ღაზაში, "ჰამასის" წინააღმდეგ ისრაელის ომი გრძელდება. სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების დაშვებასა და დროებით ცეცხლის შეწყეტას გულისხმობს, ჯერ არ ამოქმედებულა.
მას შემდეგ, რაც ყატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების პირობები გასაჯაროვდა, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული დრო ჯერ არ დასახელებულა. ისრაელი აცხადებს, რომ ეს სულ მცირე პარასკევამდე არ დაიწყება.
ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი ისევ კვამლშია გახვეული. სექტორის კედლის გასწვრივ ცეცხლსასროლი იარაღისა და აფეთქებების ხმა ისმის. ასობით ათასმა მოქალაქემ კი სამხრეთით, რაფაჰის გამშვები პუნქტის სიახლოვეს შეაფარა თავი. ისრაელის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ გასული დღის განმავლობაში 300 საჰაერო იერიში განახორციელა.
ეროვნული უშიშროების საკითხებში ისრაელის პრემიერის მრჩეველმა, ტზაჩი ჰანეგბიმ ღამით განაცხადა, რომ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და მათი გათავისუფლება თავდაპირველი შეთანხმებით მოხდება, მაგრამ "არაუადრეს პარასკევისა".
7-კვირიანი ომის განმავლობაში პირველი პაუზის დროს, "ჰამასმა" 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლებიდან 50 ქალი და ბავშვი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელის ციხიდან კი, ამის სანავლოდ, 150 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებენ.
ისრაელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს შეთანხმება, შესაძლოა, 4 დღეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, თუკი ისლამისტი მებრძოლები დღეში, სულ მცირე, 10 მძევალს გაათავისუფლებენ. პალესტინელთა მხარეს კი ჟურნალისტებს წყაროები ეუბნებიან, რომ შესაძლოა, გათავისუფლების მეორე ტალღის ფარგლებში, თვის ბოლომდე 100 მძევალიც კი გაათავისუფლონ.
ორივე მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს განაახლებენ. "ჩვენ არ ვასრულებთ ომს. ჩვენ მას ვაგრძელებთ გამარჯვებამდე" , - ამბობს ისრაელის გენერალური შტაბის გენერალ-ლეიტენანტი, ჰერზი ჰალევი, ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ის სამხედრო მეთაურებს მიმართავს.
ისრაელმა "ჰამასს" ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს ქვეყნის სამხრეთში "ჰამასის" მებრძოლები შეიჭრნენ და 1 200-მდე ადამიანი დახოცეს, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. მძევლად კი დაახლოებით 240 ადამიანი დაიწყვანეს. ისრაელის მიერ საჰაერო და სახმელეთო იერიშების დაწყების შემდეგ კი, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება ამბობს, რომ 14 000-ზე მეტი ღაზელი დაიღუპა. მათგან 40 % კი - ბავშვი.
ათობით ქვეყანაში, მთ შორის 1997 წლიდან აშშ-ს, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციათ აქვს გამოცხადებული.