ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში საქართველოს რეიტინგი გაუარესდა


"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში
"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში

„მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში გაარღმავა დაპირისპირება ავტოკრატიებსა და დემოკრატიებს შორის რეგიონში, ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე“, - წერია „ფრიდომ ჰაუსის“ ყოველწლიურ "გარდამავალი ქვეყნების" ანგარიშში, რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას სწავლობს.

„ვლადიმერ პუტინის სასტიკმა, არაპროვოცირებულმა დამპყრობლურმა ომმა უკრაინაში სერიოზულად საფრთხე შეუქმნა დემოკრატიზაციის მცდელობებს და გააფართოვა პოლიტიკური ბზარები ამ რეგიონში“, - თქვა მაიკლ აბრამოვიცმა, „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტმა. „ევროპასა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიული პარტნიორებისთვის ახლა ვიდრე ოდესმე, უფრო კრიტიკულია გააორმაგონ სოლიდარობა და მხარდაჭერა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე სიმამაცე აჩვენეს, მაგრამ მათმა მსხვერპლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს“, - ციტირებს მას ორგანიზაცია ანგარიშის შემაჯამებელ პრესრელიზში.

„გარდამავალი ქვეყნების“ ანგარიში დემოკრატიის მდგომარეობას 29 ქვეყანაში მიმოიხილავს. რვა ქვეყნიდან, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი, ექვსში დემოკრატიის ისედაც სავალალო ხარისხი, რამდენიმე ქულით კვლავ გაუარესდა. ეს ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს კლება განსხვავებული აზრის ჩახშობას უკავშირდება.

"ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, ზედიზედ მე-19 წელია, დემოკრატია გარდამავალ ქვეყნებში უკუსვლას განიცდის. ანგარიშში 29 ქვეყნიდან 11-ში დემოკრატიის ქულები შემცირდა, ხოლო შვიდ ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდა. თუმცა, ორგანიზაცია ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივისტები და დემოკრატიული ლიდერები აგრძელებენ ბრძოლას რეგიონში უკეთესი მმართველობისთვის.

ყველაზე დიდი უკუსვლა რუსეთმა და უნგრეთმა განიცადეს. რუსეთში ამის მიზეზი, ომის ფონზე განსხვავებული აზრის ჩახშობა და რეპრესიებია. უნგრეთის შემთხვევაში ეს დარღვევების ფონზე ჩავლილმა საპარლამენტო არჩევნებმა განაპირობა.

ორგანიზაციის თქმით, ომის ფონზე დემოკრატიული ინსტიტუტები უკრაინაში ზეწოლის ქვეშაა, თუმცა მთავრობას არ უცდია სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა. ამასთან, სამოქალაქო სექტორი აგრძელებს მთავრობის კონტროლს.

„ავტორიტარულ აგრესიაზე უკრაინის გამარჯვება უფრო მეტს შედეგს მიაღწევს დემოკრატიისთვის ამ რეგიონში, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკა“, - ამბობს მაიკლ სმელცერი, ანგარიშის ავტორი. „ყველაზე დახურულ ავტოკრატიებშიც კი, მოქალაქეები ცდილობენ დაიბრუნონ ძირითადი თავისუფლებები“, - ამბობს ის ანგარიშის შემაჯამებელ განცხადებაში.

ანგარიშის ნაწილი საქართველოზე

"ფრიდომ ჰაუსი" აცხადებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების, სომხეთის და უკრაინისგან განსხვავებით საქართველო წინ არ მიდის.

„ქვეყანაში ტოქსიკურმა პოლიტიკურმა პოლარიზაციამ - პრობლემამ, რომელიც აღნიშნულია, „ძირითად პრიორიტეტად“ ევროკავშირის ანგარიშში კანდიდატის სტატუსის საკითხზე - შეაღწია ყველა საჯარო დაწესებულებაში. მედია ეკოსისტემა მრავალფეროვანია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიზირებულია​ და მედია საშუალებები არიან მიკერძოებული მმართველი პარტიის ან ოპოზიციის სასარგებლოდ", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე საუბრობს "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის" კანონის ინიცირების საკითხზე.

"2023 წლის დასაწყისში მთავრობა „უცხოური აგენტების“ შესახებ, რუსული სტილის კანონის, ინიციატივით გამოვიდა. კანონის მიზანი იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების იძულება იყო დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ამ ნაბიჯმა გამოიწვია ბრაზიანი პროტესტი და პოლიციის ძალადობა იქამდე, სანამ კანონმდებლობა უკან იქნა წაღებული“, - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს რეგიონში მთავრობების მცდელობაზე, მოახდინონ ამომრჩევლის მანიპულირება, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაში.

„საქართველოს, სერბეთისა და უნგრეთის მმართველი პარტიები ცდილობდნენ თავიანთი ამომრჩევლების მანიპულირებას, ძირს უთხრიან კონსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის პრინციპს და მავალენ თავიანთ ფუნდამენტურად ანტიდემოკრატიული მისწრაფებებს, კონსტიტუციური და სამართლებრივი პროცედურების ფორმალობის მიღმა“, - წერს ორგანიზაცია.

საქართველოს ქულა, რომელიც ჩამონათვალში „ჰიბრიდულ რეჟიმადაა“ კლასიფიცირებული, წელს შემცირდა და მან 3,04 შეადგინა. გასულ წელს საქართველოს ქულა 3,07 იყო. ორგანიზაციის თქმით, ქულის შემცირება მედია გარემოს გაუარესებას უკავშირდება. ორგანიზაცია ქვეყნებს 1 დან 7 ქულამდე შკალაზე აფასებს, სადაც 1 უდრის მაღალ ავტორიტარიზმს, 7 კი დემოკრატიას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG