შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობაიას ბილსტრომმა იმედი გამოთქვა, რომ ანკარა შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას ოქტომბერში მოახდენს - ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანთან, ივლისში გამართულ ალიანსის სამიტზე. თურქეთის პარლამენტის მუშაობის განახლება ოქტომბერში იგეგმება.
„შვედეთის მთავრობას ზაფხულის განმავლობაში არ მიუღია რაიმე სხვა შეტყობინება, გარდა იმისა, რომ დაპირებები, რომლებიც მაშინ დაიდო, ახლაც მოქმედებს ამ მიმართულებით და რომ ვილნიუსში გაკეთებული განცხადება კვლავ ძალაში რჩება“, - განუცხადა ჟურნალისტებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესიდან ჩასულ სტუმრებს უმასპინძლა.
შვედეთმა ფინეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი ალიანსს გასულ წელს წარუდგინა, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ფინეთი ნატოში მალევე მიიღეს. ალიანსის წევრთა უმეტესობამ შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობა მაშინვე განაცხადა და მათმა საკანონმდებლო ორგანოებმა ამ გადაწყვეტილებების რატიფიკაციაც დაასრულა. თუმცა, თურქეთი დღემდე აფერხებს მის ნატოში მიღებას. ანკარა მიზეზად უსაფრთხოების თაობაზე არსებულ წუხილს ასახელებს და ამბობს, რომ სტოკჰოლმი იმ ორგანიზაციის წევრებს ეხმარება, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნებს.
ალიანსის წევრთა მხრიდან რამდენიმეთვიანი ზეწოლისა და მოლაპარაკებების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საზაფხულო შესვენების შემდეგ, ოქტომბერში გამართულ სხდომაზე, პარალამენტი შვედეთის ნატოში მიღებას ხმას მისცემს. თუმცა, ამის გარანტია საბოლოო კენჭისყრამდე შვედეთს ჯერ მაინც არ აქვს.
Facebook Forum