ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ისევ აყოვნებს


თურქეთმა ნატოს განუცხადა, რომ შვედეთის წევრობის რატიფიცირება ალიანსის შემდეგ შეხვედრამდე არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ მომავალ კვირას, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ქვეყნის გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია არ შედგება. აღნიშნული, ახალი ამბების სააგენტო „როიტერს“ ორმა წყარომ აცნობა.

გასულ კვირას, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შემდგომი მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე კენჭისყრა გადადო.

კომიტეტი, სავარაუდოდ, საკითხზე დებატებს სამშაბათს ან ოთხშაბათს განაახლებს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში, 28-29 ნოემბერს იკრიბებიან.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი გასული წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიტანეს.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორივე ქვეყანას წინაპირობები წაუყენა. თურქეთმა აპრილში მხარი დაუჭირა ფინეთის განაცხადს, მაგრამ შვედეთი ანკარას ნაბიჯს ჯერ ისევ ელოდება.

თურქეთმა შვედეთისგან მოითხოვა მეტი ნაბიჯების გადადგმა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ადგილობრივი წევრების დასაკავებლად, რომელსაც როგორც თურქეთი, ისე ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ.

ამის საპასუხოდ, სტოკჰოლმმა წარადგინა ანტიტერორისტული კანონპროექტი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას უკანონოს ხდის. ქვეყანა ასევე მოხსნის თურქეთისთვის იარაღის ექსპორტის შეზღუდვებს.

რატიფიკაციისთვის, კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს თურქეთის საგარეო საქმეთა კომისიამ, სანამ მას კენჭს პარლამენტი უყრის. ხოლო მოგვიანებით, მას ხელს პრეზიდენტი აწერს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრ უნგრეთს ასევე არ მოუხდენია შვედეთის წევრობის რატიფიცირება, თურქეთი განიხილება, როგორც სტოკჰოლმის გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG