თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ ტაეპ ერდოღანი ამბობს, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატოში რატიფიცირების პროცესს უერთგულებს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა შეასრულებს თავის დანაპირებს და ანკარას F-16 ტიპის ავიამოიერიშეებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტთან ინტერვიუზე დაყრდნობით, თურქული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებთან თავის თვითმფრინავში, ნახიჭევანიდან თურქეთისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა. ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ავიამოიერიშეების თემა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლიკენმა, გასულ კვირას, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოფნის დროს განიხილეს.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მოიერიშეების გადაცემას შვედეთის ნატოში გაწევრიანებას უკავშირებს.
"თუ ისინი შეასრულებენ პირობას, მაშინ ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს პირობას. თურქეთის პარლამენტი თავის საბოლოო სიტყვას იტყვის შევედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით",- თქვა ერდოღანმა.