი გაძლიერდა, რასაც მისი ლიდერის ჩახალიანის დაპატიმრება მოჰყვა.

რას მოუტანს ჯავახეთს ბოლო არჩევნები, რითაც, პრაქტიკულად სომხური, რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფების დიდი უმრავლესობა პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩა, ეს ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG