ხუთშაბათს, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დაიბარა სამხედრო უწყების მეთაური, რათა იმსჯელონ საკითხზე, თუ შეიარაღებულ ძალებს პოლიციისთვის რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია. პოლიცია ცდილობს გაუმკლავდეს დამნაშავეობის უმაგალითო ტალღას, რომელმაც ქვეყანა შეძრა. შვედეთში თითქმის ყოველდღიურად სროლა და აფეთქებები ხდება.
კრიმინალთან ბრძოლაში სამხედროების ჩართვა შვედეთისთვის უაღრესად უჩვეულო ნაბიჯი იქნება და ეს ხაზს უსვამს ბანდების ძალადობის სიმწვავეს, რომელმაც ამ თვეში მთელ ქვეყანაში ათობით ადამიანის, მათ შორის მოზარდების და უდანაშაულო გამვლელების სიცოცხლე შეიწირა.
შვედეთი წლების განმავლობაში ბანდების ძალადობის მარწუხებში იყო, მაგრამ სექტემბერში სროლების და აფეთქებების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებული მოვლენა გახდა. ერთი ღამის განმავლობაში სხვადასხვა თავდასხმების დროს სამი ადამიანი მოკლეს. მკვლელობები სავარაუდოდ უკავშირდება დანაშაულებრივ ბანდებს, რომლებიც მკვლელობების ჩასადენად ხშირად იმიგრანტების უბნების მოზარდებს იყენებენ.
ერთ-ერთი მსხვერპლი, დაახლოებით 20 წლის ქალი იყო, რომელიც სტოკჰოლმის ჩრდილოეთით, უპსალაში აფეთქების შედეგად დაიღუპა. შვედური მედიის ცნობით, სავარაუდოდ ის თავდასხმის სამიზნე არ იყო.
მთავრობა და მემარცხენე ოპოზიცია ასეთი ვითარების გამო ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობამ ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახადა, პრემიერ-მინისტრი კრისტერსენი კი ბრალს წინა მთავრობის „უპასუხისმგებლო მიგრაციულ პოლიტიკას და ჩავარდნილ ინტეგრაციას“ სდებს.
შვედეთი დიდი ხნის განმავლობაში, გერმანიასთან ერთად, ევროპაში ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკით გამოირჩეოდა და ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ასობით ათასი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. მას შემდეგ შვედეთმა მიგრაციის დონე მკვეთრად შეზღუდა და მიზეზად მზარდი კრიმინალი და სხვა სოციალური პრობლემები დაასახელა.