ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობისვის.
„დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის კუთხით. ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს სამომავლო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. “ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება 12 რეკომენდაციას ახორციელებს" - თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით განხორციებულ საკანონდებლო ცვლილებებზე. ასევე, მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და თქვა, რომ „ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტებით“.
საქართველოს პრემიერის განცხადებით, საქართველო რეგიონში სამაგალითო დემოკრაატიაა.
ევროპის საბჭოს სამიტს16-17 მაისს, რეიკიავიკი მასპინძლობს.