ამ კვირაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დათანხმდა ნატოში შვედეთის განაცხადის დამტკიცების პროცესი პარლამენტს წარუდგინოს.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ ოქტომბრამდე არ უყრის კენჭს. ამის შესახებ მან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლები საზაფხულო შესვენებიდან უნდა დაბრუნდნენ.
აღსანიშნავის ისიც, რომ ამ მოლაპარაკებებისას, თურქეთის პრეზიდენტმა პირველად განაცხადა, რომ ევროკავშირმა ანკარას ბლოკში გაწევრიანებისთვის გზა უნდა გაუხსნას იქამდე, სანამ თურქეთის პარლამენტი ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს დაამტკიცებს.
ანკარის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა, წლების განმავლობაში გაყინულია. ანკარამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადისას.
შვედეთმა და ფინეთმა კი ნატოში გაწევრიანების სურვილი გასულ წელს გამოთქვეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხელმეორედ შეიჭრა. ამ ნაბიჯით ორმა ქვეყანამ ნეიტრალიტეტის ტრადიციაზე უარი თქვა. ანკარამ ფინეთის განაცხადი აპრილში დაამტკიცა. თუმცა თურქეთი აგრძელებდა შვედეთის აპლიკაციის დაბლოკვას.
ფატი ჯეილანი, რომელიც თურქეთის ყოფილი ელჩია ნატოში (2013-2018), აცხადებს, რომ ერდოღანის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი მოვლენაა თურქეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის და რომ ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობის საჯარო განხილვა თურქეთში გაგრძელდება. იგი ფიქრობს, რომ შეთანხმების მიუღწევლობა თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს დაძაბავდა, ეს კი არაფრით წაადგებოდა თურქეთის მდგომარეობას, რომლის ეკონომიკა და სავაჭრო კავშირები ევროპასთანაა გადაბმული. შესაბამისად, ამ ნაბიჯის გადადგმა და ის, რომ ამით სხვა სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება მოხდა, ნატოში ყოფილ ელჩს გამართლებულად მიაჩნია.
რაც შეეხება თურქეთის ურთიერთობების განახლებას ევროკავშირთან, ამ კონტექსტში ყოფილი ელჩი ამბობს, რომ აუცილებელია შვედეთს და ფინეთს თხოვონ, რომ მან მხარი დაუჭიროს თურქეთის მაქსიმალურ ჩართულობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკაში. ყოფილი ელჩის თქმით, ეს დამატებით ბერკეტებს და გარანტიას მიანიჭებს თურქეთს წევრების მიერ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.
უმიტ პამირი თურქეთის კიდევ ერთი ყოფილი ელჩია გაეროსა და ნატოში (2004-2007), რომელიც მწუხარებას გამოთქვამს თურქეთის დღევანდელი იმიჯის შესახებ მსოფლიოში და ამბობს, რომ კანონის უზენაესობის არარსებობის და უფლებების დაუცველობის პირობებში, თურქეთი ამ ქვეყნების ნატოში წევრობაზე ევროკავშირით არ უნდა ევაჭროს პარტნიორებს, არამედ ანკარამ მთავარ ღირებულებებზე მოახდინოს კონცენტრაცია ევროკავშირთან ურთიერთობისას და შეინარჩუნოს დემოკრატიის სეკულარული მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე კონცენტრირდება. მისი აზრით, ამ ნაბიჯების გადადგმის გარეშე ევროკავშირში წევრობა ვერ მოხდება.
ჩეჰიტ არმაგან დილეკი კი, რომელიც უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს თურქი ანალიტიკოსია, მიიჩნევს, რომ შვედეთის დაბლოკვის არგუმენტი თურქეთის მიერ არ იყო მდგრადი და მოლოდინი იყო, რომ ის შეიცვლებოდა. მისი თქმით დასავლეთმა ერდოღანის მთავრობა მოლაპარაკებებისას გამოსცადა და დაიყოლია. ექსპერტი ვარაუდობს რომ ამ შეთანხმებას თურქეთი შიგნით მოგებად გაასაღებს და საკმარისი გარანტიების მიღების სანაცვლოდ, მისაღებ პირობებზე თანხმობას გამოაცხადებს ევროკავშირში წევრობის გზაზე.
ინტერვიუები ანალიტიკოსებთან "ამერიკის ხმის" თურქულმა რედაქციამ ჩაწერა.
Facebook Forum