ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მარტოხელა მგლები“ - ევროპაში ისლამისტების თავდასხმების რისკები მაღალია, ამბობენ ოფიციალური პირები


ევროპაში ისლამისტების თავდასხმების მაღალი ალბათობაა, - ამბობენ ოფიციალური პირები და განმარტავენ, რომ ეს რისკების ზრდა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომი.

ევროპის უსაფრთხოების ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ საფრთხეები უფრო მოსალოდნელია „მარტოხელა მგლების“ მხრიდან. საუბარია ცალკეულ პირებზე, რომლებიც არ მოქმედებენ ჯგუფურად და გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებენ, რაც სამართალდამცავების ეფექტურობას ამცირებს.

გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ამ ქვეყებში, ე.წ. „მარტოხელა მგლების“ გამოსავლენად აქტიური მუშაობა დაიწყეს.

ევროპული დაზრვერვისა და პოლიციის 10-ზე მეტი ოფიციალური პირი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებას სამართალდამცავი უწყებების რესურსებზე დიდი გავლენა ექნება, რადგან ეს სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობენ რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად.

ევროპელი სამართალდამცავები ამბობენ, რომ ინტერნეტსივრცეში გაზრდილია მუქარის შემცველი განცხადებების რაოდენობა და ანტისემიტური მოწოდებები. გასული თვის განმავლობაში, საფრანგეთსა და ბელგიაში, ორი ისლამისტი მებრძოლის თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შემდეგ ავსტრიამ, სლოვენიამ და ბოსნია-ჰერცოგოვინამ ტერორიზმის საფრთხის დონე გაზარდეს.

უსაფრთხოების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ე.წ. "მარტოხელა მგლების" გამოაშკარავება და საფრთხეების თავიდან არიდება გაცილებით რთულია, რადგან ისინი ინდივიდუალურად მოქმედებენ და „თვითრადიკალიზებულები“ არიან. მათ, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ კავშირი უფრო დიდ და ორგანიზებულ მებრძოლთა ჯგუფებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG