ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა, ორშაბათს, შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის, პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა. აღნიშნულს მიესალმა სტოკჰოლმი. ეს ნაბიჯი გზას უხსნის მის ალიანსში გაწევრიანებას.

ერდოღანმა ნატოს მოკავშირეების კმაყოფილება გამოიწვია ივლისის სამიტზე, როცა დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას და პირობა დადო, რომ კანონმდებლობას პარლამენტს საშემოდგომო სესიის განახლებასთან ერთად გაუგზავნიდა. იქამდე, ანკარა ითხოვდა, სტოკჰოლმს ნაბიჯები გადაედგა, მისი თქმით, ქურთი „ტერორისტებისთვის“ თავშესაფრის მიცემის საკითხზე.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის სესია გაიხსნა, თურქმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სტოკჰოლმს უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრების წინააღმდეგ, სანამ ანკარა გაწევრიანების წინადადების რატიფიცირებას მოახდენდა. PKK-ს თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

„შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, 2023 წლის 23 ოქტომბერს და მიმართა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედია X-ის პლატფორმაზე. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, დამატებითი დეტალების შესახებ საუბარი არ არის.

შვედეთის პრემიერ მინისტრი, ულფ კრისტერსონი ამ ნაბიჯს მიესალმა და განაცხადა, რომ სტოკჰოლმი მოუთმენლად ელის, ნატოში გაწევრიანებას. ”ახლა პარლამენტმა უნდა განიხილოს საკითხი”, - თქვა კრისტერსონმა X-ზე.

რატიფიკაციის პროცესს განსაზღვრული ვადა არ აქვს. კანონპროექტი პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიის დღის წესრიგში დადგება, რომელმაც ის გენერალურ ასამბლეაში რატიფიკაციისთვის გაგზავნამდე უნდა მიიღოს.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააკეთეს. ფინეთი ალიანსში აპრილში გაწევრიანდა, ალიანსის ისტორიული გაფართოების შედეგად, მაგრამ შვედეთის წინადადება თურქეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს.

თურქეთი, რომელსაც ნატოში სიდიდით მეორე არმია ჰყავს, დიდი ხანია ითხოვს აშშ-ის კონგრესის თანხმობას, F-16 ტიპის თვითმფრინავების შესყიდვაზე. ერდოღანი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, მის მოთხოვნაზე აშშ-ის თანხმობას უკავშირებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG